მეძუძური დედის კვება

მეძუძური დედის სრულფასოვანი კვება არამარტო დედის ჯანმრთელობის, არამედ პატარას ზრდა განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა. მეძუძური დედის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, უზრუნველყოს სრულფასოვანი რძის წარმოქმნა. დედის რძეში ვიტამინების, მიკროელემენტების, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ნაკლებობა უარყოფითად აისახება წლამდე ასაკის ბავშვის განვითარებაზე.

პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს მეძუძური დედის რაციონში

1. ცილების შემცველი პროდუქტები: საქონლისა და ქათმის ხორცი, თევზი (სასურველია არაუმეტეს კვირაში ორჯერ), რძე და რძემჟავა  პროდუქტები, კვერცხი, ხაჭო.

2. ცხიმების შემცველი პროდუქტები: განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარეული მზესუმზირის, ზეითუნის ზეთი

3. ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: უხეშად ნაფქვი ფქვილის პური, მარცვლეული, სხვადასხვა ფაფები, ხილი და ბოსტნეული. უნდა შეიზღუდოს იოლად ათვისებად ნახშირწყლები, როგორიცაა: შაქარი, თაფლი, საკონდიტრო ნაწარმი

4. ვიტამინების შემცველი ხილი და ბოსტნეული, თუმცა თუ თქვენ პატარას კოლიკის ხშირი შეტევები აწუხებს, უმჯობესია აღნიშნული პროდუქტები მოხარშული სახით მიიღოთ

რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ 200 გრ ხორცი, ერთ ლიტრამდე რძე და რძემჟავა პროდუქტები, 100-150 გრ ხაჭო, ყველი, კვერცხი, ნახშირწყლებზე დღიური მოთხოვნილება შეადგენს 450-500გრ, ცხიმებზე კი 110-120 გრამს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარას საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებისათვის კალციუმის შემცველი პროდუქტები: ხაჭო, ყველი, რძემჟავა პროდუქტები.

რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ

მეძუძური დედისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, დღეღამეში არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ორი ლიტრისა, რაც მოიცავს ჩაის, წყალს, რძეს, შედარებით ნაკლები რაოდენობით წვენებს, რადგან თავიდან ავიცილოთ შაქრის მიღება.

სითხე უნდა სვათ ხშირ ხშირად, წყურვილის გრძნობა ჩნდება ბავშვის ძუძუს წოვის პერიოდში, ამიტომ დაიდგით ამ დროს ჭიქა წყალი გვერდით.

შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ ტესტს იმის შესაფასებლად იღებთ თუ არა საკმარისი რაოდენობით სითხეს: დააკვირდით თქვენს შარდს, თუ ის ღია ფერისაა, ყველაფერი რიგზეა, ხოლო თუ ძალზედ მუქია და მძაფრი სუნით ხასიათდება, ეს შესაძლოა გაუწყლოების პირველი ნიშანი იყოს.

შეზღუდვები მეძუძური დედის რაციონში

ერთი შეხედვით არსებობს მრავალი პროდუქტი, რაც არ უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ, იმისათვის რომ პატარას ალერგია არ განუვითარდეს ან კოლიკამ არ შეაწუხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი პროდუქტი უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. თუ რომელიმე პროდუქტი განსაკუთრებით აწუხებს თქვენს პატარას, იწვევს რა მეტეორიზმს, შეგიძლიათ ამოიღოთ გარკვეული ხნით, დაახლოებით ერთი თვე და შემდეგ გადახედოთ რაციონს. ასევე ვრცელია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ობლიგატურ ალერგენებს შეიცავენ, თუმცა აქაც შეგიძლიათ დაკვირვების შედეგად განსაზღვროთ, კონკრეტულად რა იწვევს ალერგიულ რეაქციას და ნახავთ, რომ სულ ერთი-ორ პროდუქტზე მოგიწევთ უარის თქმა. ალერგიის ნიშანი შეიძლება იყოს გამონაყარი, დიარეა, ცხვირის „გაჭედვაც“ კი. თუ რომელიმე ამ ნიშანთაგანს შენიშნავთ, ამოიღეთ  სულ მცირე ერთი კვირით ალერგიის გამომწვევი პროდუქტი საკვები რაციონიდან და დააკვირდით შეიცვლება თუ არა თქვენი პატარას მდგომარეობა.

ალერგიის გამომწვევი პროდუქტებია: თხილი, ნიგოზი, თაფლი, თევზი, კვერცხი, ქათმის ნახარში, ახალი რძე, ციტრუსი, გარგარი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი და ა.შ

და ბოლოს, ის რასაც განსაკუთრებით თავი უნდა ავარიდოთ ძუძუთი კვების პერიოდში, ალკოჰოლი და კოფეინია. არ არსებობს ალკოჰოლის დონე დედის რძეში, რაც უსაფრთხოდ ჩაითვლება პატარასათვის.

რაც შეეხება კოფეინს, დასაშვებია დღეში 2-3 ფინჯანი კოფეინის შემცველი სასმელის მიღება. გახსოვდეთ, რომ კოფეინმა შესაძლოა იმოქმედოს თქვენი პატარას გუნება-განწყობაზე და ძილზე.

_______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

..