რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე

რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე

რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე – ოპერაციის ჩვენებები, გართულებები; რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტის ანევრიზმის დროს, ბენტალის პროცედურა, დავიდის პროცედურა, იაკუბის პროცედურა, როსის პროცედურა >>>>

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

აორტის  რეკონსტრუქციული ოპერაციების ჩვენებებს წარმოადგენს აორტის  ან მისი ტოტების სტენოზური, ანევრიზმული, თრომბოემბოლიური და ტრავმული დაზიანებები.

გულმკერდის ან მუცლის აორტის   ან აორტის  პროთეზის თრომბოემბოლიის დროს ტარდება თრომბექტომია. სისხლძარღვის პროტეზების თრომბოზის მიზეზები ძირითადი სისხლძარღვოვანი პათოლოგიის პროგრესირებადი მიმდინარეობაა (ათეროსკლეროზი) ან ტექნიკური ხარვეზები პირველადი ოპერაციის შესრულებისას. თრომბექტომია წარმოადგენს აორტის  სანათურიდან თრომბოემბოლის  ქირურგიულ მოცილებას პირდაპირი ან არაპირდაპირი მეთოდებით დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღდგენის მიზნით. პირდაპირი თრომბექტომია ტარდება ღია წესით, მოიცავს აორტოტომიას, თრომბის მოცილებასა და აორტის  კედლის გაკერვას. არაპირდაპირი მეთოდით თრომბის მოცილება ხდება ფოგარტის ბალონური ზონდის მეშვეობით.

აორტის  სხვადასხვა ნაწილის სტენოზირებისას ნაჩვენებია ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება, ხოლო პროტეზების ან შუნტების შემთხვევაში განმეორებითი რეკონსტრუქციული ოპერაცია. აორტის  რამდენიმე ტოტის ერთდროული დაზიანებისას შესაძლებელია ერთმომენტიანი ქირურგიული რეკონსტრუქცია. აორტის  რამდენიმე ტოტის ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია ნაჩვენებია მულტიფოკალური ათეროსკლეროზის, ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზებისა და ოკლუზიის დროს ან ისეთი დაზიანებისას, როდესაც არსებობს თრომბოემბოლიის განვითარების საშიშროება (არასტაბილური თრომბები და ათეროსკლეროზული ბალთები), გამონაკლისს წარმოადგენს პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, მოსვენების სტენოკარდიითა და სუნთქვის უკმარისობით.

აორტის  განმეორებითი რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები ნაჩვენებია აორტისა და მაგისტრალური სისხლძარღვების პირველადი რეკონსტრუქციული ოპერაციის შემდგომი გართულებებისას (თრომბოზები, პროთეზისა და შუნტების  სტენოზი, ანასტომოზის ანევრიზმის, სისხლძარღვოვანი ტრანსპლანტატის ინფექციის დროს). პროტეზების სტენოზის, მასზე ზეწოლის ან გადაგრეხის დროს, ტარდება პროთეზის რეზექცია  და რეპროტეზირება.  სისხლძარღვოვანი შუნტების თრომბოზის დროს ტარდება თრომბექტომია და ანასტომოზის პლასტიკა. სისხლძარღვოვანი ტრანსპლანტატების ანევრიზმის განვითარების შემთხვევაში საჭიროებს ანევრიზმის კედლის გაკვეთას და დაზიანებული უბნის რეპროტეზირებას. პროთეზის ინფექციის დროს ხდება მისი მოცილება და ექსტრაანატომიური შუნტირება.

რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე   ტარდება მისი ტრავმული დაზიანებისას და მოიცავს აორტის  გაკერვას ან მის პროტეზირებას.

გვიან გართულებებს მიეკუთვნება აორტის ანევრიზმა, არტერიოვენოზური ფისტულა.

რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტის ანევრიზმის დროს

აორტის  ანევრიზმის დროს ოპერაციები მოიცავს ანევრიზმული  მიდამოს რეზექციისა და აორტის  პროთეზირებას ან ანევრიზმის დახურულ ენდოპროთეზირებას სპეციალური სისხლძარღვშიდა  პროთეზებით.

ოპერაცია აორტის  ანევრიზმის დროს შეიძლება იყოს გეგმიური ან გადაუდებელი. გეგმიური ოპერაციები ტარდება ნებისმიერი ეტიოლოგიის აორტის  მსხვილი ანევრიზმის დროს, როდესაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი ან ახლომდებარე ანატომიური სტრუქტურების კომპრესია, რეგიონალური ან სისტემური ჰემოდინამიკის დარღვევა. გადაუდებელი ოპერაციული ჩარევა ნაჩვენებია ანევრიზმის გართულებული მიმდინარეობისას – პერიფერიული არტერიის ემბოლიისას, უარყოფითი კლინიკო-რენტგენოლოგიური დინამიკისას, განშრევების ან გასკდომის დროს. სისხლძარღვოვან ქირურგიაში შემუშავებულია ოპერაციების სხვადასხვა მეთოდები, რაც დამოკიდებულია ანევრიზმის ლოკალიზაციაზე. აორტის  ანევრიზმის დროს ოპერაციული ჩარევა უმეტეს შემთხვევებში ტარდება ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში, რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ადექვატურ პერფუზიას.

ოპერაციები აორტაზე:

  1. ბენტალის პროცედურა – ტარდება როდესაც აღინიშნება აორტის  სარქვლების დაზიანებაც. ხდება აორტის  სარქვლის, აორტის  ბოლქვის, აღმავალი აორტის  პროტეზირება და კორონარული არტერიების რეიმპლანტაცია
  2. სარქვლის დამზოგავი ოპერაცია (დავიდის პროცედურა) – ხდება მხოლოდ აორტის  ბოლქვისა და აღმავალი აორტის  პროტეზირება
  3. იაკუბის პროცედურა – აღმავალი აორტის  პროტეზირება
  4. როსის პროცედურააორტის  დაზიანებული სარქვლის ჩანაცვლება ხდება ავტოტრანსპლანტატით –  პულმონარული  სარქვლით, ამ უკანასკნელის ნაცვლად კი გამოიყენება ალოტრანსპლანტატი

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..