მსხვილი ნაწლავის ბიოფსია

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია ნაწლავების დაზიანების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმების დიაგნოსტიკის გადამწყვეტი მეთოდია. ბიოფსია, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ახალწარმონაქმნების ბუნების ამოსაცნობად>>>

მსხვილი ნაწლავის ბიოფსია ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარების  საშუალებას იძლევა.  არსებობს ნაწლავის ფრაგმენტის მიღების ორი გზა — ბრმა ასპირაციული ბიოფსია  და გამიზნული ბიოფსია, რომელიც ენდოსკოპიის დროს ხორციელდება. ორივე სახის ბიოფსიის ჩვენებები სხვადასხვაა — ბრმა ბიოფსია, ნაწლავის დიფუზურ დაზიანებაზე ეჭვისას გამოიყენება, გამიზნული ბიოფსია იგივე   სიტუაციებშიც შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ განსაკუთრებით სიმსივნეზე, კრონის დაავადებაზე, ტუბერკულოზზე ეჭვისას ტარდება.

ნაწლავის ლორწოვანის მდგომარეობის შესაფასებლად შეიძლება სამი მეთოდის გამოყენება:

  1. სინათლის მიკროსკოპია, რაც ბიოპტატის ჩვეულებრივი ჰისტოლოგიური გამოკვლევის საშუალებას იძლევა, ასევე შესაძლებელია მასალის დამუშავების ჰისტოქიმიური მეთოდების გამოყენება.
  2. სტერეოსკოპიული მიკროსკოპია, რომელიც პრეპარატის სამ განზომილებაში შესწავლის საშუალებას იძლევა. რაც ლორწოვანის მოცულობითობის  შთაბეჭდილებას ტოვებს.
  3. ელექტრონული მიკროსკოპია, ლორწოვანის ულტრასტრუქტრული ცვლილებების შესასწავლად.

 ლორწოვანის მორფოლოგიური გამოკვლევა ნაწლავების დაზიანების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმების დიაგნოსტიკის გადამწყვეტი მეთოდია.

სიცოცხლეშივე, მსხვილი ნაწლავის შეცვლილი ქსოვილების პათომორფოლოგიური  შესწავლა, ბევრ ურთიერთდაკავშირებული კლინიკური საკითხის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.  ბიოფსია, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია  ახალწარმონაქმნების ბუნების ამოსაცნობად. აუცილებელია კიბოს დიაგნოზის მიკროსკოპიული დადასტურება, რათა ანთებითი დაავადებებისა და კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს, თავიდან ავიცილოთ გაუმართლებელი ოპერაციები. სიმსივნური  ქსოვილების ჰისტოლოგიური გამოკვლევისას საზღვრავენ მის სტრუქტურას და უჯრედული ელემენტების დიფერენცირების ხარისხს, რაც დიაგნოსტიკაში ექიმის პოზიციებს ამყარებს და ოპერაციული ჩარევის მოცულობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

ბიოფსია ექიმს ნაწლავის ფუნქციონალური და ანთებითი დაავადებების ამოცნობაში ეხმარება. მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებების დროს, ბიოფსია ნაწლავის კედელში პათოლოგიური პროცესის სიმძიმის ხარისხის ობიექტურად შეფასებისა და მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის საშუალებას იძლევა.

მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილებიდან მიკროსკოპიისათვის ქსოვილების აღება, ჩვეულებრივ რექტორომანოსკოპიის ჩატარების დროს ხორციელდება. ბიოფსია, ენდოსკოპიურ კოლოპროქტოლოგიურ ნაკრებში შემავალ სხვადასხვა ხელსაწყოთი შეიძლება ჩატარდეს. რიგ შემთხვევებში მნიშვნელოვანია დაზიანების საზღვრიდან ქსოვილების აღება. ავთვისებიანი სიმსივნის შესასწავლად ქსოვილს სიმსივნის კიდიდან, შეუცვლელი ლორწოვანის საზღვართან იღებენ.

ლორწოვანი გარსის ბიოფსიის დროს ისეთ უბანს ირჩევენ, რომელიც გამოსულია ნაწლავის სანათურში. მიღებული ქსოვილის ნაჭერს ნეიტრალური ფორმალინის 10% ხსნარში აფიქსირებენ. ბიოფსია — ქირურგიული მანიპულაციაა, რომელიც ზუსტ შესრულებას, ჰემოსტაზის კონტროლსა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას მოითხოვს.

ლორწოვანი გარსის ან სიმსივნური ქსოვილის ამოღების ადგილიდან სისხლდენა ჩვეულებრივ მცირეა და თავისთავად წყდება. გაცილებით ძლიერ სისხლდენას კი წყალბადის ზეჟანგის, ადრენალინის, ამინოკაპრონის მჟავას ხსნარში დასველებული დოლბანდის ბურთულის მიჭერით აჩერებენ, ან იყენებენ ელექტროკოაგულაციას.

ციტოლოგიური გამოკვლევა

ნაწლავის შიგნითა ზედაპირიდან მიღებული გამონაყოფის ციტოლოგიური გამოკვლევა, თავისი ინფორმატიულობით ჰისტოლოგიურ გამოკვლევას ჩამორჩება, მაგრამ თუ ბიოპსიის ჩატარება შეუძლებელია, ციტოლოგიურ გამოკვლევას კოლოპროქტოლოგიურ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ციტოდიაგნოსტიკას ავთვისებიანი დაზიანების სწრაფი დაზუსტების მიზნით შეუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლია.

ციტოდიაგნოსტიკისთვის მასალის აღება, ჩვეულებრივ რექტორომანოსკოპიდან ხდება. გამონაყოფს აპარატის ტუბუსის გავლით, ნაწლავის სანათურში შეყვანილი გრძელ  ხელსაწყოზე პატარა დოლბანდის ტამპონის მეშვეობით იღებენ და შემდგომი შესწავლისათვის გადააქვთ უცხიმო სასაგნე მინაზე.

________________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია

.