შავი ზღვა საქართველოს ფარგლებში

წყალი

დასავლეთიდან საქართველოს აკრავს შავი ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძე საქართველოს ფარგლებში 330 კმ-ია.

მდინარე ფსოუს შესართავიდან ქ. ოჩამჩირემდე სანაპირო მიმართულია ზოგადად სამხრეთ-აღმოსავლეთით, ოჩამჩირიდან ქობულეთამდე – სამხრეთით, ქობულეთიდან სახელმწიფო საზღვრამდე – სამხრეთ-დასავლეთით. სანაპირო ხაზი არ არის დანაწევრებული, თითქმის სწორხაზოვანია, მხოლოდ ბიჭვინთის, სოხუმისა და კოდორის კონცხები იჭრებიან რამდენადმე ზღვაში და წარმოქმნიან ზღვისაკენ ფართოდ გაშლილ უბეებს.

სანაპირო ზოლი ნაპირის ხასიათის მიხედვით 3 მონაკვეთად იყოფა. მდინარე ფსოუს შესართავიდან სოხუმამდე ნაპირი ფლატიანი, მთიანი, ბორცვიანი და მეწყერიანია.

არის დაბალი კონცხებიც. სოხუმიდან ქობულეთამდე ნარიყია, დაბალი და დანაოჭებული, ქობულეთსა და სახელმწიფო საზღვარს შორის ნაპირი ალაგ-ალაგ ფლატიანია, მაგრამ მეტწილად ნარიყი და დაბალი. შავი ზღვის ძირი წარმოადგენს ღრმა ქვაბულს ციცაბო კალთებით, თითქმის ბრტყელი ფსკერით და ძალიან სუსტად გამოხატული კონტინენტური მეჩეჩით. საქართველოს სანაპიროსთან კონტინენტური მეჩეჩი განსაზღვრულია საშუალოდ 200 მეტრიანი იზობათით, ძალიან ვიწროა (მეტწილად 2-4 მილი), ალაგ-ალაგ (ბათუმის კონცხთან, ქობულეთთან) თითქმის მთლიანად ქრება, მხოლოდ გუდაუთასა და ოჩამჩირესთან განივრდება მნიშვნელოვნად (10-15 მილამდე). კონტინენტური ფერდობი (რომელიც 200 მ სიღრმეზე იწყება) უფრო დამრეცი ხდება 1000-1500 მეტრზე.

ქვემოთ შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში ერთვის მდინარეები რიონი, ბზიფი, კოდორი, ენგური, ჭოროხი და სხვა მრავალი პატარა მდინარე. საქართველოს ტერიტორიიდან წელიწადში ზღვაში ჩაედინება 50 კმ3-მდე წყალი (მთელი კონტინენტური ჩამონადენის 16%).

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ზამთარი რბილი და თბილია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-7OC, ივლისისა – 22-23OC. ნალექები უხვადაა წლის ყველა დროს. განსაკუთრებით წვიმიანია კოლხეთის სამხრეთი ნაწილი, სადაც წელიწადში 2500 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის. ჩრდილოეთით ნალექები კლებულობს 1650 მმ-დან (ცენტრალურ ნაწილში) 1400 მმ-მდე (ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში).
ატმოსფეროს ზოგადი ციკლონური ცირკულაცია და კონტინენტური ჩამონადენი განსაზღვრავს ზღვის ზედაპირზე წყლის ციკლონურ წრებრუნვას საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაპირის გასწვრივ. ნაპირიდან 2-5 მილზე წრის დიამეტრი 25-35 მილია. საქართველოს ნაპირებთან არის დინებათა სანაპირო წრებრუნვის ზონა. დინებები აქ ძლიერ განიცდიან ადგილობრივი ქარების ზეგავლენას. ტალღების დიდი გაქანებისა და საქართველოს ნაპირების თავისებურებების გამო ტალღების ელემენტები აქ უდიდეს მნიშვნელობას აღწევენ. ყველაზე ხშირია 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები, მაგრამ ტალღების მაქსიმალური სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს. ფლატიან ნაპირებთან ან სანაპიროს დამცველ კედლებთან ტალღათა სიმაღლე განსაკუთრებული შტორმების დროს 10 მეტრს აღწევს, ხოლო ნაშხეფების სიმაღლე – 20-30 მეტრს. საქართველოს სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილზე, სადაც განლაგებულია მრავალი კურორტი, ზღვა რეცხავს ნაპირს და აფუჭებს პლაჟს. დიდი გამოკვლევები ტარდება გადარეცხვის მიზეზის გამოსავლინებლად და აღსაკვეთად. წლის განმავლობაში საქართველოს ნაპირებთან ზღვის დონე სეზონურ რყევას განიცდის. მაქსიმალური დონე ივლისშია, მინიმალური – ოქტომბერში. დონეთა რყევის ამპლიტუდა (20 სმ) გაპირობებულია ჩამონადენის, ნალექებისა და აორთქლების ცვლილებით. დონეთა რყევა მოქცევა-მიქცევის დროს არ აღემატება 10 სმ-ს, ხოლო სეიშების დროს – 15 სმ. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყველაზე უფრო თბილია. ზამთრობით წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა იცვლება 8-10OC-ის ფარგლებში, გაზაფხულის ბოლოსათვის იგი შეადგენს 15-16OC-ს, ივლის-სექტემბერში – 23-26OC-ს, მაქსიმალური ტემპერატურა 27-28OC-ს აღწევს.

წყლის ზედაპირული ფენის მარილიანობის საშუალო სიდიდე ღია ზღვაში ირყევა 17.80/00 -დან (გაზაფხულზე) 18.30/00-მდე (ზამთრობით). ზედაპირიდან 200 მ სიღრმემდე მარილიანობა იზრდება 210/00-მდე. საქართველოს მდინარეები მნიშვნელოვნად ამტკნარებენ წყლის ზედაპირულ ფენას ნაპირთან, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, მაგრამ გამტკნარება, ჩვეულებრივ, არ ვრცელდება ნაპირიდან 2-4 მილს იქით. მხოლოდ მდინარეებში დიდი წყალმოვარდნების დროს მოიცავს შედარებით დიდ სივრცეს, მარილიანობა კი ხანმოკლე დროის განმავლობაში მცირდება, ისიც 12-80/00-მდე. საქართველოს სანაპიროზე დიდი ნავსადგურებია ბათუმი, ფოთი, სოხუმი; ნაკლებად მნიშვნელოვანია ოჩამჩირე და გაგრა. ბათუმიდან გააქვთ ნავთობი, ფოთიდან – მანგანუმი. შემოაქვთ ქვანახშირი, რკინის მადანი, სასუქები, ხორბალი. კურორტები განლაგებულია საქართველოს თითქმის მთელ სანაპიროზე (გაგრა, ბიჭვინთა, ქობულეთი და სხვ.).
საქართველოს სანაპიროსთან იქთიოფაუნა შედგება თითქმის მხოლოდ შავი ზღვის თევზებისაგან, რომლებიც აქ მუდმივად ბინადრობენ და გამოსაზამთრებლად მოდიან.(ქსე.1991 წ.)

__________________________________

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..