პროქტოსიგმოიდიტი

პროქტოსიგმოიდიტი

სიგმოიდური და სწორი ნაწლავის  ლორწოვანის ანთება. ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა. გვხვდება უპირატესად ქალებში, რაც ჰორმონული ფონის ცვლილებებით,  გადაღლილობითა და ხანგრძლივი სტრესითაა განპირობებული. >>>>

პროქტოსიგმოიდიტი — სიგმოიდური  და სწორი ნაწლავის  ლორწოვანში ლოკალიზებული ანთება. პროქტოსიგმოიდიტი კოლიტის გამოვლინების ყველაზე ხშირი ფორმაა. ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა;  ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ორგანოების ანთებასთან ერთად (გასტროენტერიტი და  ენტერიტი).

  • პროქტოსიგმოიდიტის ზოგადი აღწერა
  • დაავადების განვითარების მიზეზები
  • მწვავე ფორმის სიმპტომები
  • ქრონიკული ფორმის სიმპტომები
  • კატარული პროქტოსიგმოიდიტი
  • პროქტოსიგმოიდიტის დიაგნოსტიკა
  • პროქტოსიგმოიდიტის მკურნალობა

პროქტოსიგმოიდიტი, ასევე  შეიძლება ცალკე ფორმით — სპასტიკური კოლიტის სახით არსებობდეს. პროქტოსიგმოიდიტი, მკვეთრად  გამოხატული სიმპტომებით,  გვხვდება უპირატესად ქალებში, რაც ჰორმონალური ფონის ცვლილებებით,  გადაღლილობითა და ხანგრძლივი სტრესითაა განპირობებული.

 

პროქტოსიგმოიდიტის  ზოგადი აღწერა

პროქტოსიგმოიდიტი, მიმდინარეობის მიხედვით, შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული.  ნაწლავის კედელში განვითარებული მორფოლოგიური ცვლილებების მიხედვით, შექმნილია შესაბამისი კლასიფიკაცია და გამოიყოფა პროქტოსიგმოიდიტის  შემდეგი ფორმები:

    • ატროფიული პროქტოსიგმოიდიტი;
    • ჰიპერტროფიული პროქტოსიგმოიდიტი;
    • კატარული პროქტოსიგმოიდიტი;
    • ჩირქოვანი  პროქტოსიგმოიდიტი;
    • წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი;
    • წყლულოვან-ნეკროზული პროქტოსიგმოიდიტი;
    • ფიბრინოზული პროქტოსიგმოიდიტი;
    • ჰემორაგიული პროქტოსიგმოიდიტი.

პროქტოსიგმოიდიტის განვითარების მიზეზები

გამოყოფილია პროქტოსიგმოიდიტის განვითარების მიზეზების კლასიფიკაცია, რომლის მიხედვით, პროქტოსიგმოიდიტი შეიძლება იყოს:

    • ალიმენტური
    • პარაზიტული
    • ინფექციური
    • ტოქსიკური
    • იშემიური
    • შეგუბებითი
    • სხივური

პროქტოსიგმოიდიტი მაპროვოცირებელი მიზეზების დაკონკრეტება ყოველთვის ადვილი არაა.  პროქტოსიგმოიდიტის ქრონიკული ფორმის გამომწვევი ფაქტორები, მისთვის დამახასიათებელი გამოკვეთილი მიზეზების გარეშე, შეიძლება იყოს:

    • არასწორი კვება (მარილიანი და მწარე საკვების, ტკბილეულის, ალკოჰოლის ჭარბად და რეგულარულად მიღება — ალიმენტური პროქტოსიგმოიდიტი);
    • ქრონიკული ყაბზობა, თანმდევი სწორი ნაწლავის კედლის ვენოზური შეგუბებით, ასევე მკვრივი განავლოვანი მასებით განპირობებული ლორწოვანის ტრავმები (შეგუბებითი პროქტოსიგმოიდიტი);
    • ასაკობრივი ფაქტორი, რომლის დროსაც სწორი ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის მკვებავ სისხლძარღვებში ვითარდება ათეროსკლეროზული ცვლილებები (იშემიური პროქტოსიგმოიდიტი).

პროქტოსიგმოიდიტის მწვავე ფორმა უპირატესად ინფექციური გზით ვითარდება. ინფექციის გამომწვევი სწორ ნაწლავში შეიძლება სხვადასხვა გზით მოხვდეს. ეს შესაძლოა იყოს  პირიდან (ქოლერა, დიზენტერია  და ა.შ. რაც, კომპლექსში მთელ მსხვილ ნაწლავზე ვრცელდება);

დასნებოვნება შესაძლოა მოხდეს ანალური გზით, ანალური მასტურბაციის, ან ანალური სექსის დროს.  (ამ შემთხვევაში შესაძლოა სწორ ნაწლავში სპეციფიკური ანთების — სიფილისის, გონორეის და ა.შ. განვითარება).

დასნებოვნება ასევე შესაძლოა ჰემატოგენური გზითაც, რაც გულისხმობს, როგორც სწორი ნაწლავის, ასევე მეზობელი ორგანოებისათვის დამახასიათებელი სხვა ანთებითი დაავადებების არსებობას (ანუ პარაპროქტიტი, ჰემოროი, პოლიპები, ვაგინიტი (კოლპიტი), პროსტატიტი, ცისტიტი, სწორი ნაწლავის კიბო).

ცალკე უნდა გამოვყოთ პარაზიტული პროქტიტი, რომლის დროსაც ნაწლავის კედლის ანთება ვითარდება მსხვილი და წვრილი ნაწლავის სანათურში ჰელმინთების და კედლისმიერი პარაზიტების არსებობის გამო.

პროქტოსიგმოიდიტის მწვავე ფორმა შეიძლება ასევე განვითარდეს რომელიმე შხამით, სოკოთი მოწამვლის დროს.

არცთუ იშვიათად პროქტოსიგმოიდიტის დიაგნოზი ისმება ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების შემდგომ, რომლის დროსაც სერიოზულად ირღვევა ნაწლავის მიკროფლორის  ბალანსი, რაც თავის მხრივ, პათოგენური მიკროფლორის ზემოქმედების გამო, შესაძლოა ლორწოვანის დაზიანების მიზეზი გახდეს.

ყურადღების გარეშე არ შეიძლება დავტოვოთ, სხივური პროქტიტი, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა და მკურნალობას ძნელად ემორჩილება. სხივური პროქტიტი ვითარდება ამ მიდამოს ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპიის შედეგად.

მწვავე  პროქტოსიგმოიდიტის სიმპტომები

პროქტოსიგმოიდიტის მწვავე ფორმას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

    • ზოგადი ინტოქსიკაცია
    • ტემპერატურის მომატება
    • ტანში მტვრევა, საერთო სისუსტე
    • მუცლის ინტენსიური ტკივილი ( მწვავე ხასიათის ტკივილი, ლოკალიზებული   უპირატესად მარცხენა თეძოს მიდამოში )
    • ხშირი ჭინთვები (ტენეზმები)
    • დეფეკაციის შემდეგ ნაწლავების არასრული დაცლის შეგრძნება
    • ნაწლავებში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნება
    • განავალში ლორწოს, სისხლის არსებობა
    • შესაძლოა იყოს ყაბზობა
    • მეტეორიზმი
    • გულისრევა
    • ხშირი გამოვლინებაა გულისრევა (ვითარდება დაშლის პროდუქტების სისხლში შეწოვისა და ორგანიზმზე მათი  ტოქსიკური ზემოქმედების გამო).
    • სწორი ნაწლავის თითით გასინჯვისას, ვლინდება სპაზმი, ანალური სფინქტერის მიდამოში, მკვეთრი მტკივნეულობით (ამიტომ გამოკვლევის ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება).

ქრონიკული პროქტოსიგმოიდიტის სიმპტომები

პროქტოსიგმოიდიტის ქრონიკული ფორმისთვის დამახასიათებელია იგივე სიმპტომები, რაც მწვავე პროქტოსიგმოიდიტისთვის, მაგრამ გაცილებით ნაკლებადაა გამოხატული. ძირითადად ვლინდება:

    • ყრუ ხასიათის ტკივილები, ძლიერდება დეფეკაციის შემდეგ; შეიძლება ირადიაცია კუდუსუნის  ან გავის არეში;
    • უკანა ტანის ქავილი

პროქტოსიგმოიდიტის ქრონიკული ფორმისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი რემისიები. რეციდივებს იწვევს ალკოჰოლის მიღება,  დიეტის დარღვევა.

პროქტოსიგმოიდიტის ხშირი გართულებებია სწორი ნაწლავის გამოვარდნა, ჰემოროი (ბუასილი), ანალური ნახეთქები. ანთებითი პროცესის პარარექტალურ მიდამოში გავრცელებისას, შეიძლება განვითარდეს პარაპროქტიტი.

კატარული პროქტოსიგმოიდიტი: სიმპტომები

კატარული პროქტოსიგმოიდიტისთვის დამახასიათებელია იგივე სიმპტომები, რაც პროქტოსიგმოიდიტის სხვა ფორმებისთვის. დაავადება ვითარდება მსხვილი ნაწლავის დაზიანების გამო, უპირატესად გამოხატულია სიგმოიდური ნაწლავის ანთება. განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს სხვადახვა, ამიტომ დიაგნოზის დასაკონკრეტებლად, უნდა ჩატარდეს კანდიდოზის, ჭიებით ინვაზიიისა და  დისბაქტერიოზის გამოვლინებაზე ორიენტირებული კომპლექსური გამოკვლევა. ასევე ინიშნება ირიგოსკოპია, რაც მსხვილი ნაწლავის ინდივიდუალური თავისებურებების   გამოსავლენად დეტალური ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.

პროქტოსიგმოიდიტის დიაგნოსტიკა

პროქტოსიგმოიდიტის დიაგნოსტიკის ძირითადი ინსტრუმენტული მეთოდი,  რექტოსკოპიაა. თუ პროცედურა არასპეციალიზებულ დაწესებულებაში ტარდება, პროქტოსიგმოიდიტის დიაგნოზი საკმაოდ ხშირად ისმება, რაც განპირობებულია სწორი ნაწლავის რეაქციით მოსამზადებელ ოყნებზე; ეს კი თავის მხრივ, ანთებითი ხასიათის ცვლილებების ცრუ სურათს იძლევა. ამიტომ, დიდი  მნიშვნელობა ენიჭება,  ნაწლავის შიგთავსის ციტოლოგიურ გამოკვლევას, განავლის დათესვას, ასევე ნაწლავის ლორწოვანის ბიოფსიას.

პროქტოსიგმოიდიტის მკურნალობა

პროქტოსიგმოიდიტის სამკურნალო ძირითად მეთოდებს შორის აღსანიშნავია — დიეტა, მიკროოყნები, ანტიბიოტიკოთერაპია და სანთლები. რთული, წყლულოვანი პროქტიტისა და პროქტოსიგმოიდიტის სამკურნალოდ ინიშნება ჰორმონოთერაპია.

პროქტოსიგმოიდიტის დიაგნოსტირებისა და  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე,  საჭირო მკურნალობის კურსის დასადგენად, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე,  უნდა მიმართოთ პროქტოლოგს.

___________________________________________________

გადასვლა >>> ,, პროქტოლოგია (კოლოპროქტოლოგია)” 

..