ვირუსული დიარეები

ვირუსული დიარეები

ვირუსული დიარეები, ვირუსული დიარეები – ეტიოლოგია, ვირუსული დიარეები – პათოგენეზი, ვირუსული დიარეები  – კლინიკა, ვირუსული დიარეები  – დიაგნოსტიკა, ვირუსული დიარეები  – მკურნალობა >>>

ვირუსული დიარეები მწვავე ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს წარმოადგენს და  ვლინდება ინტოქსიკაციით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების უპირატესი დაზიანებით (გასტროენტერიტი, ენტერიტი) და არცთუ იშვიათად ზედა სასუნთქი გზების მხრივ კატარალური მოვლენებით.

ვირუსული დიარეისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის ვირუსებმა: როტავირუსები, კალიცივირუსები, ასტროვირუსები, კორონავირუსები, ადენოვირუსები, ენტეროვირუსები და სხვა. თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როტავირუსებს, ჯანმოს მონაცემების მიხედვით ყოველწლიურად რეგისტრირებული დიარეული დაავადებების 20 % განპირობებულია სწორედ როტავირუსებით. განვითარებულ ქვეყნებში ადრეული ასაკის ბავშვებში გასტროენტერიტის შემთხვევათა 50% წლის განმავლობაში და 90% ზამთრის პერიოდში გამოწვეულია სწორედ როტავირუსით, განვითარებად ქვეყნებში კი  2 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ერთერთი ძირითადი მიზეზია.

ვირუსული დიარეები – ეტიოლოგია

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ვირუსული დიარეების ძირითადი გამომწვევია როტავირუსი. როტავირუსები  მიეკუთვნება რნმ – შემცველ ვირუსების ჯგუფს და ანტიგენების მიხედვით იყოფა რამდენიმე ჯგუფად: А, В, С, D, Е, F, რომელთაგან ყველაზე ხშირად ადამიანის ორგანიზმიდან გამოიყოფა  პირველი ოთხი სეროვარი, მათ შორის კი А ჯგუფის როტავირუსი.

როტავირუსული ინფექციის წყაროა დაავადებული პირი მანიფესტირებული ან უსიმპტომო ფორმებით, თუმცა ვირუსის ხანგრძლივი მტარებლობა (6 კვირაზე მეტი) არ აღინიშნება. გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, რისი რეალიზებაც ხდება საკვების, წყლისა და საყოფაცხოვრებო დონეზე კონტაქტის მეშვეობით. როტავირუსული ინფექციის განსაკუთრებული მიმღებლობით ხასიათდებიან ბავშვები 6 თვიდან 2 წლამდე ასაკამდე და  პირები იმუნოდეფიციტური მდგომარეობით. ვირუსული დიარეის  სპორადული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების  დიდი უმეტესობა რეგისტრირდება წელიწადის ცივ პერიოდში (დეკემბერი – თებერვალი).

ვირუსული დიარეები – პათოგენეზი

ვირუსული დიარეის ძირითადი გამომწვევი,  როტავირუსი. მიეკუთვნება ენტეროტროპულ ვირუსების ჯგუფს, აზიანებს წვრილი ნაწლავის ცილინდრული ეპითელიუმის მაღალდიფერენცირებულ და ფუნქციონალურად ყველაზე მეტად აქტიურ უჯრედებს, რაც იწვევს ინფიცირებული ენტეროციტების დისტროფიულ და დეგენერაციულ ცვლილებებს,  რის გამოც ხდება მათი ჩანაცვლება დაბალდიფერენცირებული, კუბური უჯრედებით. შედეგად ვითარდება მემბრანული მონელებისა და შეწოვის დარღვევები, მალდიგესტია და მალაბსორბცია. ნაწლავის ღრუში არსებული დიდი რაოდენობით დისაქარიდები, პეპტონები და სხვა არასრული ჰიდროლიზის  პროდუქტები განაპირობებს ოსმოსურად ჰიპოფერმენტაციული დიარეის განვითარებას.

ამასთან როტავირუსული ინფექცია მიეკუთვნება თვითლიმიტირებად დაავადებათა რიცხვს, რაც დაკავშირებულია დაბალდიფერენცირებულ კუბურ უჯრედებში ვირუსის რეპროდუცირების უნარის არქონასთან.

ვირუსული დიარეები  – კლინიკა

როტავირუსული ეტიოლოგიის ვირუსული დიარეის ინკუბაციური პერიოდის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 დღეს, თუმცა შეიძლება მერყეობდეს  12 საათიდან 7 დღემდე.

ვირუსული დიარეის დასაწყისში დაავადებულთა ნაწილში აღინიშნება პროდრომული სიმპტომატიკა: უქეიფობა, შეუძლოდ ყოფნა, მადის დაქვეითება, შეციება, დისკომფორტი მუცელში, კატარალური მოვლენები. თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში როტავირუსული ინფექცია იწყება მწვავედ, მზარდი სისუსტისა და სუბფებრილური ცხელების ფონზე მიმდინარეობს  გულისრევით, ღებინებით, მუცლის ყურყურითა  და ტკივილით, რასაც თან ერთვის გამოხატული  დიარეული სინდრომი, თხიერი, უსიამოვნო სუნის მქონე, ქაფიანი, მოყვითალო-მომწვანო ფერის განავალი. ნაწლავთა  მოქმედების სიხშირე მერყეობს დღეში ოცამდე.

ვირუსული დიარეის დროს ავადმყოფთა ერთ მესამედში გასტროენტერიტის სიმპტომებთან ერთად აღინიშნება ზედა სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნებაი: სურდო, ყელში ფხაჭნის შეგრძნება, ხველა, ხახის ჰიპერემია.

ვირუსული დიარეის პროგნოზი კეთილსაიმედოა და გამოჯანმრთელება ხდება 5-7 დღეში, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც აღინიშნება კარის ვენის ანთებითი ცვლილებები და ბილიარული სისტემის  ბაქტერიული ეტიოლოგიის ქრონიკული პათოლოგიის გამწვავება. რეგისტრირდება ლეტალობაც ადრეული ასაკის ბავშვებში იმუნოდეფიციტური მდგომარეობებისა და გამოხატული ჰიპოტროფიის დროს.

ვირუსული დიარეები  – დიაგნოსტიკა

დიარეის ვირუსული ბუნების დასადასტურებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, ვირუსის, მისი ანტიგენებისა და ვირუსის რნმ -ის აღმოჩენის მიზნით, განავლის მიკროსკოპია, პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია, სეროლოგიური მეთოდები, თუმცა  მათგან ყველაზე გავრცელებულია განავლის  იმუნოფერმენტული ანალიზი.

ვირუსული დიარეები  – მკურნალობა

ვირუსული დიარეის მკურნალობაში  უმთავრესია რეჰიდრატაციული თერაპია, პათოგენეტიკური მეთოდები და სწორად შერჩეული, ბალანსირებული დიეტა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..