პარაპოლიომიელიტი

პარაპოლიომიელიტი

პარაპოლიომიელიტი, პარაპოლიომიელიტი – ეტიოლოგია და ეპიდემიოლოგია, პარაპოლიომიელიტი – კლინიკური სურათი, პარაპოლიომიელიტი – დიაგნოსტირება, პარაპოლიომიელიტი – მკურნალობა >>>

პარაპოლიომიელიტი, პოლიომიელიტის მსგავსი დაავადებები, მწვავე ვირუსული დაავადებების ჯგუფია, რომლებიც კლინიკურად პარალიზური პოლიომიელიტის მსგავსია, თუმცა არაა დაკავშირებული პოლიომიელიტის გამომწვევ არცერთ ვირუსთან.

პარაპოლიომიელიტი -ეტიოლოგია და  ეპიდემიოლოგია

პარაპოლიომიელიტის გამომწვევი ყველაზე ხშირად ენტეროვირუსებია: კოკსაკის ვირუსი და ვირუსი ECHO, განსაკუთრებით ენტეროვირუსი – 71. ასევე არ გამორიცხავენ  პარაპოლიომიელიტის განვითარებაში სხვა ვირუსების  ეტიოლოგიურ  როლსაც, როგორიცაა მარტივი ჰერპესის,  ეპიდემიური პაროტიტის  ვირუსი, ადენოვირუსი.

პარაპოლიომიელიტი ხშირად ვითარდება წელიწადის თბილ სეზონზე, გვხვდება სპორადული შემთხვევები, იშვიათია ეპიდემიური აფეთქებები. ავადობენ ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში იჩინოს თავი.

პარაპოლიომიელიტური ინფექციის წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ან ვირუსმტარებელი. გადაცემის გზა ძირითადად საკვებისმიერია, თუმცა არაა გამორიცხული დაინფიცირების აეროგენული მექანიზმის არსებობა.

პარაპოლიომიელიტის დროს ვითარდება პოლიომიელიტის მსგავსი, ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების და თავის ტვინის ღეროს დაზიანების მორფოლოგიური სურათი.

პარაპოლიომიელიტი – კლინიკური სურათი

კლინიკურად პარაპოლიომიელიტი ხასიათდება ზოგადი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის ფონზე უხშირესად ქვემო კიდურების დუნე დამბლით,  ზოგადტვინოვანი სიმპტომები როგორც წესი არ აღინიშნება. დაავადების დასაწყისში ვლინდება სიარულის მანერის ცვლილება, ერთერთი კიდურის ცალკეული კუნთის ან კუნთების ჯგუფის დაზიანების გამო. აღინიშნება ტერფის ჩამოკიდება, მუხლის სახსრის განზიდვა უკან (მუხლის სახსრის რეკურვაცია), თუმცა ბავშვები აგრძელებენ სიარულს, რადგანაც პარალიზი იშვიათად ვითარდება. გამოკვლევისას დაზიანებულ კიდურში ვლინდება კუნთების ტონუსისა და ქსოვილების ტურგორის დაქვეითება. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ინტენსიური ტკივილები ფეხებში, რაც ბავშვს აიძულებს უარი თქვას სიარულზე. ცვლილებები ცერებროსპინალურ სითხეში ხშირად არ ავლინდება. დარღვეული ფუნქციის აღდგენა მიმდინარეობს 3-8 კვირის მანძილზე. ზოგჯერ ხანგრძლივი დროის მანძილზე ნარჩუნდება კუნთების ჰიპოტროფია.

პარაპოლიომიელიტი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა მძიმე შემთხვევებიც, როდესაც  ვითარდება დუნე დამბლები, ზოგ შემთხვევაში აღინიშნება ტვინის ღეროს მამოძრავებელი ბირთვების დაზიანება (ბულბოსპინალური ფორმა), პერიფერიული პარეზი  ან სახის ნერვის პარეზი (პონტინური ფორმა).

პარაპოლიომიელიტი – დიაგნოსტირება

პარაპოლიომიელიტის დიაგნოსტირება  ხდება კლინიკური სურათის, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე. ვირუსოლოგიური კვლევისათვის გამოიყენება ცერებროსპინალური სითხე. სეროლოგიური კვლევისათვის კი –  სისხლი.

პარაპოლიომიელიტი უნდა განვასხვავოთ მწვავე პოლიომიელიტისაგან. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მეტყველებს ცხელებით მიმდინარე, მწვავე დასაწყისი, ცერებროსპინალური სითხის ანთებითი ცვლილებები, განვითარებული პარეზების მყარი ხასიათი, ჩვეულებრივ ნარჩენი მოვლენებით. პარაპოლიომიელიტის საბოლოო დიაგნოზი ისმება მწვავე პოლიომიელიტის გამორიცხვით ვირუსოლოგიური და სეროლოგიური კვლევების უარყოფითი პასუხების საფუძველზე.

პარაპოლიომიელიტის დიფერენცირება უნდა მოხდეს ასევე  ძვალ-სახსროვან პათოლოგიებთან, რომლებსაც პარაპოლიომიელიტისაგან განსხვავებით ახასიათებს ტკივილის სინდრომი, დაზიანებული კიდურის მოძრაობისას, აღინიშნება დამზოგველი სიარულის მანერა.

პარაპოლიომიელიტი – მკურნალობა

პარაპოლიომიელიტის დროს ავადმყოფები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას. სპეციფიკური მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს. მწვავე პერიოდში (დაავადების პირველი 7-10 დღე) აუცილებელია ფიზიკური დასვენება, ფიზიკური დატვირთვა შემდგომშიც უნდა შეიზღუდოს ზომიერად, ისე რომ არ მოხდეს  დაზიანებული კუნთების გადაღლა. კუნთების გადაღლის ნიშანია კუნთოვანი სისუსტის გაძლიერება, ხანგრძლივი სიარულის დროს სიარულის მანერის შეცვლა. აღდგენის პერიოდში ნაჩვენებია პროზერინი, გალანტამინი სამკურნალო ფიზკულტურასთან და მასაჟთან ერთად.

ფესვობრივი სინდრომის დროს მიმართავენ სითბური პროცედურებს (თბილად შეხვევა, პარაფინი, ოზოკერიტი), გამოიყენება ასევე ზურგის ტვინის შესაბამისი ნაწილის  ულტრაიისფერი დასხივება და დიათერმია, იონოფორეზი პროზერინთან ერთად.

პარაპოლიომიელიტის პროგნოზი უმეტეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა იშვიათი შემთხვევების გარდა, როდესაც მოსალოდნელია ნარჩენი მოვლენები ან ლეტალური გამოსავალი.

ინფექციის კერაში ტარდება ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ისევე, როგორც პოლიომიელიტის დროს. სპეციფიური ვაქცინა შემუშავებულია მხოლოდ ენტეროვირუს 71 – ით გამოწვეული ინფექციის პროფილაქტიკისათვის, გამოიყენება ეპიდემიის საშიშროებისას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..