მითები დიაბეტზე

ყველაზე ფართოდ გავრცელებული მითები დიაბეტზე

ოგორ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, მთელ მსოფლიოში ერთნაირი მითები და ლეგენდებია გავრცელებული. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა თქვენთვის ნაცნობიც კი იყოს >>

 

□ მითი 1 – თუ ბევრ  შაქარს შეჭამთ – დიაბეტი დაგემართებათ 

ფართოდაა გავრცელებული ცრურწმენა, ვითომ ბევრი ტკბილის ჭამა დიაბეტს გამოიწვევს. ამის გამო, ბევრ ქვეყანაში ერიდებიან ხილის ჭამას, ხოლო ჩინეთში ბევრი ადამიანი ყავას და ჩაის არ სვამს დიაბეტის განვითარების შიშის გამო.

რეალობა კი შემდეგშია: ბევრი ნახშირწყლის შემცველი პროდუქტების, მ.შ. ტკბილეულის, მიღება, ხელს უწყობს წონის მატებას და ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას. ეს კი, თავისთავად დიაბეტი ტიპი 2–ის განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს წარმოადგენს. ამიტომ, ტკბილეულის და ნახშირწყლების შემცველი სხვა საკვების მიღება ნორმის ფარგლებში, წონის კონტროლთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად არაფერს აშავებს.

□  მითი 2 – დიაბეტიანმა პირებმა სპეციალური საკვები უნდა მიიღონ  

ეს მითი ორ მცდარ ჰიპოტეზად შეიძლება გავყოთ:

 – მითი 2,1 – ჰომეოპათიის კანონების მიხედვით (მსგავსი კურნავს მსგავსს), უნდა მიიღოთ ცხოველთა ის ნაწილები, რომლებიც თქვენ დაავადებული გაქვთ: ანუ, დიაბეტის შემთხვევაში, მაგალითად, ღორის კუჭქვეშა ჯირკვლისგან დამზადებული სუპი ( J ). აგრეთვე, ის ბოსტნეული, რომელიც ფორმით დაავადებულ ორგანოს გაგონებთ. ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებებია და მოკლებულია ყველანაირ სამეცნიერო საფუძვლებს.

– მითი 2,2 – დიაბეტური პროდუქტები უნდა მიიღონ მხოლოდ დიაბეტის მქონე ადამიანებმა. ანუ დიაბეტური შოკოლადი, ჯემი ან სხვა ტკბილეული უნდა მიიღონ მხოლოდ დიაბეტის მქონე პირებმა. ხოლო სხვებისთვის ეს პროდუქტები სასურველი არ არის. სინამდვილეში კი ეს სულაც არაა ასე: ასეთი ტიპის საკვები შეიცავს მცირე რაოდენობით ნახშირწყლებს, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი მიღება და მავნეობის მაგივრად, სარგებელსაც მიიღებს. დიაბეტურ პროდუქტებში ძალიან ცოტა რაოდენობითაა ცხოველური ცხიმები, მარილი, შაქარი და სახამებელი.

თუმცა დიაბეტურ პროდუქტს ნამდვილად აქვს ნეგატიური მხარეებიც. მაგალითად, მასში შესაძლოა იყოს ჩვეულებრივ პროდუქტზე მეტი რაოდენობის ცხიმები, განსაკუთრებით უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი და მომატებული რაოდენობით ქოლესტერინი. ეს მავნეა არა მხოლოდ ჯანმრთელებისთვის, არამედ დიაბეტის მქონე პირებისთვისაც. ასევე, დიაბეტურ საკვებში გამოიყენება ხელოვნური დამატკბობელი, რომელთაგან ზოგიერთი (მაგალითად, ასპარტამი) შესაძლოა ფაღარათის მიზეზი გახდეს. ამ ყველაფრის გარდა, დიაბეტური პროდუქტები ჩვეულებრივზე ძვირი ღირს. შესაბამისად, თუ არ არსებობს ამის საჭიროება, ტყუილად ნუ დაიხარჯებით.

□ მითი 3 – თუ ინსულინი არ მჭირდება, ე.ი. დიაბეტის „მსუბუქი ფორმა“ მაქვს 

ყველაზე ფართოდ გავრცელებული და შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საშიში მითი -„თუ ინსულინი არ მჭირდება, ე.ი. მსუბუქი ფორმის დიაბეტი მაქვს“. დაიმახსოვრეთ, დიაბეტის მსუბუქი ფორმა არ არსებობს, გართულებები შეიძლება განვითარდეს იმის მიუხედავად,  გჭირდებათ თუ არა ინსულინი. უფრო მეტიც, თუ სისხლში გლუკოზის დონე სათანადოდ არ კონტროლდება (ე.ი. სისხლის შაქრის დონე მუდმივად ნორმაზე მაღალია), მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების (თირკმლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) რისკი მკვეთრად იზრდება. შემაშფოთებელია ისიც, რომ ზოგიერთი ექიმი, ძირითადად, ზოგადი პროფილის ექიმები,  დიაბეტით ტიპი 2 დაავადებულ პაციენტებს ეუბნებიან, რომ მათ მხოლოდ „შაქრის კვალი აქვთ“ და სანერვიულო არაფერია. ექიმები, რომლებიც თავის პაციენტებს ასეთ ინფორმაციას აწვდიან, მკვეთრად ზრდიან გართულებების განვითარების რისკს. თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს, არასდროს გადადგამს აღიქვამს თავის დაავადებას სერიოზულად. ის , რომ ეს მითი დღესაც ცოცხალია, იმაზე მეტყველებს, რომ ექიმები, ისე როგორც მათი პაციენტები , სერიოზულ სწავლებას საჭიროებენ.

 □  მითი 4 – დიაბეტი ტიპი 1 უფრო სერიოზულია, ვიდრე დიაბეტი ტიპი 2 

ეს მოსაზრებაც ფართოდაა გავრცელებული  მსოფლიოში. მას ისტორიული საფუძველი აქვს. 1922 წლამდე, ინსულინის აღმოჩენამდე, ტიპი 1-ის დიაგნოზი სიკვდილის ტოლფასი იყო. იმ დროს, როცა ტიპი 1-სთვის ინსულინს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ტიპი 2-ის კარგი კარგად გაკონტროლება ინსულინის გარეშეცაა შესაძლებელი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტიპი 2-ის დიაგნოზის დასმამდე შეიძლება თვეები და წლები გავიდეს. შედეგად კი სერიოზული გართულებები, როგორიცაა ნეიროპათია, რეტინოპათია, თირკმლის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თავს იჩენს დიაგნოზის დასმისთანავე. ე.ი. დიაბეტი ტიპი 2 გარკვეულ წილად 1–ელ ტიპზე უფრო საშიში შეიძლება გახდეს, მისი ფარული მიმდინარეობის გამო.

მრავალრიცხოვანი გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ თუ ადამიანი გააცნობიერებს თავისი მდგომარეობის სერიოზულობას და ყველა სათანადო ღონისძიებას მიიღებს, რეგულარულად მიაკითხავს ექიმს და ჩაიტარებს გამოკვლევებს, გართულებების განვითარების რისკი ბევრად უფრო დაბალი აქვს.

□  მითი 5 – თუ თქვენ დიაბეტი ტიპი 2 გაქვთ და ინსულინი დაგინიშნეს, ე.ი. „დიაბეტის საბოლოო სტადია“ გაქვთ 

ინსულინი ის პრეპარატია, რომელიც აუცილებელია დიაბეტი  ტიპი 1–ის მქონე პაციენტისთვის და რომლისაც ასე ეშინიათ ტიპი 2-ის მქონე პირებს. არსებობს ასეთი აზრიც, თითქოს, ინსულინი დიაბეტის გართულებებს იწვევს. აქ ისევ და ისევ შეიძება „მოვიშველიოთ“ ამ მოსაზრების ობიექტური მიზეზები – ინსულინის არასათანადო რაოდენობით შეყვანამ შეიძლება ჰიპოგლიკემია გამოიწვიოს. თუმცა, მტკიცება იმისა, რომ „ინსულინთერაპიის დაწყება სიკვდილის ტოლფასია“, ყოველნაირ საფუძველს მოკლებული და მცდარია.

დიაბეტი  ტიპი 2–ით მცხოვრებ ბევრ ადამიანს დაავადების კარგი კონტროლის მისაღწევად ინსულინი ესაჭიროება. ხშირად იმის შემდეგ, რაც ადამიანი თვითკონტროლის პრინციპებს შეისწავლის , შეიცვლის ცხოვრების წესს (ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა), ინსულინის აუცილებლობაც მცირდება. მაგრამ თუ მაინც ვერ მოხერხდა ინსულინის მკურნალობის სქემიდან ამოღება, მთავარი ხომ ის არის, რომ ადამიანმა ჯანსაღი, სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვროს და თავიდან აიცილოს დიაბეტის გართულებები. ამ შემთხვევაში კი ინსულინი თქვენთვის მეგობარია და არა-მტერი!

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მცდარი აზრია, რომ ინსულინი ნარკოტიკივითაა, „ თუ ინსულინის გაკეთებას დაიწყებ, თავს ვეღარასდროს დაანებებ“. დაიმახსოვრეთ – ინსულინი ნარკოტიკი არ არის, ის არ იწვევს მიჩვევას! ინსულინი – ჰორმონია, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება ადამიანის ორგანიზმის მიერ. მას იკეთებენ იმისათვის, რომ შეავსონ იმ ინსულინის დანაკლისი, რომელსაც თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი საერთოდ ვერ ან არასაკმარისი რაოდენობით გამოიმუშავებს. ის ფაქტი, რომ ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულმა  პირმა მუდმივად უნდა იკეთოს ინსულინის ინექციები, გარკვეულწილად ხსნის მოსაზრებას „ინსულინზე დამოკიდებულების“ შესახებ. თუ ექიმი ინსულინს გინიშნავთ, რომ გადაარჩინოს თქვენი თვალი, თირკმელები, გული, ტერფები – ნუ შეგეშინდებათ, სასწრაფოდ დაიწყეთ ინსულინთერაპია.

□ მითი 6 – დიაბეტი მდიდრების დაავადებაა  

დღეისათვის ეჭვს არ იწვევს ის აზრი, რომ ჭარბ წონას, სიმსუქნესა და დიაბეტს შორის მტკიცე კავშირია. მაგრამ გასულ საუკუნეებში მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ განუსაზღვრელი რაოდენობით ცხიმიანი საკვების, ტკბილეულის, თეთრი ფქვილისაგან დამზადებული ნაწარმის და სხვა „დელიკატესების“ მირთმევა, რაც ჭარბი წონის წინაპირობა იყო  ტრადიციულად, ღარიბი ადამიანები იშვიათად უჩიოდნენ ჭარბ წონას (თუმცა ტენდენცია პროგრესულად იცვლება). აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ზოგიერთი ეროვნების ხალხში დიაბეტით დაავადება საზოგადოებაში ამ ადამიანის მაღალ მდგომარეობაზე მეტყველებდა. დღეს კი განვითარებად ქვეყნებში ადამიანთა მიგრაცია სოფლიდან ქალაქებში, ჩვეულებრივი ცხოვრების წესის დარღვევა, სერიოზულ, არასასურველ შედეგებს იწვევს. აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის შედარებით ღარიბ ფენებში ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა ცხოვრების წესი და კვება. ადამიანები მისდევენ ჯდომითი ცხოვრების წესს, ნაკლებს მოძრაობენ, მიირთმევენ „სწრაფი კვების“ ობიექტებში, „სადაც საკვები მდიდარია ცხიმებითა და შაქრით, იშვიათად იღებენ ბოსტნეულს და ხილს – რაც უფრო დამახასიათებელია სოფლის მცხოვრებთათვის. შედეგად ამ ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა მსუქან ადამიანთა რიცხვი და დიაბეტი ჯანმრთელობისთვის მთავარი საშიშროება გახდა.

□  მითი 7 – ტრადიციული მედიცინის საშუალებები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თანამედროვე პრეპარატები, რადგან გვერდითი ეფექტები არ გააჩნიათ  

დღეისათვის ტრადიციული  მედიცინის მიმართ ინტერესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ბუნებაში არსებული მთელი რიგი ნივთიერებები (რომლებიც დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება) იწვევს სისხლის შაქრის დონის დაქვეითებას, მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს და რეაქციაში შედის სამკურნალო პრეპარატებთან. ბევრი მათგანი საერთოდ არ არის ეფექტური და მათი გამოყენება ხელს უშლის ძირითად მკურნალობას. ეს კი ზრდის გართულებების განვითარების და მათი პროგრესირების რისკს. თუმცა, ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა  იოგა, უ-შუ, მასაჟი, მედიტაციები, შეიძლება და სასურველიცაა დიაბეტის დროს. ეს არ ნიშნავს, მათ ძირითადი მკურნალობის შეცვლა შეუძიათ, ისინი შეიძლება იყოს მხოლოდ მკურნალობის ძირითადი სქემის დანამატი. მაგრამ ამ მეთოდების სწავლა და გამოყენება მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება (ფიზიოთერაპევტი ან მედდა) და არა არაპროფესიონალების მიერ.

ყველა მითი, რომლებზეც მოგითხრეთ, დიაბეტის კარგი კონტროლის დაბრკოლებად შეიძლება მივიჩნიოთ და მათზე არავითარ შემთხვევაში თვალის დახუჭვა არ შეიძლება. მითები კაცობრიობის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობაა. ისინი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ცოდნა დიაბეტის შესახებ ექიმებს შორის, განვანათლოთ დიაბეტით დაავადებული პირები და ზოგადად, საზოგადოება. მხოლოდ ასე შევძლებთ დიაბეტიანთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და დიაბეტით დაავადებულ პირთა ცხოვრების დონის ამაღლებას.

სტატია მომზადა ელენე შელესტოვამ

home

_________________________________________

გადასვლა >>>> ,,ენდოკრინოლოგია“; ,,ენდოკრინოლოგია. უფასო დისტანციური კონსულტაციები”

.