ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი

ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც აზიანებს შარდ-სასქესო ორგანოებს და გამოწვეულია უროგენიტალური ტრიქომონადით. ტრიქომონადები წარმოადგენს ერთუჯრედიან მიკროორგანიზმებს, რომლებიც მიეკუთვნებიან უმარტივესებს; მათ აქვთ უნარი მკაცრად მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში შარდსასქესო სისტემაში პარაზიტობისა. შოლტისა და მემბრანის მოძრაობის საშუალებით ისინი აქტიურად გადაადგილდებიან და ავითარებენ ფსევდოპოდიებს, რომლითაც შეუძლიათ შეაღწიონ უჯრედშორის სივრცეში.

ტრიქომონადებით დასნებოვნება უპირატესად სქესობრივი გზით ხდება. ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით დაავადების გადაცემის იშვიათი შემთხვევები აღინიშნება პატარა ასაკის გოგონებში დაავადებული პირებისგან. დაავადების საერთო გზის არსებობის გამო უროგენიტალური ტრიქომონადები ხშირად გვხვდება გონოკოკურ ინფექციებთან ერთად.

ტრიქომონადების მიმართ დაავადების თანდაყოლილი მიუღებლობა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ ადამიანში დასნებოვნებას აქვს მხოლოდ მოკლეხნიანი მტარებლობის სახე. მამაკაცებში ტრიქომონადები პარაზიტობენ ურეთრაში, პარაურეთრალურ მილებში, სათესლეების დანამატებში, ხოლო ქალებში – შარდსაწვეთში, საშოს ლორწოვანში, საშვილოსნოს ყელში.

მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ ახალ (მწვავე, ქვემწვავე, ტორპიდული), ქრონიკულ (2 თვეზე მეტი ხნის მიმდინარეობისას) ტრიქომონიაზს და ტრიქომონადმტარებლობას. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ მოიცავს 7-10 დღეს, თუმცა შესაძლოა იყოს უფრო ხანმოკლე (3 დღე) და უფრო ხანგრძლივიც (თვემდე და უფრო მეტიც.

კლინიკური სურათი ტრიქომონადული ურეთრიტისა მამაკაცებში თითქმის არ განსხვავდება გონორეისგან და ახასიათებს ზომიერად გამოხატული ანთებითი ცვლილებები, რაც უხშირესად მიმდინარეობს მინიმალური სიმპტომატიკით სერიოზული სუბიექტური გამოვლინებების გარეშე. ტრიქომონადული ინფექციის დროს ქალებში სიმპტომები მეტადაა გამოხატული მამაკაცებთან შედარებით. აღინიშნება ვაგინიტის ნიშნები, რომელსაც შესაძლოა თან დაერთოს ურეთრიტი, ენდოცერვიციტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია. მწვავე ვაგინიტის დროს პაციენტები უჩივიან წვას, ქავილს, უხვ, ზოგჯერ ქაფისებურ გამონადენს.

დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ნაცხში გამომწვევის უშუალო გამოვლენაზე ჩივილებისა და გარეგნული ნიშნების გამოვლენისას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

One thought on “ტრიქომონიაზი”

Comments are closed.