როგორ მოვიქცეთ ბავშვთან ურთიერთობისას

დიდი პატარები

ისინი პატარები არიან, ფეხი სულ ცოტა ხნის წინ აიდგეს, მათი ლექსიკური მარაგი მცირეა, პასუხისმგებლობის გრძნობა კი საერთოდ არ გააჩნიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვები არაფრის მცოდნე არსებები არიან. მათ ენის მოჩლექით ველაპარაკებით, საგნებს გამოგონილი სახელებით მოვიხსენიებთ, რაც ბავშვთან დამოკიდებულებას ცოტა არასერიოზულს ხდის.

ბავშვი ქვეყანაში პირველად ჩამოსულ უცხოელს ჰგავს, რომელსაც ახალი გარემო ეტაპობრივად, ყველა საფეხურის გავლით უნდა გააცნოთ და არ უნდა გქონდეთ არასერიოზული დამოკიდებულება, რათა ამგვარი დამოკიდებულება თქვენი ქვეყნის მიმართ თავად არ ჩამოუყალიბდეს. ბავშვი ცაზე პირველად გამოჩენილი ღრუბელივითაა და გარშემო ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერს ისრუტავს და მხოლოდ მისთვის საინტერესოს იტოვებს. რაც უფრო მეტს დაიტოვებს, მით მეტი მარაგი ექნება, ჩვენ კი ამ მარაგის შევსების ფუნქცია გვაკისრია.

თუ დააკვირდებით, მარაგის შევსების მზაობა ბავშებსაც გააჩნიათ. დღის განმავლობაში ისინი უამრავ კითხვას სვამენ და პასუხებს ელიან. ცოდნა მათთვის ამ სამყაროში ცხოვრების საშვივითაა, ეს საშვი კი ყალბი არ უნდა იყოს. ბავშვებთან პირდაპირი, შეულამაზებელი და ჩამოყალიბებული ურთიერთობა მათი თვალსაწიერის გაფართოვებისა და თქვენდამი ნდობის გაზრდის გარანტია.

როგორ მოვიქცეთ ბავშვთან ურთიერთობისას 

  • ყველა სიტყვა სწორად, გარკვევით, დამახინჯების გარეშე უთხარით (მაგალითად, ბურთი და არა ბუთი).
  • ნივთები ნამდვილი სახელწოდებით მოიხსენიეთ (მაგალითად, საჭმელი და არა ფია).
  • ნებისმიერი მოვლენა მკაფიოდ და ჩამოყალიბებულად აუხსენით. დაახლოებით ისე, როგორც ამას საკუთარ თავს ან თქვენს თანატოლს ეტყოდით. 
  • თუ მასთან ერთად ატარებთ დროს, ეს მთელი არსებით გააკეთეთ. ანუ მასთან იყავით არა მხოლოდ სხეულით, არამედ გონებითაც. 
  • რაც უნდა გადაღლილი ან დაკავებული იყოთ, არასდროს აგრძნობინოთ, რომ მასთან ურთიერთობა მოგბეზრდათ. იქონიეთ მაქსიმალური მოთმინების უნარი. აგრძნობინეთ, რომ სერიოზულად აღიქვამთ, ამრიგად მასთან ერთად გატარებულ დროს დაკარგულად არ მიიჩნევთ. 
  • არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ზუსტად თქვენნაირი ადამიანია, უბრალოდ გაცილებით გვიან დაიბადა და ჯერ ძალიან პატარაა. კარგი იქნება, თუ ზოგჯერ თავს მის ადგილზე წარმოიდგენთ.
  • ნუ დაიზარებთ შექებას. თუ წარმატებას მიაღწია (გოლი გაიტანა ან კუბიკებისგან სახლი ააგო), აუცილებლად გამოხატეთ სიხარული. შეაქეთ, ტაში დაუკარით, ხელით შეეხეთ, ჩაიხუტეთ. მოკლედ, ემოცია გამოხატეთ ისე, როგორც შეგიძლიათ, ოღონდ აუცილებლად გამოხატეთ. გაიხსენეთ – წარმატებისას თქვენც ხომ ასეთ რეაქციას ელით. 
  • თუ მოიწყინა ან ტირის, აუცილებლად ჰკითხეთ მიზეზი. გაიხსენეთ, თავად როგორ ტირით ხოლმე მეგობრის მხარზე. მხარდაჭერა მასაც სჭირდება, მაშინაც კი თუ მისი უხასიათობის მიზეზი სათამაშოს ლოგინის ქვეშ შევარდნაა. 
  • დაიცავით ბალანსი – ნუ ჩათვლით ბავშვს ოჯახის უფროს წევრად, ნუ გააკულტებთ, მის გამო უაზრო მსხვერპლზე ნუ წახვალთ, მთელი ოჯახი მის გარშემო ნუ იტრიალებთ. ეს მას ეგოცენტრულ და უპასუხისმგებლო პიროვნებად ჩამოაყალიბებს.
  • თუ ცუდად იქცევა, ნუ ეტყვით, რომ მავნე და ბოროტია. მხოლოდ ის უთხარით, რომ მისი კონკრეტულად ეს საციელია მიუღებელი, შემდეგ კი შეცდომის გააზრების საშუალებაც მიეცით. 
  • თუ რამეს შეპირდებით, ეცადეთ, აუცილებლად შეუსრულოთ. ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი ბოსის მიერ მოცემული დავალება, რომლის შესასრულებლადაც ყველაფერს აკეთებთ. 
  • ნუ დასჯით მიზეზის ახსნის გარეშე. ბავშვებს საკუთარი საქციელის კონტროლი და ქმედებებში ორიენტირება უჭირთ, ამიტომ აუცილებლად სჭირდებათ ერთგვარი მიმართულების მიცემა.
  • არასდროს უთხრათ ან აგრძნობინოთ, რომ საქმეში ან პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის მიზეზად მას მიიჩნევთ. რეალურად მას არაფერი გაუკეთებია, თქვენ კი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებთ. ასევე ნუ გაუბრაზდებით თუ სამსახურიდან დაღლილი ან ნერვებმოშლილი დაბრუნდებით. თუ თავის შეკავება გიჭირთ, ამას ბავშვს ნუ დაანახვებთ, თუმცა თუ ის ძალიან მატარა არაა, შეგიძლიათ პრობლემის შესახებ მოკლედ უამბოთ. ხშირი უმიზეზო და არაადეკვატური აგრესია მას დროზე ადრე გაზრდის, რაც ბუნებრივ პროცესს დაარღვევს. 

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1395055383

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”