ბავშვი და ფული

ფული ნებისმიერი ასაკის ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან, საბაზისო როლს თამაშობს. ის აუცილებელია ბავშვისთვისაც კი, თუნდაც ახალშობილისთვის, რადგან ფინანსების გარეშე მისი გაჩენა, აღზრდა, განათლების მიცემა და ზრდასრული ცხოვრებისთვის მომზადება შეუძლებელია. ამერიკელი სპეციალისტი, პირადი ფინანსების განგების ექსპერტი მერი ჰანტი, ავტორი წიგნისა \”როგორ აღვზარდოთ ფინანსურად თავდაჯერებული ბავშვები\” (Raising Financially Confident Kids) შვილების ამ მიმართულებით აღზრდის რამდენიმე რეცეპტს გვაძლევს.

მოსწავლე უამრავ საგანს ეუფლება: ისტორიას, ლიტერატურას, მათემატიკას, გეოგრაფიას, ფიზიკას, მაგრამ არსად არ ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოექცნენ ფულს, ამიტომ ამ გაკვეთილის ჩატარება მშობლებს, ოჯახის უფროს წევრებს უწევთ. მერი ჰანტი წერს: \”მშობლებს არაჩვეულებრივად გამოსდით შვილის აღზრდა, მისი შინაგანი კულტურის გამომუშავება, განათლების მიცემა, წესრიგთან მიჩვევა, მაგრამ არ იციან, როგორ ესაუბრონ ფულზე და როგორ მიაჩვიონ მასთან ურთიერთობას. ეს საკმაოდ რთული და საჩითირო საკითხია, ამიტომ, კარგი იქნება, თუ სპეციალისტის რჩევას გაითვალისწინებენ\”.

როგორ ვესაუბროთ ბავშვს ფულზე
მერი ჰანტი ამბობს, რომ ბავშვი ფულთან მოპყრობას მისი სამშობიაროდან გამოყვანისთანავე უნდა მივაჩვიოთ. ბავშვი ძირითადად იმას იმეორებს და აკეთებს, რასაც მშობლები, ამიტომ ფულთან დამოკიდებულებასაც ჩვენგან სწავლობს. პირველი, რაც ბავშვმა ფულზე უნდა იცოდეს, ის გახლავთ, რომ ფული გარკვეულ ფასეულობას წარმოადგენს და თუ უდიერად მოექცევი, უბრალოდ გაქრება, აღარ გექნება, რაც მრავალ სიკეთეს მოგაკლებს.მერი ჰანტი გვირჩევს, როდესაც საყიდლებზე ბავშვებთან ერთად მივდივართ, ყოველთვის ნაღდი ფული გამოვიყენოთ, რადგან ნაღდი ფული ფინანსების ვიზუალიზებაა, კონკრეტული ნივთია, ბავშვისთვის უფრო გასაგებია, რომ ის ნამდვილად არსებობს და საჭიროა – თუ ფულს მაღაზიაში არ დატოვებ, პროდუქტს (სათამაშოებს, ტკბილეულს) არ გამოგატანენ. ბარათი კი ამ შეგრძნებას აქრობს, ფულს გამოგონილ აბსტრაქციასთან აიგივებს და ბავშვს აფიქრებინებს, რომ ეს არის ნივთი, რომლითაც ნებისმიერი სიკეთის მიღება გაცემის გარეშე შეუძლია.

ფულზე საუბრისას ბავშვს უნდა ავუხსნათ, თუ რას წარმოადგენს აუცილებელი შენაძენი (პროდუქტი, გადასახადები, სახელმძღვანელოები, ტანსაცმელი) და დამატებითი გასავალი (გართობა, სათამაშოები). სწორედ ამ განსხვავების კარგად ახსნის შემდეგ შეიძლება მივახვედროთ, თუ რატომ არ შეიძლება იმაზე მეტი ფულის დახარჯვა, ვიდრე გვაქვს ან შეგვიძლია. მერი ჰანტის რჩევით, გართობისთვის გადადებული ფულიც მოზომილად უნდა ვხარჯოთ და ბავშვს ვანახოთ, რომ არც ამ ფულით შეიძლება ყველა სურვილის ასრულება. თუ კონკრეტულ მომენტში ცოტა ფული გაქვთ, ნუ ეტყვითამის ყიდვის საშუალება არ გვაქვს, რადგან ამ ფრაზას აღიქვამს, როგორც ღარიბები ვართ, რაც მის ფსიქიკაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. მერი ჰანტის რჩევით, უბრალოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკეთესია, თუ ფულს კონკრეტულად ამაში არ დავხარჯავთ, რადგან შემდეგ შეიძლება უკეთესი რამ შევიძინოთ.

ჯიბის ფული
ფულთან შეჩვევის ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მერი ჰანტი ჯიბის ფულის მიცემას მიიჩნევს (რაშიც ბავშვთა ფსიქოლოგებიც დიდი ხანია შეთანხმებულები არიან). მისი აზრით, ჯიბის ფულის მიცემა 6 წლის ასაკიდან უნდა დავიწყოთ. პირველი წლების განმავლობაში ფული კვირაში ერთხელ მივცეთ, შემდეგ ორ კვირაში ერთხელ, მოზარდობისას კი თვეში ერთხელ – როგორც ხელფასი. ეს მეთოდი მას ფულის გაფრთხილების, დაგეგმარების, გონივრულად დაზოგვის ჩვევას გამოუმუშავებს. თუ 6-7-8 წლის ბავშვი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ჯიბის ფული მთელ თვეზე გადაანაწილოს, მოზარდს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რაც დროთა განმავლობაში სწორედ ამგვარი მეთოდით უნდა გამოვუმუშაოთ.

პარალელურად უნდა აუხსნათ, თუ რაში იხარჯება თქვენ მიერ გამომუშავებული ფული. ეს არის გადასახადები, საკვები, ტანსაცმელი, მანქანის ხარჯი, ასევე მისი კომფორტისთვის აუცილებელი ინტერნეტი და სხვა. ამას ემატება მისი ჯიბის ფულიც. აუხსენით, რომ ამდენი ხარჯის გაწევა მხოლოდ ფინანსების გონივრულად დაგეგმარებით შეგიძლიათ. აჩვენეთ გადასახადების ჩამონათვალი, გადახდილი ქვითრები, გააცანით თქვენი საბანკო ანგარიშიც – დაე, წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა მდგომარეობაშია ოჯახის ბიუჯეტი. ამით მის ზრდასრულობასაც გაუსვამთ ხაზს, რაც პასუხისმგებლობის გრძნობასაც აუმაღლებს.

როდესაც ჯიბის ფულს მივცემთ, ამის შემდეგ დაე, თავად გადაწყვიტოს, როგორ განკარგავს თანხას და შედეგის პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს მისი ფულია, მას ეკუთვნის, ამიტომ ნუ აიძულებთ, დახარჯოს ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. თუ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისთვის ერთგვარი გაკვეთილიც იქნება, რომელსაც შემდგომში აღარ დაუშვებს. ჯიბის ფულის არსი ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვმა ფულთან მოქცევა, ფულის სწორად მოხმარება ისწავლოს.

მცირე რეცეპტები
როდესაც საყიდლებზე წახვალთ, თუ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, შვილიც წაიყოლეთ. საყიდლების სია მას ჩააბარეთ და არჩევანის საშუალებაც მიეცით – მაგალითად, იყიდოთ 2 ლიტრიანი ზეთი 5 ლარად თუ 1 ლიტრიანი 3 ლარად და თუ ფინანსური თვალსაზრისით არასწორ არჩევანს გააკეთებს, აუხსენით, რაში მდგომარეობს მისი შეცდომა. წაიყვანეთ ბანკშიც. დაე, ნახოს, რომ ფული მარტო ქაღალდის ნივთი არაა, რომ ეს მთელი ინსტიტუტია, რომელზეც მსოფლიო დგას და რომლის გარეშეც პროგრესი წარმოუდგენელია.

მუშაობის აუცილებლობა
ბავშვმა უნდა იცოდეს, თუ საიდან მოდის ფული, ამიტომ კარგად აუხსენით მუშაობის აუცილებლობა. იცოდეს, რომ სკოლაში სიარული ერთგვარი ჯაჭვის პირველი რგოლია – სწავლა, სპეციალობის შეძენა და სამსახური, რაც მომავალში ფინანსურ უზრუნველყოფასა და დამოუკიდებლობას მოუტანს.

ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძნელად იღებენ, როდესაც სწავლის პარალელურად მოზარდი \”შეუფერებელ\” სამსახურს იწყებს: ოფიციანტობა, მანქანების რეცხვა და ასე შემდეგ. მშობლები ასეთ არჩევანს რთულად ეგუებიან და ივიწყებენ, რომ ამით მათი შვილი შრომასა და საკუთარი ფულის გამომუშავებას ეჩვევა. ეს დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რისთვის წინააღმდეგობის გაწევამაც, შესაძლოა, შეუქცევადი ნეგატიური პროცესი გამოიწვიოს.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1389442457

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”