ბავშვის ოთახის გაფორმება

ბავშვის ოთახის გაფორმება

საბავშვო ოთახის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან სტილის, დეკორაციებისა და მთლიანად ინტერიერის სწორად არჩევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ რამდენად სრულფასოვანი ბავშვობა ექნება თქვენს პატარას. საბავშვო ოთახის ორგანიზება არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ დადგათ სარწეველა საწოლი და მიმოფინოთ რბილი სათამაშოები. ყველაფერი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, ყველაზე პატარა დეტალიც კი. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს, არის უსაფრთხოება, ფუნქციონალურობა და ჰარმონია.

ბავშვის ოთახი მაქსიმალურად გათვლილი უნდა იყოს განვითარებისა და დასვენებისათვის. ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციეთ სამუშაო გარემოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს არამარტო ინტელექტუალური, საგანმანათლებლო თამაშები, არამედ დროის აქტიურად და სახალისოდ გასატარებელი სხვადასხვა საშუალებები. თუ თქვენ გაქვს ძალიან შეზღუდული სივრცე, უმჯობესია გამოიყენოთ ტრანსფორმერი ავეჯი: გასაშლელი საწოლი, დასაკეცი მაგიდა და ა. შ.

ყველაზე მთავარი კი მაინც უსაფრთხოებაა. საბავშვო ოთახში არ შეიძლება იყოს ბასრი კიდეები, აალებადი მასალები, ასევე მყიფე და ადვილად მსხვრევადი ნივთები, რამაც შეიძლება თქვენს პატარას ზიანი მოუტანოს.

მზის სინათლე ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკურ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. ამიტომ ბავშვისათვის უნდა შევარჩიოთ რაც შეიძლება განათებული ოთახი. ფანჯარა, საიდანაც სინათლე შემოდის, ასევე მოითხოვს ყურადღებას. უმჯობესია დავაყენოთ ეკოლოგიურად სუფთა ფანჯრის კონსტრუქცია, რომელიც დაიცავს ბავშვს ქუჩიდან შემოსული ხმაურისაგან, მტვრისაგან და მწერებისაგან.
იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ახერხებთ უზრუნველყოთ სრულყოფილი ბუნებრივი განათება ოთახში, უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი ხელოვნური სინათლის წყარო. რომლის სპექტრიც იქნება რბილი, მსუბუქი და არაგამაღიზიანებელი. არანაირი დღის სინათლის ნათურები და ფერადი თვალისმომჭრელი სანათები.

ფერი, აი კიდევ ერთი მთავარი ასპექტი. უნდა ეცადოთ, რომ ჰარმონია იყოს ყველაფერში. თუ თქვენ წითელი ფერის სარწეველა საწოლი უნდა დადგათ ბავშვისათვის, არ ღირს ამავე ფერის შპალერის გაკვრა. ერთფეროვნება ზეწოლას ახდენს ადამიანზე და ქმნის ცუდ განწყობას. ამ შემთხვევაში სჯობს აირჩიოთ უფრო ნათელი ფონი კედლისათვის. ნახატები და შპალერის ფონი, უმჯობესია იყოს ნეიტრალური და მშვიდი. ოპტიმალური ვარიანტია ნაზი ცისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი, პატარა უმნიშვნელო უზორებით. არ ღირს გამოიყენოთ მულტფილმების პერსონაჯებით მოხატული შპალერი. ეს აფერხებს ბავშვის ფანტაზიის განვითარებას (ასეთი ვარიანტი მხოლოდ ძალიან პატარა ასაკში შეიძლება დავუშვათ). ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება შპალერის მასალას. უკეთესია თუ აირჩევთ ისეთ შპალერს, რომელიც ირეცხება. უდავოა, რომ არჩევანი ამ სფეროში ძალიან დიდია.

რაც შეეხება იატაკს, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ხის ან ლამინირებულ პარკეტს. ლინოლეუმსა და რბილ იატაკს აქვთ თავისი მინუსები (ლინოლეუმი ძალიან ცურავს, ხოლო რბილი იატაკი მტვერს აგროვებს). პარკეტის ან ლამინატის არჩევის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ მასალა აკმაყოფილებდეს ძირითად მოთხოვნებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით, რაც აუცილებლად უნდა იყოს დამტკიცებული სპეციალური სერთიფიკატით. მასალის ფერი უნდა იყოს არჩეული ოთახის ფერთა გამის შესაფერისად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ ბავშვი იატაკზე არამარტო დადის, არამედ გორავს, დაცოცავს და სძინავს კიდევაც. ამიტომ იატაკი უნდა იყოს არამარტო გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა, არამედ თბილიც. ამის მიღწევა თქვენ შეგიძლიათ იატაკის ქვეშ გამათბობელი სისტემის მოთავსებით.

ჭერი, ეს მშობლების ფანტაზიის უბანია, სადაც შეუძლიათ არამარტო შეღებონ, შეათეთრონ, ან სხვადასხვა ფორმა მისცენ, არამედ მიაწებონ მასზე მანათობელი (რომლების სინათლეს ისრუტავენ და ღამით ანათებენ) ვარსკვლავები, ფიგურები, ან ჩიტები. ჩაბნელებულ ოთახში დაძინების დროს თქვენი პატარა დაინახავს არა ერთფეროვან სიბნელეს და საშინელ აჩრდილებს, არამედ ვარსკვლავებიან ცას, ან ლამაზ ფიგურებს.
შეძლებული მშობლებისათვის, ან მათთვის, ვისაც სურს თავის შვილს აჩუქოს ზღაპარი, არსებობს ვარსკვლავებიანი ცის მზა მოდელი. ეს შეკიდული ჭერია გამზადებული გაფორმებებით. ასეთი ჭერი ძვირი ჯდება, სამაგიეროდ დიდი სიხარული მოაქვს.

საბავშვო ოთახი – ეს მთელი სამყაროა ბავშვის აღქმაში. დაფიქრდით ამაზე და აჩუქეთ თქვენს პატარას ბედნიერება. ოთახის გაფორმების დროს შეჯერდით რომელიმე განსაზღვრულ თემატიკაზე და მაშინ ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.

აღებულია: http://perla.ge/index.php?do=fullmod/product&id=148&mid=49

_________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..