სპირომეტრია

სპირომეტრია

სპირომეტრია წარმოადგენს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევის ბაზისურ მეთოდს, რომლის  შედეგებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა  ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. გარდა ამისა სპირომეტრიის მონაცემები იცვლება მთელი რიგი სხვა პათოლოგიების, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს და ახასიათებს მათ გავლენას სასუნთქ ფუნქციაზე. პათოლოგიური პროცესის გამოვლენის შემდეგ კი განმეორებითი გამოკვლევა  საშუალებას იძლევა შეფასდეს დაავადების მიმდინარეობა დინამიკაში და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. სპირომეტრიის ჩატარება საჭიროა ანესთეზიის ან კარდიო-ვასკულური ქირურგიის წინ პრეოპერაციულად რისკის შეფასების მიზნით.  სპირომეტრია იძლევა შესაძლებლობას მოხდეს ფილტვის ობსტრუქციულ და რესტრიქციულ დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზის გატარება.

გამოყოფენ გარეგანი სუნთქვის დარღვევის ორ ტიპს: ობსტრუქცია და რესტრიქცია

ობსტრუქციის დროს აღინიშნება სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა (სპაზმი, ანთებითი პროცესი, ლორწო, უცხო სხეული). ფილტვების ობსტრუქციულ დაავადებებს მიეკუთვნება ფქოდი, ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, ბრონქული ასთმა.

რესტრიქციული პროცესის დროს ხდება თვით ფილტვის ქსოვილის ელესტიურობის დაქვეითება ან მისი მოცულობის შემცირება. რესტრიქციული დარღვევის მიზეზებს შორისაა ფილტვის ატელექტაზი, პნევმოთორაქსი, ალვეოლური და ინტერსტიციული პროცესები (შეშუპება, ფიბროზი, ინფექციური პროცესი) და სხვა.

სპირომეტრიის ძირითადი მაჩვენებლები:

TV – სუნთქვითი მოცულობა – ჰაერის ის მოცულობა, რომელიც აღწევს ფილტვებში ერთი ჩასუნთქვის დროს მშვიდი სუნთქვისას, ნორმა – 500-800მლ.

VC – ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა – ეს არის ჰაერის ის მაქსიმალური მოცულობა, რომელსაც ამოისუნთქავს ავადმყოფი. ეს მაჩვენებლი მნიშვნელოვნად მცირდება ფილტვების რესტრიქციული დაავადებებისას.

FVC – ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა – ეს არის ჰაერის ის მოცულობა, რომელიც ამოდის ფორსირებული ამოსუნთქვისას, წინა მაჩვენებლისაგან იმით განსხვავდება, რომ ამ შემთხვევაში ავადმყოფი სუნთქავს მაქსიმალური ინტენსივობითა და სისწრაფით.

FEV1- ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა პირველ წამში – ჰაერის მოცულობა, რომელიც ფორსირებული ამოსუნთქვის პირველ წამს გამოიდევნება ფილტვებიდან. აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს მსხვილი სასუნთქი გზების მდგომარეობას, გამოისახება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის პროცენტის სახით და ნორმაში შეადგენს 75%-ს.

FEV1/FVC  – ტიფნოს ინდექსი – ერთერთი  საუკეთესო მაჩვენებელია ფილტვების რესტრიქციული და ობსტრუქციული დაავადებების სადიფერენციაციოდ. ტიფნოს ინდექსი ნორმაში 70%-ს შეადგენს, აღნიშნულ მაჩვენებლის დაქვეითება მიუთითებს ობსტრუქციულ პროცესზე, ხოლო როდესაც აღემატება 70%-ს სავარაუდოა რესტრიქციული პათოლოგია.

FEF – საშუალო მოცულობითი სიჩქარე – აღნიშნული მაჩვენებელი ასახავს წვრილი სასუნთქი გზების მდგომარეობას, დიდი მნიშვნელობა გააჩნია ობსტრუქციული პათოლოგიის გამოვლენისათვის.

PEF – ფორსირებული ამოსუნთქვის პიკური სიჩქარე –  ეს არის მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარე ფორსირებული ამოსუნთქვის დროს, ასახავს სასუნთქი გზების გამტარობას ტრაქეისა და მსხვილი სასუნთქი გზების დონეზე.

სპირომეტრიის დროს გამოკვლევა ხდება მშვიდი და ფორსირებული სუნთქვის დროს, თუმცა გარდა ამისა ტარდება ფუნქციურ სინჯები – ბრონქოდილტატორებით, პროვოკაციულ სინჯები და სხვა. ობსტრუქციული დარღვევების გამოვლენისას, ობსტრუქციის შექცევადობის განსაზღვრის მიზნით მიმართავენ სინჯებს საინჰალაციო ბრონქოდილატატორებით, რომლის დროსაც ფასდება მათი გავლენა სპირომეტრიულ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით კი FEV1-ზე.

სპირომეტრია – არასასურველი გვერდითი მოვლენები

საჭირო მონაცემების მიღებისათვის აუცილებელია რამდენიმე სასუნთქი მანევრის ჩატარება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი დაღლილობის შეგრძნება და სხვადახვა ხარისხით გამოხატული თავბრუსხვევა, რაც გაივლის  1-3 წუთის განმვლობაში. სხვა უფრო სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარება დამოკიდებულია თანმხლები და ძირითადი დაავადებების სიმძიმესა და ხასიათზე.

სპირომეტრიის უკუჩვენებები

ძლიერი და ხანგრძლივი ამოსუნთქვა განაპირობებს სასუნთქი კუნთების მნიშვნელოვან დაძაბულობას, დატვირთვას გულმკერდის ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილზე, იწვევს გულმკერდისა და მუცლის ღრუს, ასევე ქალასშიდა  წნევის მატებას. ზემოთ აღნიშნულის გამო სპირომეტრია უკუნაჩვენებია თვალზე ჩატარებული ოპერაციების, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევების  შემდეგ მინიმუმ 6 კვირის განმავლობაში, მიოკარდიუმის ინფარქტისთავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (ინსულტი) შემთხვევაში არანაკლებ ოთხი კვირის განმავლობაში. სპირომეტრია ასევე უკუნაჩვენებია განშრევებადი ანევრიზმის, ფსიქიური დარღვევების დროს. გარდა ამისა ბრონქოდილატატორების მიღებამ შესძლოა გავლენა იქონიოს გულის რითმზე და არტერიული წნევის მაჩვენებლებზე პირებში არტერიული ჰიპერტენზიითა და გულის რითმის გამოხატული დარღვევით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988