ადრეულ ასაკში ქორწინება

ადრეულ ასაკში ქორწინება

ოჯახის შექმნის დროს ადამიანი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სოციალურად მომზადებული უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა იცის, რა არის ოჯახი, რისთვის ქმნის მას და რა ფუნქცია ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს გააზრებულად და არა სპონტანურად, უეცრად, მხოლოდ გრძნობებსა და ემოციებზე დაყრდნობით. გადაწყვეტილების მიღებამდე როგორც გოგონამ, ისე ვაჟმა უნდა გააცნობიეროს ის დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობები, რაც ოჯახის შექმნას და ბავშვის აღზრდას უკავშირდება.

გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, ადრეულ ასაკში ქორწინება მთელ რიგ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ასოცირდება, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი პრობლემა:

1. არასრულფასოვანი განათლება

მოზარდების უმრავლესობა, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, ვეღარ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას. უკეთეს შემთხვევაში, უწევთ სწავლის გადადება რამდენიმე წლით, რაც, შესაბამისად, უარყოფითად აისახება მათ სამომავლო პროფესიასა და კარიერაზე.

2. მწირი შემოსავალი

ახალგაზრდა მშობლებს, რომლებსაც განათლება და მუშაობის უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ, არა აქვთ მუდმივი სამსახური და სტაბილური შემოსავალი; შესაბამისად, უჭირთ როგორც საკუთარი თავის, ასევე ოჯახის რჩენა. ადრეულ ასაკში დაქორწინებული მოზარდების უმრავლესობა ოჯახს ქმნის მშობლების ფინანსური მხარდაჭერის იმედით, იმედის გაცრუებას კი მოჰყვება სერიოზული პრობლემები ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაში. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ უნდა გადავდოთ ოჯახის შექმნა, ვიდრე თავად არ შეგვეძლება ფინანსურად ოჯახის მართვა.

3. ღირებულებათა გადაფასება

ადამიანი ზრდისა და გამოცდილების შეძენის პროცესში ყალიბდება, ეცვლება გემოვნება, ღირებულებები, ფასეულობები, შეხედულებები. ის, რაც ადრე მოსაწონი და მისაღები იყო, მიუღებელი ხდება. აღნიშნულ ცვლილებებს ხშირად მოჰყვება ახალგაზრდა წყვილს შორის ხასიათის შეუთავსებლობა, ოჯახური სიმტკიცის რღვევა და ბოლოს – განქორწინება. მსგავსი შემთხვევისაგან არა თუ მოზარდები, არამედ მოზრდილებიც კი არ არიან დაცულნი, თუმცა გაცილებით ხშირად ეს ფაქტები ახალგაზრდა წყვილებში დასტურდება. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 21 845 ქორწინებიდან 2 060 განქორწინებით დასრულდა, განქორწინებათა დაახლოებით 20% 16-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებზე მოდის. სიყვარულის გარდა ოჯახის წევრებს გარკვეული მოვალეობები და პასუხისმგებლობები აკისრიათ ერთმანეთის წინაშე, ამიტომ ოჯახის შექმნა და სასურველი ურთიერთობების შენარჩუნება არც ისე იოლია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2011/11/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.