განქორწინება

განქორწინება

აზრი, რომ მშობლების განქორწინება არანაირად არ შეეხება ბავშვს, ერთ-ერთი იმ ზღაპართაგანია, რომელსაც მშობლები თავის დასამშვიდებლად იგონებენ. სამწუხაროდ, განქორწინება ბავშვს უშუალოდ ეხება და მშობლების ქცევა ამ სიტუაციაში, მათი ურთიერთობა ერთმანეთსა და შვილთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის დამოკიდებულებას გაყრის მიმართ. ბავშვისთვის მშობლების განქორწინება იმას ნიშნავს, რომ დედას და მამას აღარ შეუძლიათ ერთად ცხოვრება, რომელიმე მათგანი სახლიდან მიდის. სამყარო ორ ნაწილად იხლიჩება და ამ დღიდან თავისი დანგრეული სამყაროს გაცნობიერებას და მის “აღდგენას” ცდილობს. ის მხოლოდ იმის ნაწილია, რასაც მის წარმოდგენაში მარტივი სახელი აქვს: “დედა, მამა და მე”. და აი, სწორედ ეს მთლიანობა ირღვევა. ხშირად, აღელვებული მშობლები ჯანსაღი აზროვნების უნარს კარგავენ და ბავშვისგან მოითხოვენ გადაწყვეტილების მიღებას: ვისთან ერთად სურს ცხოვრება – დედასთან თუ მამასთან? რომელი უფრო უყვარს? რომელს ირჩევს? პატარასთვის კი ასეთი გადაწყვეტილების მიღება იგივეა, რაც საკუთარი ორი ხელიდან მარჯვენასთვის ან მარცხენათვის უპირატესობის მინიჭება. კითხვის დასმისას თითოეული მშობელი დარწმუნებულია, რომ პატარა სწორედ მას აირჩევს და არ უფიქრდება, თუ რა ხდება ბავშვის სულში, როდესაც იმ ფაქტის წინაშე აყენებს, რომ მამა (ან დედა) მასთან აღარ იცხოვრებს. არ დაფიქრებულხართ, რომ პატარა თავს მიტოვებულად და დამნაშავედაც კი იგრძნობს. მამა (თუ დედა) ხომ იმიტომ მიდის, რომ მან ასეთი არჩევანი გააკეთა. ე. ი. ის ცუდი ბავშვია!
განქორწინებისას, საკუთარი პრობლემებით დაკავებული მშობლების ბავშვის მიმართ დაუფიქრებელმა და უყურადღებო დამოკიდებულებამ, შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. რა თქმა უნდა, ეს ბავშვის ხასიათზეც არის დამოკიდებული. თუმცა, მისი ნებისმიერი რეაქცია იმით იქნება განპირობებული, რომ ბავშვს ბიოლოგიურად და ქიმიურად არ შეუძლია თავსმოხვეული ინფორმაციის გადამუშავება. ამ დროს ის ფიქრობს, რომ ერთადერთი ბავშვია მთელ სამყაროში, რომელსაც თავს დაატყდა ამგვარი უბედურება, და ეს მას უფრო მეტად აფრთხობს მაგრამ ის მაინც იმედოვნებს, რომ მის გამო მშობლები კვლავ გაერთიანდებიან. როცა ამის მიუხედავად, მამა მაინც მიდის სახლიდან, ბავშვი ასეთ დასკვნას აკეთებს: ესე იგი, მას არ უყვარს ის. ამიტომ აუცილებელია, აუხსნათ ბავშვს, რომ თქვენ ის ძველებურად გიყვართ. უმჯობესია, მას თავიდანვე უთხრათ, რომ მშობლები ერთად აღარ იცხოვრებენ. ამასთან, უნდა გავაგებინოთ, რომ დედას და მამას ის ძველებურად უყვართ და მამა მასთან იმდენსავე დროს გაატარებს, რამდენსაც დაშორებამდე ატარებდა.ხშირად ისეც ხდება, რომ მამები, რომლებიც ახალ, თავისუფალ ცხოვრებას ეზიარებიან, შთამომავლობას ივიწყებენ. ამ შემთხვევაში, ბავშვის ფსიქიკაზე ზრუნვის მთელი ტვირთი დედის მხრებს აწვება. ზოგიერთი მათგანი “გმირი მამის” შესახებ ზღაპრის შეთხზვას
ცდილობს, სხვები კი, სრულიად არ უფრთხილდებიან ბავშვის ფსიქიკას და ყველანაირ სიბინძურეს ლაპარაკობენ მისი თანდასწრებით ყოფილ ქმარზე. როგორია მამა, ამას ბავშვი თვითონ მიხვდება, როცა გაიზრდება. საჭირო არ არის ზღაპრების მოგონება, და არც ბავშვის თანდასწრებით მამის ლანძღვა. შეეცადეთ, აუხსნათ მას, რომ მამას ძველებურად უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ვერ თამაშობს, ვერ სეირნობს და სტუმრადაც ვერ მოდის.სინამდვილეს არ შეეფერება მოსაზრება, რომ პატარებს არაფერი ესმით, ყველაფერი მალე ავიწყდებათ და ამიტომ, მშობლების განქორწინება მათ ბავშვურ ფსიქიკაზე კვალს არ ტოვებს.

აღებულია: http://bavshviszrdaganvitareba.blogspot.com/p/blog-page_2815.html

________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..