პანკრეასის ულტრაბგერითი გამოკვლევა
პანკრეასის ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩვენებები:
- ნებისმიერი მორეციდივე ან ხანგრძლივად მიმდინარე ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში
- პალპირებადი წარმონაქმნი ან მტკივნეულობა პალპაციისას
- ვერიფიცირებული მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტი გართულებების დროული გამოვლენის მიზნით (კისტები, აბსცესი, ნეკროზი)
- პანკრეასის კისტაზე, აბსცესზე, კიბოზე ეჭვის არსებობა
- გასტროსკოპიით კუჭის უკანა კედლის დეფორმაცია
- თორმეტგოჯა ნაწლავის მარყუჟის კონტურებისა და ფორმის ცვლილება რენტგენოლოგიური გამოკვლევისას
- წონის მკვეთრი კლება
- სიყვითლე
- კუჭის მოქმედების დარღვევა
პანკრეასის დაავადებებს, რომელთა დიაგნოსტირება შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით, მიეკუთვნება მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი, ტრავმული დაზიანება, პანკრეასის თავის კიბო, პანკრეასის კისტა, აბსცესი და სხვა.
ნორმაში პანკრეასის ექოსტრუქტურა ინტენსივობით ღვიძლის ექოსტრუქტურის მსგავსია, დომინირებს წვრილი ექოსიგნალები, რომლებიც თანაბრად არის განაწილებული მთელ ორგანოში. ასაკის მატებისას ცხიმის დაგროვებასა და ფიბროზული ქსოვილის წარმოქმნასთან ერთად პანკრეასის ექოსტრუქტურა ძლიერდება.
სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დროს ექოსტრუქტურა მნიშვნელოვნად იცვლება. მწვავე პანკრეატიტისათვის დამახასიათებელია ექოგენობის მკვეთრი დაქვეითება, ჯირკვლის შეშუპების გამო, ქრონიკული პანკრეატიტის და კიბოს დროს კი პირიქით გაძლიერება და ჰეტეროგენურობა (ფიბროზი და ნაწიბუროვანი ცვლილებები), პანკრეასის კისტა კი ექონეგატიურია. პანკრეასის ულტრაბგერითი გამოკვლევისას მნიშვნელოვანია შეფასდეს ორგანოს კონტურები. სწორი კონტურები დამახასიათებელია პანკრეასის კისტისათვის, არასწორი კიდეები კი აღინიშნება პანკრეასის შეშუპების, ქრონიკული პანკრეატიტის, სიმსივნის დროს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისეთი ირიბი ექოსკოპიური ნიშნები, როგორიცაა: ღვიძლის დორსალური ზედაპირის ჩაღრმავება, აორტისა და ქვემო ღრუ ვენების გადანაცვლება, რაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნურმა წარმონაქმნმა, ვირსუნგის სადინრის გაფართოება ქრონიკული და რეაქტიული პანკრეატიტის დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
