ბრომოდერმა

ბრომოდერმაწამლისმიერი დერმატოზია (ტოქსიდერმია), რომელიც ვითარდება ბრომის შემცველი პრეპარატების მიღებისას, თუმცა საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

პინიმ (1895) აღწერა მძმიმე, ბორცვისებური გამონაყარი, რომელიც გამოწვეული იყო ბრომის გამოყენებით და მას უწოდა ბრომოდერმა. პირველი რუსული შრომა ბრომოდერმიის შესახებ ეკუთვნის ს.ფ. პროსკურიაკოვას (1910).

ბრომოდერმა – ეტიოლოგია და პათოგენეზი:

არსებობს განსხვავებული თეორიები, რომელიც ხსნის ბრომული დერმატოზის განვითარების მიზეზებსა და მექანიზმს. მრავალი დერმატოლოგის აზრით, მთავარ მიზეზად უნდა განვიხილოთ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა წამლის ნივთიერებაზე. 1935 წელს პ.ნ. კრაპივნიცევმა გამოთქვა მოსაზრება ბრომოდერმიისა და იოდოდერმიის შესახებ, როგორც ორგანიზმის თავისებური ალერგიული რეაქცია. ბრომოდერმა უმეტესწილად ვითარდება ბრომის მარილების დიდი დოზებით მიღებისას, განსაკუთრებით კალიუმის ბრომიდის დროს, რადგანაც ხდება მისი კუმულაცია.

პარიშმა და პოლინმა (1974) აღწერეს 38 წლის ქალი, რომელსაც 6 თვის ორსულობის ვადაზე ორივე მუხლის კანზე  გამოუვლინდა ვეზიკულური ელემენტები მოგვიანებითი პუსტულიზაციითა და ნეკროტიზაციით. ანამნეზის საგულდაგულო შესწავლისას აღმოჩნდა, რომ სამი თვის განმავლობაში პაციენტი იღებდა პრეპარატ ნერვინს, რომელიც შეიცავს ბრომამონიუმს. შრატში ბრომიდის რაოდენობა აღმოჩნდა 86 მგ%. თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ბრომის იონები ადვილად გადიან პლაცენტარულ ბარიერს, მაშინ შესაძლებელია ორსულებში ნაყოფის ბრომით მოწამვლა.

ბრომოდერმა – კლინიკა:

ბრომის შემცველი პრეპარატების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები კანისმხრივი გამონაყარის სხვადასხვა ვარიანტებით: ერითემატოზული, ურტიკარიული, პაპულო-პუსტულოზური, ვეზიკულური, ბულოზური, პაპილომატოზური, აკნეფორმული და სხვ. უმრავლეს შემთხვევებში ვხვდებით წემოთ აღნიშნული დაზიანებების კომბინაციები, თუმცა მიღებულია გამოვყოთ სამი ტიპის ბრომოდერმა:

1. გენერალიზებული გამონაყარი;
2. ბრომული აკნე;
3. ტუბეროზული (კვანძოვანი) ბრომოდერმა.

გენერალიზებული გამონაყარი უხშირესად აღენიშნებათ ბავშვებს. გამონაყარს აქვს ლაქოვანი სახე, რომელიც სწრაფად ლაგდება. იშვიათად ვხვდებით ბუშტუკებსა და ბუშტებს (უმეტესწილად ბრომისა და იოდის ერთდროული მიღებისას).

ბრომული აკნე ბრომოდერმის ყველაზე ხშირი და ტიპური ფორმაა, რომელიც გამოვლინდება ფოლიკულური პუსტულების სახით, ზომით არის ქინძისთავის ან ოსპისხელა, მოვარდისფრო-იასამნისფერი ფერის კვანძები, რომელიც მიმოფანტულია სახის კანის ზედაპირზე, ზურგსა და კიდურებზე. ზოგჯერ პუსტულები და კავნძები შემოსაზღვრულია მკვეთრი წითელი ფერის ანთებადი შეშუპებული აშიით. შეხორცების შემდეგ შესაძლოა დარჩეს მუქი იისფერი ზედაპირული ნაწიბურები.

ტუბეროზული, ვეგეტატიური ბრომოდერმა შესაძლოა გამოწვეული იყოს ბრომის სხვადასხვა სახის პრეპარატებით, რომელსაც პაციენტი იღებს ხანგრძლივად და დიდი დოზებით. ძირითადად ავადდებიან ახლგაზრდა ასაკის ქალები. გამონაყარი ერთდროულად ვითარედება რამოდენიმე ადგილას, პირველ რიგში კი ქვედა კიდურებზე, შედარებით იშვიათად  – ზემო კიდურებზე და კიდევ უფრო იშვიათად – სახეზე. წვივებსა და თეძოებზე, როგორც წესი, ადგილი აქვს მცირე რაოდენობით შემოსაზღვრული კვანძოვანი და შეშუპებული მოიისფრო-წითელი ბალთების არსებობას, რომელიც კანის ზედაპირიდან წამოწეულია 0.5-1.5 სმ-ით. კვანძების ზომები მერყეობს მუხუდოს მარცვლიდან მტრედის კვერცხის ზომამდე, ზემოდან დაფარულია სისხლიან-ჩირქოვანი გამონადენით, რომელიც საკმაოდ მჭიდროდაა მიკრული ქერქთან. ქერქის მოცილების შემდეგ ვითარდება დაწყლულებული, ბორცვიანი ზედაპირი, რომელზეც შესაძლოა განვითარდეს დვრილოვანი წანაზარდები.

დაზიანების კერები განლაგდება ან ცალკე, ან ხდება მათი შერწყმა, რის შედეგადაც წარმოიქმნება მოზრდილი ადამიანის ხელის გულისოდენა დაზიანებები. შესიებული არე რბილია ხელის შეხებისას. გვერდებში ხელის მსუბუქი მოჭერისას გამოყოფა დიდი რაოდენობით ჩირქი. მთელი შეშუპებული არე იძლევა რბილი ღრუბლის შესახედაობას, რომელიც გაჟღენთილია ჩირქით. დაზიანებული კერების მტკივნეულობა დიდი არაა. ლიტერატურაში ასევე არსებობს დამოუკიდებელი დაკვირვებები, როდესაც თავიდან ვითარდება მსხვილი ბუშტუკოვანი დაზიანებები წვივებზე, რომლებიც შემდგომ გარდაიქმნება ღრმა კრატერისებური (ექთიმოზური) წყლულები და ვეგეტატიური (ფუნგოიდური) ბალთები წამოწეული პაპილომატოზებით პერიფერიისკენ. მსგავსმა ბულოზურმა გამონაყარმა, რომელიც ახლავს ვეგეტაციებს, შესაძლოა მოახდინოს ვეგეტატიური ბუშტუკის მასკირება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრომოდერმის სხვადასხვა ფორმები ზოგჯერ ერთდროულად გვხვდება ერთი და იგივე პაციენტთან. ლორწოვანის ხილული დაზიანებები ძალზედ იშვიათია. დაავადება მიმდინარეობს კეთილსაიმედოდ და საკმაოდ სწრაფად ემორჩილება მკურნალობას, რომლის შემდეგაც რჩება ატროფიული ნაწიბურები და პიგმენტაცია.

ბრომოდერმა – ჰისტოპათოლოგია

კვანძოვან-ტუბეროზული ფორმის ბრომოდერმის ყველაზე აშკარა გამოხატულებაა პაპილომატოზი, აკანტოზი, ვარიკოზული ფსევდოკარცინომატოზული ჰიპერპლაზია, რომელიც შედგება ლეიკოციტების, პლაზმური უჯრედების, ჰისტიოციტებისა და ეოზინოფილებისაგან.

ბრომოდერმა – დიფერენციალური დიაგნოზი

დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ხდება კანის ტუბერკულოზთან, ვეგეტატიურ ბუშტუკთან, ღრმა ბლასტომიკოზთან და განგრენოზულ პიოდერმიასთან. სადიაგნოსტიკო გასაღებად მიჩნეულია ანამნეზური მონაცემები, რომელიც მიუთითებს ბრომის შემცველი პრეპარატების მიღებაზე, სისხლის შრატში ბრომის იონების მომატებულ რაოდენობაზე და შარდში ბრომის აღმოჩენაზე.

ბრომოდერმა – მკურნალობა

ბრომოდერმის მკურნალობა პირველ რიგში გულისხმობს ბრომის შემცველი პრეპარატების მიღების შეწყვეტას. თერაპიული ღონისძიებები მიმართულია ორგანიზმიდან ბრომის გამოყოფის დაჩქარებაზე.

>>>> კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრომოდერმა – (bromoderma; ლათ. Bromum ბრომი + derma კანი) იშვიათი დერმატოზი, რომელიც წარმოიქმნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბრომის პრეპარატების მიღებით, განსაკუთრებით კალიუმის ბრომიდისა, ასევე ვითარდება ადამიანებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისდამი. ბრომოდერმა ვლინდება ანთებით – პროლიფერაციული ხასიათის გამონაყრით სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, ქვედა კიდურებზე, სასქესო ორგანოებზე.

.