საყლაპავი მილის დამწვრობა

საყლაპავი მილის დამწვრობა

საყლაპავი მილის დამწვრობა , საყლაპავი მილის დამწვრობა – სიმპტომები, საყლაპავი მილის დამწვრობა –  სტადიები, საყლაპავი მილის დამწვრობა – მკურნალობა >>>

საყლაპავი მილის დამწვრობა ჩვეულებრივ ვითარდება შემთხვევით (შეცდომით) ან წინასწარგანზრახულად (თვითმკვლელობის მიზნით) მჟავეების  (ძმარმჟავა, გოგირდმჟავა და სხვა) ან ტუტეების ხსნარების (კაუსტიკური სოდა) მიღების შედეგად.

საყლაპავი მილის დამწვრობა – სიმპტომები

სითხის გადაყლაპვისთანავე ვითარდება მწველი ტკივილები პირის ღრუში, საყლაპავისგასწვრივ და ეპიგასტრიუმში, ძლიერი ნერწყვდენა, ღებინება და დისფაგია საყლაპავის სპაზმისა და ლორწოვანი გარსის შეშუპების  გამო. კანის საფარველი ფერმკრთალია, სუნთქვა გახშირებული, აღინიშნება ტაქიკარდია, ზოგჯერ ვითარდება შოკი. რამდენიმე საათის შემდეგ ვლინდება დამწვრობის შედეგად განვითარებული ტოქსემიის ნიშნები (სხეულის ტემპერატურის მატება –  390C, არტერიული წნევის  დაქვეითება, წყურვილის გაძლიერებული გრძნობა). მძიმე შემთხვევებში ვითარდება პარენქიმული ორგანოების ტოქსიური დაზიანება (თირკმლისა და ღვიძლ-თირკმლის უკმარისობა).

საყლაპავი მილის დამწვრობა – სტადიები

განასხვავებენ საყლაპავი მილის დამწვრობის  კლინიკური გამოვლინების 4 სტადიას:

I  სტადია – მწვავე კოროზიული ეზოფაგიტის სტადია

II სტადია – ქრონიკული ეზოფაგიტი  – გრძელდება შვიდიდან ათ დღემდე. ამ პერიოდში მიმდინარეობს ნეკროზული ლორწოვანი გარსის თანდათანობით მოცილება და დისფაგიის  შემცირება. ღრმა დამწვრობისას მეორე სტადიაში მოსალოდნელია საყლაპავის პერფორაცია მედიასტინიტის განვითარებით

III სტადია – სტრიქტურის წარმოქმნა, გრძელდება ორი თვიდან რამდენიმე წლამდე, ხასიათდება ნაწიბურის ფორმირებით, ვლინდება თანდათანობითი მზარდი ყლაპვის გაძნელებით

IV სტადია  – გვიანი გართულებები (კიბოს განვითარება და სხვა.)

საყლაპავი მილის დამწვრობა – მკურნალობა

საყლაპავი მილის დამწვრობისას პირველადი დახმარება: ტკივილის გაყუჩების მიზნით გამოიყენება ნარკოტიკები, ნერწყვდენისა და საყლაპავის სპაზმის შემცირების მიზნით ინიშნება პაპავერინი, ატროპინი, განგლიობლოკატორები. ხდება პირის ღრუს ამოსუფთავება. მიღებული ნივთიერების მიხედვით კუჭის ამორეცხვისათვის გამოიყენება სუსტი ტუტოვანი ან მჟავა ხსნარები. აუცილებელია მკურნალობის ჩატარება სტაციონარის პირობებში, სადაც ჩატარდება  შოკის საწინააღმდეგო და დეზინტოქსიკაციური თერაპია, ნაწიბუროვანი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად საჭირო  ღონისძიებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები