დები და ძმები

დები და ძმები
მართალია, დედმამიშვილებს შორის კონფლიქტი, უსიამოვნება და მტრული დამოკიდებულება ალოგიკურ მოვლენად შეგვიძლია განვიხილოთ, სამწუხაროდ, ასე მაინც ხდება ხოლმე.
პირველი გაუცნობიერებელი კონფლიქტი ჯერ კიდევ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ოჯახში ახალი ბავშვი იბადება, უფროსი ძმა ან და კი მასზე ეჭვიანობას იწყებს, რადგან ფიქრობს, რომ ამიერიდან ის მუდამ ნომერი ორი იქნება. თავიდან დედმამიშვილებს შორის დამოკიდებულება მშობლებმა უნდა დაარეგულირონ, რათა შვილებს პრობლემისადმი მიდგომის მექანიზმი გამოუმუშავდეთ.

საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

კონფლიქტები

ბავშობაში კონფლიქტის წყარო შეიძლება სათამაშო ან ტანსაცმელი გახდეს, ამიტომ ეცადეთ, უპირატესობა არც ერთ ბავშვს არ მიანიჭოთ. ზოგჯერ დედები იმდენად ერთობიან გოგონას პრინცესასავით გამოპრანჭვით, რომ ვაჟის ლამაზად ჩაცმა ავიწყდებათ, რაც ასევე შეიძლება უსიამოვნების მიზეზი გახდეს.
თანასწორობა სწორედ ის იარაღია, რომელიც ამ მხრივ ბალანსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კონფლიქტის ახალი ეტაპი მოზარდობისას იწყება, როდესაც დები და ძმები საკუთარ უპირატესობას არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ მთელ სამყაროს უმტკიცებენ. ასეთ დროს მშობელს განსაკუთრებული ყურადღება მართებს, რადგან მოზარდობიდან ზრდასრულ ცხოვრებამდე ერთი ნაბიჯია, ერთ ნაბიჯში წყენის შენარჩუნება კი ძალიან ადვილია.

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა

მშობელი ვალდებულია ყველა შვილს ერთნარად შეუქოს ნამუშევარი, დაანახოს შვილებს, რომ ყველა მათგანზე ერთნაირად ზრუნავს, ღელავს და რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება მასზე ნეგატიურად მოქმედებს. გახსოვდეთ, რომ, როგორც წესი, მშობლები შვილებისთვის ავტორიტეტები არიან, ამიტომ და-ძმასთან დაპირისპირება მათი განაწყენების ხარჯზე ნამდილად არ სურთ.
ეს, გარკვეულწილად, შვილების გრძნობებით მანიპულირებას ჰგავს, მაგრამ ზოგჯერ შედეგი მართლაც ამართლებს საშუალებას – შედეგი კი მშვიდი ოჯახი და მოყვარული დედმამიშვილები არიან.
მათ დასაახლოებლად კიდევ ერთი ხრიკის გამოყენება შეგიძლიათ: სთხოვეთ ერთმანეთს მეცადინეობაში დაეხმარონ.
ეს მათ ურთიერთობას უფრო გაამყარებს და, როდესაც გააცნობიერებენ, რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებული, კონკურენციის სურვილი გაქრება.
ოჯახში და-ძმას შორის კონფლიქტი ერთმა დაუფიქრებლად ნათქვამმა ფრაზამაც შეიძლება წარმოშვას. მაგალითად, ზოგ ქართულ ოჯახში გოგონას გოგოდ მოიხსენიებენ, ვაჟს – შვილად (ალბათ გაგიგონიათ ფრაზა: \”გოგო და ერთი შვილი მყავს\”).
ასევე დაუფარავად აცხადებენ, რომ გოგო გათხოვდება და სახლიდან წავა, მთელი ქონება კი ბიჭს დარჩება.
ასეთ მოპყრობას არა მხოლოდ გოგონას განაწყენება და ძმაზე გაბოროტება, არამეც ბიჭის გაყოყოჩებაც შეუძლია, რაც წყენაზე ცუდის მომტანი შეიძლება გახდეს.
ასეც რომ ფიქრობდეთ და აპირებდეთ, ამის შესახებ ხმამაღლა და ხაზგასმით საუბარს მოერიდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენს შემდეგ და და ძმა მარტო დარჩებიან, მათი შვილები ერთად უნდა გაიზარდონ, ამიტომ მათ შორის ნეგატიურ დამოკიდებულებას ბავშვობიდანვე ნუ დათესავთ.
ქონების არათანაბრად გაყოფას ზრდასრულ ასაკში გაცილებით იოლად გადაიტანენ, ვიდრე ამის შესახებ მოზარდობისას ფიქრის ფონზე.

საერთო გატაცება

კარგია, თუ დედმამიშვილები ერთმანეთთან მეგობრობასაც ახერხებენ. მათი დამეგობრება საერთო გატაცებასაც შეუძლია: მუსიკა, სპორტი, მეცნიერება და სხვა.
თუმცა ასეთ დროსაც მოგიწევთ ყურადღებით ყოფნა, რადგან კონფლიქტი სამეგობროშიც გარდაუვალია, მით უფრო, თუ საერთო ინტერესის გამო ჯერ კონკურენცია, შემდეგ კი უსიამოვნება იჩენს თავს.
ასევე ურთერთობის გამწვავება შეუძლია ინტერესის საერთო ობიექტსაც – თუ ძმებს ან დებს ერთი და იგივე ადამიანი შეუყვარდათ. ასეთ დროს დედმამიშვილობა მეორე, მესამე ადგილზე ინაცვლებს და ნამდვილი რბოლა იწყება.
მშობელს ამ დროს განსაკუთრებული ყურადღების
გამოჩენა მართებს, ხოლო შემთხვევები იმდენად ინდივიდუალურია, მათი განეიტრალება მხოლოდ ფსიქოლოგის რჩევას შეუძლია.
ასევე ყურადღების გამახვილება გმართებთ ერთი უხერხული მოვლენის მიმართაც: ზოგჯერ მოზარდობისას დასა და ძმას შორის არაჯანსაღი დამოკიდებულება ყალიბდება, ერთმანეთს არა დედმამიშვილებად, არამედ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებად აღიქვამენ.
მიაქციეთ ყურადღება, თუ და-ძმა მხოლოდ ერთმანეთთან ატარებს დროს, არ ჰყავთ მეგობრები, შეყვარებულები, მშობლებთან ურთიერთობას ერიდებიან თითქოს იმის შიშით, რომ რაღაც შეამჩნიონ.

პრევენცია

პრევენციისთვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მოზარდი და-ძმა ერთ ოთახში არ უნდა ცხოვრობდეს, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კი ჯერ ფსიქოლოგთან გასაუბრებას გვირჩევენ, შემდეგ კი შვილებთან.
არავითარ შემთხვევაში არ ატეხოთ ისტერიკა, სკანდალს სახლიდან ნუ გაიტანთ, რადგან ამით ისედაც უხერხულად მყოფ შვილებს ძალიან ცუდ სამსახურს გაუწევთ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია, ფსიქოლოგები მას ბუნებრივ მოვლენადაც აღიარებენ, ამიტომ თავს ნუ დაისჯით და ნურც შვილებს დასჯით – გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. 
გადასვლა>>> ,,ბავშვი”

აღებულია http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1383561486.