ორსულობის 39-ე კვირა

შენი პირმშო მოუთმენლად ელის ახალ სამყაროსთან შეხვედრის მომენტს. ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირასაც ინტენსიურად განაგრძობს კანქვეშა ცხიმის დაგროვებას. როდესაც დაიბადება, სწორედ ცხიმის ფენა უნდა დაეხმაროს თერმორეგულაციაში. იგი ამჟამად 3,2 კილოგრამს იწონის. სიგრძეში კი 48 სანტიმეტრია.

ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირას მისი ჩამოყალიბების პროცესი პრაქტიკულად მთლიანად დასრულებულია. ფუნქციური სისტემები გაძლიერებულ რეჟიმში ემზადებიან საშვილოსნოს გარეთ ცხოვრების ადაპტაციისთვის. ზოგი ორგანო და სისტემა უკვე ასრულებს თავის სპეციფიკურ ფუნქციებს. სრულ მზადყოფნაშია საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, ჩამოყალიბებულია ნაწლავები და სუსტად, მაგრამ მაინც ასრულებს პერისტალტურ მოძრაობებს. უკვე ფუნქციონირებს კუჭის ჯირკვლები; კუჭქვეშა ჯირკვლის სტრუქტურები ფორმირებულია და მზადაა, საჭმლის მომნელებელ პროცესში ჩაერთოს. საჭმლის მომნელებელი სისტემის შიდა ნაწილი აბსოლუტურად სტერილურია. >>>>

აქ ბაქტერიები მხოლოდ მას შემდეგ დასახლდებიან, როცა ბავშვი დედის რძეს მიიღებს. ამ ყოველივეს სპარალელურად, აქტიურად ყალიბდება წოვითი აპარატიც. პირის ღრუს ლორწოვანი გარსი უკვე მდიდარია სისხლძარღვებით და ამდენად, წითელი შეფერილობა გააჩნია. როდესაც ბავშვი დაიბადება და სრულებით განსხვავებული ტიპის კვებაზე (ვგულისმობთ ძუძუთი კვებას) გადავა, საკვების გადამუშავების პროცესი უკვე პირიდან დაიწყება. ღეჭვის კუნთები და სანერწყვე ჯირკვლები, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით სუსტად აქვს განვითარებული. მაგრამ როგორც კი ბავშვი წოვას დაიწყებს, ღეჭვის აპარატის კუნთების გამაგრება სწრაფი ტემპით წარიმართება. სანერწყვე ჯირკვლები დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ამოქმედდება. სხვათა შორის, ახალშობილებს გააჩნიათ სპეციალური მოწყობილობა, რაც წოვას უადვილებს – ეს არის ყბებისა და ტუჩების ლორწოვან გარსზე განლაგებული მცირე ზომის ბალიშები.

რას წარმოადგენს ეპიდურალური ანესთეზია

ეს არის გაუმტკივარების მეთოდი, რომელიც ამცირებს საშვილოსნოს შეკუმშვითა და ბავშვის დაბადებით გამოწვეულ ტკივილს. ზურგის ტვინის მყარ გარსსა და მალებს შორის (ამას ეპიდურალური სივრცე ეწოდება) ნემსის მეშვეობით (რომლითაც პუნქციას ახორციელებენ) ათავსებენ სპეციალურ კათეტერს, რომლის საშუალებითაც შეჰყავთ ნივთიერება – ადგილობრივი ანესთეზიისთვის. ამგვარი ანესთეზიის ჩატარების უფლება მხოლოდ ექიმ-ანესთეზიოლოგს აქვს. გაუტკივარების ნივთიერებას სისტემატურად ან გარკვეული ინტერვალებით აწვდიან ორგანიზმს.

ეპიდურალური ანუ სპინალური ანესთეზია მშობიარეს სრულებით უყუჩებს ტკივილებს. თუმცა, ამ მეთოდს თავისი სუსტი მხარეებიც გააჩნია: შესაძლოა, ამ მეთოდის გამოყენებისას დედის ორგანიზმში წნევა დაეცეს, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ბავშვისთვის მიწოდებული სისხლის ნაკადის ინტენსივობაზე. იმისთვის, რომ ამ სიტუაციაში თავიდან აიცილონ ჰიპოტონია, ვენაში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები. მოცემული მეთოდის გამოყენება ერთგვარ რისკს უქმნის დედის აქტივობას მშობიარობის პროცესში.

ანესთეზიის სხვა სახეები

მშობიარობის გაუტკივარების კიდევ ერთი საშუალებაა პუდანდელური ანესთეზია (ეს გულისხმობს სასქესო ნერვის გამტარ ანესთეზიას). საჯდომ-სწორ ნაწლავის ფოსოში შეჰყავთ გრძელი ნემსი, რომლიდანაც ნოვოკაინის ხსნარს შეუშვებენ. ეს მეთოდი ტკივილებს ამცირებს სამშობიარო არხში, თუმცა მშობიარე მაინც გრძნობს საშვილოსნოს შეკუმშვას და ამის შედეგად გამოწვეულ ტკივილს.

ზოგჯერ პარაცერვიკალურ ანესთეზიასაც იყენებენ. იგი ამცირებს საშვილოსნოს ყელის გახსნისგან გამოწვეულ ტკივილს. თუმცა, ამით შეტევებით გამოწვეული ტკივილი მაინც არ მცირდება. ანესთეზიის ეს მეთოდი გარკვეულ რისკსაც შეიცავს, რადგან შესაძლოა მან წარმოშვას ფეტალური ბრადიკარდია – ბავშვის გულისცემის შესუსტება. ასეთ შემთხვევაში დედის ვენაში შეჰყავთ ჰიპოტონიის საწინააღმდეგო პრეპარატები.

სპინალურ ანესთეზიას საკეისრო კვეთისას იყენებენ; თუმცა, ამგვარ შემთხვევაში ყველაზე მეტად ეპიდურალურ ანესთეზიას მიმართავენ: კერძოდ, კათეტერს ტოვებენ ორგანიზმში და სისტემატურად, ან გარკვეული ინტერვალებით შეჰყავთ საანესთეზიო ნივთიერება. თუმცა, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი სრულყოფილად არ ითვლება.

ანესთეზიის გამოყენებისას მოსალოდნელი გართულებები: ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ის პრობლემები, რომელთაც ანესთეზია ქმნის. ამას გარდა, ადგილი აქვს სხვა სირთულეებსაც: მაგალითად, ნარკოტიკული ანუ, მოცემულ შემთხვევაში, გამაყუჩებელი საშუალება დიმეროლის გამოყენება ბავშვზე ძლიერ დამამშვიდებელ ზეგავლენას ახდენს. ეს ამცირებს აპგარის შკალის მიხედვით ჩატარებული შეფასების შედეგებს, რადგან ახალშობილს სუნთქვა უძნელდება.

გარდა ამისა, თუ ქალმა ე.წ. საერთო ნარკოზის ქვეშ იმშობიარა, შესაძლოა, ახალშობილს აღენიშნებოდეს კუნთების ტონუსის დაქვეითება, შენელებული ან არარიტმული სუნთქვა, გულისცემის დაბალი სიხშირე. ანესთეზიის ამგვარ მეთოდს ბოლო დროს იშვიათად, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ, კერძოდ – საკეისრო კვეთის დროს ან მაშინ, როდესაც სპინალური ანესთეზია არ მოქმედებს.

ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირას საშვილოსნო ბოქვენის ძვლიდან 36-40 სანტიმეტრით, ჭიპიდან კი 16-20 სანტიმეტრით მაღლა არის აწეული. თუ თავი მოგაბეზრა წონაში მატების პროცესმა, ამჯერად შეგიძლია მშვიდად ამოისუნთქო – მშობიარობამდე აღარ მოიმატებ. ისე, რომ იცოდე, ორსულობის 39-ე (ოცდამეცხრამეტე) კვირის განმავლობაში შენი წონა 11,4-დან 15,9 კილოგრამამდე გაიზარდა.

მომზადებულია  http://www.pregnancycalendar.ru/kalendar/-ის მიხედვით

___________________________________

1. ორსულობის კვირეები:  1-2 10 11 12 13 14 15  16  17 18  19  20 ,21 22,
23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41
2. ორსულობა და მშობიარობა
იხ.   ,,რა სჭირდება ორსულს?”
.