აშერმანის სინდრომი

 აშერმანის სინდრომი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

აშერმანის სინდრომი (j. G Asherman თანამედროვე გინეკოლოგი, სინონიმი: საშვილოსნოსშიდა სინექიები, ტრავმული ამენორეა) – მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოსშიდა სინექიებით (შეხორცებები).

საშვილოსნოსშიდა სინექიები წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვანის ტრავმატიზაციის შედეგად, რაც ყველაზე ხშირად აღინიშნება ორსულობის ხელოვნური ინსტრუმენტული შეწყვეტის, მშობიარობისშემდგომი საშვილოსნოს გამოფხეკის დროს;  უფრო იშვიათად –  არაორსული საშვილოსნოს გამოფხეკისას, საშვილოსნოსშიდა სისხლდენებისა და ენდომეტრიუმის პოლიპების გამო.

 შეხორცებები საშვილოსნოს წინა და უკანა კედელს შორის იწვევს დეფორმაციას, ხშირად საშვილოსნოს ღრუს ობლიტერაციას.  ენდომეტრიუმი განიცდის ატროფიულ ცვლილებებს. ვითარდება მეორადი ამენორეა და უნაყოფობა. ამ სიმპტომების გამოვლენა იმ ქალებში, რომლებმაც გადაიტანეს ინსტრუმენტული ჩარევა საშვილოსნოს ღრუში, გვაძლევს აშერმანის სინდრომის არსებობის ვარაუდის საფუძველს.

დამახასიათებელია ესტროგენისა და პროგესტერონის უარყოფითი სინჯი: მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენის არარსებობა ესტროგენის დანიშვნისას 4-5 დღის განმავლობაში (მაგალითად, ეთილესტრადიოლი (მიკროფოლინი) 0,05 მგ 2-ჯერ დღეში სუბლინგვურად) და პროგესტერონის შემდგომი შეყვანისას  6 დღის განმავლობაში (1 მლ 1% ხსნარი ყოველდღიურად კუნთში).

აშერმანის სინდრომის დიაგნოზს ადასტურებს ჰისტეროსკოპიის და (ან) ჰისტეროგრაფიის მონაცემებიც: საშვილოსნოსშიდა სინექიების, საშვილოსნოს ღრუს ობლიტერაციისა და დეფორმაციის გამოვლენა.

აშერმანის სინდრომი – პროგნოზი. მენსტრუალური ციკლისა და რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენის მხრივ, პროგნოზი კეთილსაიმედოა. ორსულობის დადგომისას მაღალია თვითნებური აბორტის, არაპროგრესირებადი ორსულობისა და პლაცენტის მჭიდრო მიმაგრების  განვითარების რისკი. პროფილაქტიკა: საშვილოსნოს ღრუში ინსტრუმენტული ჩარევების შეზღუდვა  და ამ პროცედურების ფრთხილად განხორციელება (განსაკუთრების ორსულებში და ორსულობის შემდგომ) და ენდომეტრიუმის პოლიპების მოცილება მხოლოდ ჰისტეროსკოპიის კონტროლის ქვეშ.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გინეკოლოგიური დაავადებები