გოზინაყი

გოზინაყი

გოზინაყი, საახალწლო ტკბილეული. ახალი წლის მისალოცი თაფლის – აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გოზინაყი ჩურჩხელას ეწოდებოდა. ქართველი ხალხის ძველი რელიგიის რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და “ბატონებს” სწირავდნენ – თაფლს საშობაო კორკოტში ურევდნენ, კაკალს “ბატონებს” უკმევდნენ, (ბაზმა). სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რომლითაც ვითომც უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები.

გოზინაყის მომზადება 
ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ლებნები მჭრელი დანით დავჭრათ, დავყაროთ ტაფაზე და ოდნავ მოვხალოთ, ისე რომ არ გაწითლდეს. გავაგრილოთ, დავყაროთ სინზე და დავბერტყოთ, თან სული შევუბეროთ, სანამ კანი მთლიანად არ გაეცლება. ღრმა, სქელძირიან ტაფაზე მოვათავსოთ 250 გრამი თაფლი და რომ არ გადმოვიდეს, რამოდენიმე წუთით გადმოვდგათ, შემდეგ ისევე შევდგათ ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამოდენიმე წვეთი კოვზით ამოვიღოთ და ლამბაქზე დავაწვეთოთ. ვაცალოთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, ჩავყაროთ დაჭრილი ნიგოზი. გამუდმებით ვურიოთ ხის კოვზით. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოვაყაროთ ერთ-ორი სადილის კოვზი შაქრის პუდრა, კიდევ კარგად ავურიოთ და ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. გოზინაყის მთელი მასალა წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე ან მომინანქარებულ სინზე გადავიტანოთ და კოვზით კარგად მოვასწოროთ, გავაბრტყელოთ და გაცივებული გოზინაყი რომ არ დაიმსხვრეს, თბილი დანით დავჭრათ ნაჭრებად.

მასალა :
ნიგოზი – 500 გრამი
თაფლი – 250 გრამი
შაქარი – 4 სუფრის კოვზი
———————–

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

...