თვითშეფასება ბავშვებში

ცდებით, თუ გგონიათ, რომ თავდაჯერება და მაღალი თვითშეფასება მხოლოდ ზრდასრულებს სჭირდებათ. ეს სწორედ ის თვისებაა, რომელიც ადამიანმა პატარაობიდანვე უნდა გამოიმუშაოს, რათა დიდობაში მოსალოდნელ ყველა წინააღმდეგობას თუ ცხოვრებისეულ გამოცდას ყოჩაღად შეხვდეს. თვითშეფასების ხარისხი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს, ბავშვები კი სულაც ვერ იაზრებენ მის არსებობასა და აუცილებლობას, ამიტომ მშობელი მუდამ ყურადღებით უნდა იყოს, რომ ეს თვისება, რაც შეიძლება სწორად და მყარად განუვითაროს.

პირველ რიგში, ბავშვი მშობლის სიყვარულსა და ნდობაში უნდა დარწმუნდეს. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, რათა მისი გარეგნობა და ნამოქმედარი შეაქოთ. თავადვე ისწავლეთ მიიღოთ შვილი ისეთი, როგორიც არის, მიუხედავად იმისა, მისი ყველაფერი მოგწონთ თუ არა. უბრალოდ, იყავით ბედნიერი, რომ გყავთ, რასაც ბავშვი აუცილებლად იგრძნობს და დაგიფასებთ.

მუდამ ყურადღებით იყავით, რათა შვილის პრობლემები და მოთხოვნილებები არ გამოგეპაროთ. ისწავლეთ მისი მოსმენა დაუსმინეთ მთელი გულით და არა მხოლოდ ყურით. საუბრისას არ დაგავიწყდეთ ვიზუალური კონტაქტი, უყურეთ თვალებში, რათა დარწმუნდეს, რომ მისი მოსმენა ნამდვილად გსურთ, რომ თქვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რომ თავად ისაა მნიშვნელოვანი. საუბრისას ხშირად ჩაურთეთ, რომ მისი გესმით, კარგად გაუგეთ, იზიარებთ მის შფოთვას ან სიხარულს.

ყოველდღიური ურთიერთობისას უბრალოდ გაუზიარეთ, რომ მასთან ერთად ყოფნა გსიამოვნებთ, შინ მობრუნებულს უთხარით, რომ მისი დანახვა გიხარიათ, რომ ძალიან მოგწონთ მისი ახალი ვარცხნილობა ან კაბა. ჰკითხეთ რჩევა, თავად თუ მოგიხდებათ ესა თუ ის ფერი. თავი ოჯახის სრულუფლებიან წევრად აგრძნობინეთ და არა \”უმცროს ოფიცრად\”. 

ნუ შესთავაზებთ დახმარებას იმ საქმეში, რომელსაც თავადაც კარგად ართმევს თავს. ნუ ჩაერევით, ვიდრე ბავშვი თავად არ გთხოვთ დახმარებას. ჩარევით მისი შესაძლებლობებისადმი ნდობას აქარწყლებთ. პირიქით, თუ ატყობთ, რომ ამოცანას ვერ ხსნის ან ლექსს ვერ იზეპირებს, მშვიდად უთხარით, რომ ყველაფერს დაძლევს, რომ მას ეს შეუძლია, მხოლოდ მცირეოდენი მუშაობა კიდევ მართებს.

ნუ ეტყვით უარს, როდესაც დახმარებას გთხოვთ. მით უფრო, ნუ ეტყვით უარს მოზარდს, რადგან დახმარების თხოვნა მას განსაკუთრებით დიდ ძალისხმევად დაუჯდა. ამასთან ყველა სადავეს თქვენ ნუ აიღებთ ხელში, დაეხმარეთ მხოლოდ იმაში, რასაც თავად ვერ აკეთებს, დანარჩენს შეეშვით, მას მიანდეთ.

არასდროს უთხრათ, რომ მისი თანაკლასელი უფრო კარგად სწავლობს ან უფრო ნიჭიერია, მით უფრო, ნუ გააკეთებთ აქცენტს გარეგნობაზე. შედარება კარგს არაფერს მოგიტანთ, ბავშვს მხოლოდ ზედმეტად გააღიზიანებთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, სრულყოფილების ხარისხი კი არავის დაუდგენია.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1392380946

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”