ერიზეპელოიდი

ერიზეპელოიდი (სინონიმი – ღორის წითელი ქარი, როზენბახის ერიზეპელოიდი, ბრეიკერის ერითემა, მცოცავი ერითემა) – მწვავე  ინფექციური დაავადებაა, კანისა და სახსრების უპირატესი დაზიანებით.

ერიზეპელოიდი – ეტიოლოგია და პათოგენეზი

ერიზეპელოიდის გამომწვევი კორინებაქტერიების ოჯახს მიეკუთვნება, გამოირჩევა გარემო ფაქტორებისადმი მაღალი მდგრადობით. ინფიცირებული ხორცის დამუშავებისას იღუპება 2.5 სთ-ის  დუღილის შემდეგ. ინფექციის წყაროს წარმოადგენს შინაური და გარეული ცხოველები, ყველაზე ხშირად კი ღორები. ერიზეპელოიდით ავადდებიან მზარეულები, მეთევზეები, ყასბები, მონადირეები. დაავადებას ახასიათებს სპორადულობა, თუმცა ზოგჯერ ეპიდემიური აფეთქებებიც შეინიშნება, ასევე ზაფხულ-შემოდგომის სეზონურობა.

ერიზეპელოიდის გამომწვევის შეჭრა ხდება დაზიანებული კანიდან ინფიცირებული ხორცის დამუშავების ან დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას. კანზე ვითარდება დამახასიათებელი ანთებითი ცვლილებები, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს სახსრები. ცალკეულ პირებში ზოგჯერ მოსალოდნელია ინფექციის ლიმფოგენური და ჰემატოგენური დისემინაცია მეორადი კერების შემდგომი წარმოქმნით სხვადასხვა ორგანოებში, ენდოკარდიუმში, მიოკარდიუმში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ფილტვებში, ერიზეპელოიდის დროს აბსცესები არ წარმოიქმნება. ინფექციის გადატანის შემდეგ  რჩება არამყარი იმუნიტეტი.

ერიზეპელოიდი – სიმპტომები და მიმდინარეობა

დაავადების  ინკუბაციური პერიოდი მერყეობს ერთიდან შვიდ დღემდე. განასხვავებენ ერიზეპელოიდის კანის, კან-სახსროვანი, გენერალიზებულ (სეპტიურ) და ანგინოზურ ფორმებს.

ერიზეპელოიდი – კანის ფორმა

ყველაზე ხშირია ერიზეპელოიდის კანის ფორმა, რომელსაც ინფექციის შეჭრის ადგილას, ჩვეულებრივ თითზე ახასიათებს მოწითალო-იისფერი ბალთის წარმოქმნა, მკვეთრად შემოსაზღვრული კიდეებით. დაავადებულები უჩივიან ქავილს, წვის შეგრძნებას, მოპულსირე ტკივილს. შეშუპება მეტადაა გამოხატული  პერიფერიაზე, ცენტრში კი აღინიშნება სიფერმკრთალე და შედარებით ნაკლებადაა წამოწეული კანის ზედაპირიდან. ერითემატოზულ  უბანზე შესაძლებელია წარმოიქმნას ვეზიკულები გამჭვირვალე ან ჰემორაგიული შიგთავსით. პროცესი სწრაფად ვრცელდება პერიფერიაზე და ვრცელდება მთელს თითზე. ზოგჯერ შეინიშნება ლიმფანგიტი და პროცესში რეგიონალური ლიმფური კვანძების ჩართვა. დაავადების ხანგრძლივობა 10-12 დღეა. დაზიანებულ უბანში გამოჯანმრთელებისას აღინიშნება კანის აქერცვლა.

ერიზეპელოიდი – კან-სახსროვანი ფორმა

კან-სახსროვანი ფორმის დროს შეინიშნება სახსრების მიდამოში შესიება და ტკივილი, დაავადება შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე კვირა და დასრულდეს სახსრების დეფორმაციით.

ერიზეპელოიდი – გენერალიზებული ფორმა

ერიზეპელოიდის გენერალიზებული ფორმა შედარებით იშვიათია, მისთვის კანისა და კან-სახსროვანი ფორმებისაგან განსხვავებით დამახასიათებელია გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაცია, სუბფებრილური ტემპერატურის ნაცვლად მაღალი ცხელება 400C და მეტიც. კანზე შესაძლოა განვითარდეს ერითემატოზული  უბნები და ურტიკარიული ელემენტები. აღინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ზემოთაღნიშნული სიმპტომების ფონზე ვლინდება მრავლობითი მეორადი კერები (ენდოკარდიტი, მიოკარდიტი, მენინგიტი, პნევმონია, თვალის დაზიანება და სხვა.). ენდოკარდიტის შემთხვევაში ზიანდება გულის სარქვლები.

ერიზეპელოიდი – ანგინოზური  ფორმა

ერიზეპელოიდის ანგინოზური ფორმა ვითარდება ინფიცირებული საკვები პროდუქტების მიღებისას. დაავადება იწყება მწვავედ სხეულის ტემპერატურის მომატებით, შემცივნებითა და ყელის ტკივილით, კანზე შეიძლება გამოვლინდეს ერითემატოზული  გამონაყარი.

ერიზეპელოიდი – დიაგნოსტირება

კანისა და კან-სახსროვანი ფორმების დიაგნოსტირება სირთულეს არ წარმოადგენს, რადგანაც ფრიად დამახასიათებელი კლინიკური სურათით გამოირჩევა. დიფერენციალური დიაგნოზის გატარება საჭიროა წითელი ქართან, პანარიციუმთან, მულტიფორმულ ექსუდაციურ ერითემასთან, სეპტიური ფორმებისას სეფსისის სხვა სახეებისაგან. დიაგნოზის  ლაბორატორიულად დადასტურება ხდება გამომწვევის აღმოჩენით შეშუპებით სითხეში ან კანის ბიოფსიურ მასალაში.

ერიზეპელოიდი – მკურნალობა და პროფილაქტიკა

დაავადების მკურნალობა მოიცავს პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებით  ან დოქსაციკლინის გამოყენებას და სიმპტომური თერაპიას.  დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოველების დროული ვაქცინაციით, გამოვლენით, იზოლაციითა და მკურნალობით, ასევე ხორცის დამუშავებისას სათანადო წესების დაცვით.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ერიზიპელოიდი – (ბერძ. erysipelas – წითელი ქარი) ინფექციური წითელი ქარის მაგვარი დაავადება კანისა და სახსრების უპირატესი დაზიანებით და კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. გამომწვევია გრამდადებითი ჩხირი Erysipelothrix rhusiopathiae. დაავადება ატარებს პროფესიონალურ ხასიათს – ავადდებიან უპირატესად ვეტერინარები, მესაქონლეები, მეღორეები, ყასბები, მზარეულები. ინფექციის წყაროა დაავადებული ხორცი, თევზი, ფრინველი. დასნებოვნება ხდება დაზიანებული კანიდან. ინკუბაციური პერიოდის (1 – 2 დღე – ღამე) შემდეგ გამომწვევის ჩანერგვის ადგილზე წარმოიქმნება მკვეთრად შემოფარგლული შეშუპებული წითელი ფერის ლაქა, რომელიც თანდათანობით იზრდება. ლაქა ლოკალიზდება ხელის თითებზე. დაზიანება ცალმხრივია. აღინიშნება ქავილი, წვა, იშვიათად ტკივილი. დაზიანების კერები დიდება 5 – 10 სმ – მდე, შემდგომ თანდათანობით რეგრესირდება. იშვიათად გვხვდება გენერალიზებული ფორმა, რომელიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, მძიმე საერთო მდგომარეობით. მკურნალობა: ანტიბიოტიკები, ანტიჰელმინთურ და ანტიჰისტამინურ საშუალებებთან ერთად.