ჰემოფილური ინფექცია

 ჰემოფილური ინფექცია

ჰემოფილური ინფექცია – ეტიოლოგია და პათოგენეზი, ჰემოფილური ინფექციის სიმპტომები,  ჰემოფილური ინფექციის კლინიკური ფორმები, ჰემოფილური ინფექცია – ჩირქოვანი მენინგიტი, ჰემოფილური ინფექცია – პნევმონია, ჰემოფილური  სეფსისი, ჰემოფილური ინფექცია – ცელულ იტი,  ჰემოფილური ინფექცია – ეპიგლოტიტი, ჰემოფილური ინფექცია – ართრიტები >>

ჰემოფილური ინფექცია  –  ეტიოლოგია და პათოგენეზი

ჰემოფილური ინფექცია მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის გამომწვევია – Haemophilus influenza (ინფლუენზას ჩხირი, პფეიფერის ჩხირი).

ჰემოფილური ინფექციის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ადამიანი, გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით.   ინფიცირებისას ჯანმრთელი მტარებლობა გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე. ლატენტური ინფექციის მანიფესტირებას ხელს უწყობს დამცავი ძალების დასუსტება, თანმხლები ვირუსული ინფექციები, მეორადი კონტაქტები, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ წლამდე  ასაკის ბავშვებში. განარჩევენ დაავადების პირველად ფორმას, როდესაც ინფიცირება ხდება ჯანმრთელ მტარებელთან კონტაქტისას და მეორად ფორმას, როდესაც ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული მანიფესტირებული ფორმით.

ჰემოფილური ინფექციით ხშირად ავადდებიან ბავშვები და პირები ისეთი პათოლოგიებით, როგორიცაა ნამგალისებრუჯრედოვანი ანემია, აგამაგლობუნილემია, ლიმფოგრანულომატოზი, ასევე სპლენექტომიისა და  ქიმიოთერაპიის შემდეგ. ჰემოფილური ინფექციით ავადობა განსაკუთრებით იზრდება  ზამთრის ბოლოს და გაზაფხულზე.

ინფექციის კარს წარმოადგენს სასუნთქი გზების ლორწოვანი, საიდანაც ვრცელდება ირგვლივმდებარე ქსოვილებზე და განაპირობებს სინუსიტების, ოტიტების, ბრონქიტების, პნევმონიის, ცელულიტის განვითარებას ან ჰემატოგენური დისემინაციის გზით ცენტრალური ნერვული სისტემის,  სახსრების დაზიანებას  და ჩირქოვანი კერების წარმოქმნას სხვადასხვა ორგანოებში. დაავადების გადატანის შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი..

ჰემოფილური ინფექციის სიმპტომები

ჰემოფილური ჩხირი ბავშვებში გენერალიზებული ინფექციის (ბაქტერიემია ) ერთერთ ხშირ მიზეზს წარმოადგენს, მათ ნახევარში ვითარდება ჩირქოვანი მენინგიტი, დაახლოებით 15-20%-ში – პნევმონია და იშვიათად სხვა კეროვანი დაზიანებები. როგორც წესი ჰემოფილური ინფექცია მიმდინარეობს მწვავედ, თუმცა ზოგიერთი კლინიკური ფორმა შესაძლოა უფრო გახანგრძლივებული მიმდინარეობით ხასიათდებოდეს.

ჰემოფილური ინფექციის კლინიკური ფორმები:

ჰემოფილური ინფექცია – ჩირქოვანი მენინგიტი

მენინგიტი უპირატესად ვითარდება ბავშვებში 9 თვის ასაკიდან 4 წლამდე, რიგ შემთხვევებში შეუღლებულია ჰემოფილური ინფექციის სხვა გამოვლინებებთან – ჩირქოვანი ართრიტი, ხორხსარქველის ანთება, ცელულიტი. დაავადება მძიმედ მიმდინარეობს და არცთუ იშვიათად მთავრდება ლეტალურად (დაახ. 10%-ში).

ჰემოფილური ინფექცია – პნევმონია

ჰემოფილური პნევმონია შეიძლება გამოვლინდეს კეროვანი, წილოვანი (კრუპოზული) პნევმონიის სახით, ხშირად (70%) ერთვის ჩირქოვანი პლევრიტი, შეიძლება გართულდეს ასევე ჩირქოვანი პერიკარდიტით, შუა ყურის ანთებით და მიიღოს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. მოზრდილებში, განსაკუთრებით ხანდაზმულ პირებში ჰემოფილური ინფექციას ზოგჯერ ერწყმის ფილტვების სხვა დაავადებები.

ჰემოფილური  სეფსისი

სეფსისი ხშირად ვითარდება 6-12 თვის ასაკის ბავშვებში, რომლებიც წინასწარგანწყობილნი არიან აღნიშნული დაავადებისადმი. ხშირად რთულდება სეპტიური შოკით და მთავრდება ლეტალურად. ჰემოფილური  სეფსისის  დროს მეორადი კერები არ წარმოიქმნება.

ჰემოფილური ინფექციაცელულიტი

ცელულიტი – კანქვეშა უჯრედისის ანთებაა და ძირითადად გვხვდება 12 თვემდე ასაკის ბავშვებში, ხშირად ლოკალიზდება სახეზე. არცთუ იშვიათად იწყება რინოფარინგიტის სურათით, რის შემდეგაც ვლინდება ლოყებისა და თვალების ირგვლივ შეშუპება. შეშუპებული უბნის ირგვლივ კანი ჰიპერემიულია ციანოზური ელფერით, ზოგჯერ თან ახლავს შუა ყურის ანთება, სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები სუსტადაა გამოხატული. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებში კანქვეშა უჯრედისის ანთება ვლინდება კიდურებზე.

ჰემოფილური ინფექცია – ეპიგლოტიტი

ეპიგლოტიტი, ხორხსარქველის ანთება – წარმოადგენს ჰემოფილური ინფექციის  მძიმე ფორმას, უმეტეს შემთხვევაში (90%)  ეპიგლოტიტს ერთვის ბაქტერიემია . იწყება მწვავედ, ხასიათდება ტემპერატურის სწრაფი მატებით, გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციით და სწრაფად პროგრესირებადი კრუპით, რამაც შესაძლებლია გამოიწვიოს ბავშვის დაღუპვა ასფიქსიის შედეგად.

ჰემოფილური ინფექცია – ართრიტები

ჩირქოვანი ართრიტები წარმოადგენს ჰემოფილური ჩხირის ჰემატოგენური დისემინაციის შედეგს  და ხშირად თან სდევს ოსტეომიელიტი.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები