დეპრესია

დეპრესია (დეპრესიული სინდრომი) 

დეპრესია (დეპრესიული სინდრომი)  ავადმყოფური მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება  ფიზიკური (ზოგადი ტონუსის დაქვეთება, მოძრაობების შენელება, საკვების მონელების შენელება) და ფსიქიკური (დათრგუნული გუნებ-განწყობა, შენელებული ფსიქიკური პროცესები) დარღვევებით. ეს სიმპტომები შესაძლებელია სხვადასხვანაირად გამოვლინდეს – დათრგუნული გუნებაგანწყობით – სევდიანობით, ინტერესების დაკარგვითა და ღრმა მწუხარებით; მძიმე შემთხვევებში – საკუთარი სიკვდილის სურვილით;  ფსიქიკური პროცესების შენელება ვლინდება აზროვნების შენელებით, აზროვნების „გაყინვისა“  და გონებრივი სამუშაოს შესრულების შეუძლებლობის განცდით; მოძრაობათა შენელება – უმნიშვნელო, რთულად შესამჩნევი უხალისობითა და ერთ პოზაში საათობით გაშეშებით.

ცალკეული დარღვევების გამოხატულების მიხედვით განასხვავებენ რბილ, ან უხალისო დეპრესიას და აჟიტირებულ დეპრესია, რომლის დროსაც სევდას თან ახლავს „მოძრაობითი ქარიშხალი“, სასოწარკვეთილი აფეთქებებით.

გარემო ფაქტორებით განპირობებული ფსიქოფიზიკური ტონუსის პერიოდული შემცირებისაგან განსხვავებით, რაც დამახასიათებელია როგორც ჯანმრთელი, ასევე ადაბმყოფი ადამიანებისათვის, დეპრესია წარმოადგენს მდგრად მტკივნეულ მდგომარეობას, რომელიც გრძელდება გამომწვევი მიზეზიბის აღმოფხვრის შემდეგადაც. ასეთ მიზეზებს შესაძლებელია წარმოადგენდეს  ქრონიკული გადაძაბვა, ფსიქიკის ტრავმული სიტუაციის გახანგრძლივება (ეგრედ წოდებული გამოფიტვის დეპრესია), ასევე გადატანილი სტრესი (რეაქტიული დეპრესია).

ასაკოვან ადამიანებში დეპრესია შესაძლოა განვითარდეს  ზოგიერთი ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ (მაგალითად, გრიპის). ექიმის კონტროლის გარეშე  მედიკამენტების მიღებამ, განსაკუთრებით ისეთების, რომლებსაც გააჩნიათ  დამამშვიდებელი ეფექტი, ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს  ხანგრძლივი დეპრესიული მდგომარეობა.

დეპრესია ადვილად ვითარდება უმნიშვნელო მიზეზის შემდეგაც ფსიქიკურად დასუსტებულ ან არამდგრადი ფსიქიკის მქონე ადამიანებში (ნევროზების, ფსიქოპათიების, ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული ან  სისხლძარღვოვანი დარღვევებისას, ასევე ქრონიკული ალკოჰოლიკებში, კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი პირებში და სხვა). დეპრესია წარმოადგენს სენილური ფსიქოზისა და შიზოფრენიის ხშირ გამოვლინებას,  ასევე  მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის ერთ-ერთ ფაზას.

სუსტი ხარისხის დეპრესიაც, რომელიც, როგორც ზოგჯერ ფიქრობენ რომ, „თავისით გაივლის“, ადამიანს ართმევს სიხარულს, ხელს უშლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, იწვევს ცხოვრებისეული პოზიციების დაკარგვას. გარემოს აღქმისა და შეფასების განსაკუთრებული ხასიათი (ეგრედ წოდებული დეპრესიული აზროვნება) ავადმყოფს ძლიერ მგრძნობიარეს ხდის. ყველაფერი მოჩანს „მუქ ფერებში“, უმნიშვნელო მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს თვითკონფლიქტი, ურთიერთობების გაწყვეტა  ახლობლებთან და სუიციდიც კი. დეპრესიის სიღრმის ზრდასთან ერთად თვითმკვლელობის ალბათობა მცირდება (ავადმყოფის მოძრაობითი დამუხრუჭების გამო), თუმცა სევდის განცდა კვლავ მძიმეა.

პრესენილური ფსიქოზის დროს დეპრესია ან შიზოფრენია  ახლობლებისათვის საშიშია ეგრედ წოდებული ალტრუისტული მკვლელობის ჩადენის საშიშროების გამო, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ არამხოლოდ მის, არამედ მისი ახლობლების სიცოცხლესაც აზრი არ აქვს.

იმ ავადმყოფებს, ვისაც გამოხატული აქვთ დეპრესია, როგორც წესი, მკურნალობენ სტაციონარში. ამბულატორიული მკურნალობის დროს აუცილებელია  შესრულდეს ექიმის დანიშნულება წამლების მიღებისა და კვების რეჟიმის სრული დაცვით. ასეთ შემთხვევებში დანიშნული  მრავალი პრეპარატის  (ანტიდეპრესანტები) მიღება შეუთავსებელია ზოგიერთ საკვებ პროდუქტთან ერთად (ყველი, ყავა, ნაღები).  წამლების მიღების პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის დალევა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის – კოლაფსის განვითარება. ზოგიერთი ანტიდეპრესანტის მიღებისას შესაძლებელია აღქმისა და საპასუხო რეაქციების პროცესების შენელება, ამიტომ ავადმყოფებისათვის იკრძალება სატრანსპორტო საშუალებების მართვა.

_________________________________

სხვა პოსტები დეპრესიის შესახებ: მშობიარობისშემდგომი დეპრესია; დეპრესიადეპრესია ანაკლიტურიდეპრესია აჟიტირებულიდეპრესია ინვოლუციური; დეპრესიაები, მანიები; დეპრესია ციკლოტომიური; შნეიდერის დეპრესია; დეპრესია ადინამიკური; დეპრესია ასთენიური; დეპრესია კლიმაქტერულიდეპრესია შებოჭვითი, დამუხრუჭებითი

.

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ფსიქიკური დაავადებები

.
Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..