მოზარდი გოგონების პრობლემები

მოზარდი გოგონების პრობლემები

როდესაც მოზარდი გოგონები 90/60/90-სკენ მიისწრაფვიან, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც 12-13 წლის გოგონა მკაცრ დიეტას იმისთვის იცავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სარკეში იოლად დაითვალოს საკუთარი ნეკნები, სრულიად მიუღებელია. პრანჭიკელა თინეიჯერების ამგვარ საქციელს ნეგატიურად აფასებენ არა მარტო უმაღლესი მოდის წარმომადგენლები, არამედ ექიმები და ფსიქოლოგები. მეტისმეტი შიმშილი სასურველი ფიგურის მისაღწევად მხოლოდ ჯანმრთელობას კი არა, ფსიქიკასაც ვნებს.

სპეციალისტებმა წონის კლებისკენ ავადმყოფურ სწრაფვას სახელიც კი შეარქვეს: ნერვული ანორექსია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის თანახმად ეს პათოლოგია უმეტესად თინეიჯერ გოგონებს შორის იჩენს თავს, შეიძლება, გაცილებით უფროსი ასაკის ქალბატონსაც – მეტად იშვიათად, მაგრამ მაინც – განუვითარდეს.

დაავადებას, რომელსაც მოზარდი გოგონების სენადაც მოიხსენიებენ, მადის დაქვეითება ახასიათებს. ქალიშვილი უარს ამბობს კერძებსა თუ ტკბილეულზე, რომელთაც აქამდე სიამოვნებით მიირთმევდა. თუკი მშობლებმა მხარი არ დაუჭირეს, უჭმელობის გამო დატუქსეს და დაჟინებით მოსთხოვეს ულუფის დამთავრება, გოგონა ხრიკს მიმართავს: დარჩენილ საკვებს მალავს და შემდეგ ნაგავში გადაუძახებს ან ქვაბშივე ჩააბრუნებს. ხდება ისეც, რომ განმარტოებული მოზარდი ხელოვნურად იწვევს პირღებინებას. გარდა ამისა, ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშობს, იღებს საფაღარათო საშუალებებს. შედეგიც, რაღა თქმა უნდა, არ აყოვნებს – თინეიჯერი წონას შესამჩნევად იკლებს, მაგრამ ნერვული ანორექსიის მთავარი ნიშანი ის გახლავთ, რომ გოგონა შედეგით არასოდეს არის კმაყოფილი.

ანორექსია, გარდა იმისა, რომ ოდესღაც მშვენიერ გოგონას ძვლად და ტყავად აქცევს, სერიოზულ დარღვევებსაც იწვევს. მაგალითად, მენსტრუაციული ციკლის მოშლას, მუდმივად დაბალ არტერიულ წნევას, ყაბზობას და, რაც მეტად შესამჩნევია ოჯახის წევრებისთვის – ხასიათის ცვლილებას: გოგონა ადრინდელზე გაცილებით აგრესიული ხდება. დედ-მამის აგრესია მოზარდ გოგონას კიდევ უფრო გააღიზიანებს და მათ ჯიბრზე შეიძლება სრულებით შეწყვიტოს ჭამა.

ხშირად საუკეთესო გამოსავალი ფსიქოთერაპიაა. სპეციალისტი შეეცდება გაარკვიოს მოტივაცია – მიზეზი, რამაც გოგონას შიმშილობისკენ უბიძგა. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ბანალურია: ქალიშვილი ცდილობს, მიბაძოს მეგობარს, რომელიც “ძვალი და ტყავია” ან, უბრალოდ, მოდას არის აყოლილი. ასეთი მოზარდები ცდილობენ, უმკაცრესი დიეტის საშუალებით სიმტკიცე და ნებისყოფა გამოიმუშაონ. ფსიქოთერაპიის წყალობით ქალიშვილს უბრუნდება საკუთარი თავის რწმენა, უჩნდება განკურნების, შესაბამისად, ჭამის სურვილი. ასე რომ მოხდეს, ურჩმა მოზარდმა ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს შიმშილობის მავნებლობის შესახებ.

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2012/03/25/მოზარდი-გოგონების-პრობლე/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook