ვენერიული ლიმფოგრანულომა

ვენერიული ლიმფოგრანულომა

როგორია ვენერიული ლიმფოგრანულომით დაავადების მექანიზმი?

ლიმფოგრანულომა – დაავადება გადაეცემა სქესობრივი კონტაქტის გზით. ხასიათდება უპირატესად გარეთა სასქესო ორგანოებისა და სწორი ნაწლავის დაზიანებით. გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროფიკული კლიმატის მქონე ქვეყნებში, ჩვენთან შედარებით იშვიათია. დასნებოვნება უპირატესად ხდება სქესობრივი გზით. დაავადების გამომწვევი ორგანიზმში ხვდება კანსა და ლორწოვანზე არსებული მიკრონახეთქებისა და ნაკაწრების გავლით. პროცესის გავრცელების შედეგად ზიანდება ლიმფური კვანძები, რომლებშიც ჩნდება ვარსკვლავისებური ფორმის აბსცესები.

როგორია ვენერიული ლიმფოგრანულომის ძირითადი სიმპტომები?

დაავადების ფარული პერიოდი გრძელდება 3-12  (საშუალოდ 3-4) დღე. შემდგომში გამომწვევის შეჭრის ადგილზე, უპირატესად კი მამაკაცებში სასქესო ორგანოსა და სათესლეებზე მამაკაცებში და საშოსა და საშვილოსნოს ყელის კედლებზე ქალებში, ვითარდება ბუშტუკი ან ზედაპირული ეროზია, რომელიც ხორცდება რამოდენიმე დღეში ისე, რომ არ ტოვებს ნაწიბურს. დაავადების დაწყებიდან 2-6 თვეში, ზოგჯერ კი უფრო მოგვიანებითაც დგება ლიმფური კვანძების დაზიანების სტადია. მამაკაცებს უპირატესად ლიმფური კვანძები უზიანდებათ საზარდულის მიდამოში მიდამოში, ძირითადად ცალ მხარეს, ხოლო ქალებს – მცირე მენჯის ღრუში მდებარე ლიმფური კვანძები. საზარდულის მიდამოს დაზიანებული ლიმფური კვანძები 1-2 კვირის განმავლობაში მკვეთრად დიდდება, ხდება მკვრივი, ზომიერად მტკივნეული, შეზრდილია კანთან. ერთეულ ლიმფურ კვანძებში ფორმირდება აბსცესები, შემდეგში კი ფისტულები, რომლებიდანაც გამოიყოფა მოყვითალო ფერის სითხე, სისხლიანი ჩირქი ან კავერნოზული მასა. ფისტულების შეხორცება მიდის ნელა, ჩირქი გამოიყოფა რამოდენიმე თვის, ზოგჯერ კი წლის განმავლობაში. საზარდულის არეში რჩება მოჭმუხნული ნაწიბურები. აღინიშნება ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი, ცუდი მადა, გულისრევა, პიღებინება, ტკივილი წელის მიდამოში, სწორი ნაწლავის ანთება ჩირქისა და სისხლის გამოყოფით, რომელსაც შეუძლია მოგვიანებით გამოიწვიოს სწორი ნაწლავის ნაწიბუროვანი ცვლილებები და შევიწროვება.

მკურნალობა ტარდება კან-ვენის დისპანსერში. ინიშნება ანტიბიოტიკები (ტეტრაციკლინი, ერითრომიცინი, რიფამპიცინი). ლიმფურ კვანძებში ჩირქოვანი ანთების შემთხვევაში ნაჩვენებია მათი პუნქცია მსხვილთავიანი ნემსით ჩირქის ამოღების მიზნით. სასურველია პაციენტთან სქესობრივ კონტაქტში მყოფი ყველა პარტნიორის გამოვლენა და მათი მკურნალობა.

პროფილაქტიკა გულისხმობს ადრეულ პერიოდში დაავადების გამოვლენას და ავადმყოფთა მკურნალობას, ასევე შემთხვევითი სქესობრივი კავშირების დაუშვებლობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

One thought on “ვენერიული ლიმფოგრანულომა”

Comments are closed.