თინეიჯერული სიყვარული

თინეიჯერული სიყვარული

თინეიჯერებს ხშირად “გვიყვარდება” და ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს არ არის სერიოზული და არასწორია. რა განსხვავებაა ზრდასრული ადამინაების სიყვარულსა და თინეიჯერების სიყვარულს შორის? ან საერთოდ რა არის სიყვარული და არის თუ არა ის რეალური გრძნობა? ჩემი აზრით, სიყვარული უბრალო ილუზიაა, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია.

ოჯახის წევრების სიყვარული, მეგობრების სიყვარული, კარგი ურთიერთგაგებაა და მიჩვევაა მათთან, ხოლო სიყვარული ბიჭსა და გოგონას შორის, უბრალოდ, მეგობრობაა, რომელსაც ვნებაც ახლავს თან. ეს სიყვარული არ არის არც ავადმყოფობა, არც ძალიან ძლიერი გრძნობა, რომლის დავიწყებაც ძნელია, ეს უბრალოდ გრძნობაა, რომელიც ყველას გვსურს განვიცადოთ, რადგან ხშირად გვინახავს ის ჩვენს ტელეეკრანებზე ზღაპრული ელფერით და წაგვიკითხავს რომანებში ახდენილი ოცნებებით სავსე.

ეს ყველაფერი ახდენს ჩვენზე, თინეიჯერ გოგონებზე, ძალიან დიდ ზეგავლენას. ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ ბიჭების უმრავლესობას შეუძლია გოგონა უფრო სწრაფად დაივიწყოს, ვიდრე გოგოს ბიჭი.გოგონებს თავი იმდენი სისულელით გვაქვს გამოტენილი, იმდენად მეოცნებე და თბილი არსებები ვართ, რომ არარსებულს ვეძებთ ამქვეყნად და ამიტომ, ბიჭთან ურთიერთობაშიც ბევრი გვეშლება. ბიჭები კი უფრო რეალისტები არიან და ამიტომაც ვერ პატიობენ საყვარელ ადამიანს ადვილად, არიან უფრო ამაყები და დაუფიქრებელი სისულელეები, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის გოგონები ხშირად ჩავდივართ ისეთი სიყვარულის გამო, როგორსაც ჩვენ ვხედავთ, მათგან ძალიან შორსაა.

რეალურად სიყვარული, ალბათ, გრძნობაა, რომლის დროსაც ადამიანთან, რომელიც გიყვარს, თავს კარგად გრძნობ, მისი გესმის, მასაც ესმის შენი და ერთმანეთის მიმართ რაღაც ლტოლვაც გამოძრავებთ, სიყვარულს სწორედ ასეთს ხედავს, ალბათ, ბიჭების უმრავლესობაც, გოგონები კი ამ სიყვარულის უკან, კიდევ რაღაც სხვას ხედავთ. უფრო ვაკვირდებით დეტალებს, ადვილად ვამჩნევთ პატარა ნაკლსაც, გული ბიჭებზე უფრო ძალიან გვტკივა… გოგონები თითქოს ყოველთვის ვხედავთ იმას, რისი დანახვაც გვინდა და ეს რეალობაში გვერევა, ხშირად, უბრალოდ გვჭირდება ვიყოთ ვიღაცაზე დამოკიდებულები, ამიტომ ხშირადაც ვტყუვდებით.

რა თქმა უნდა, არსებობენ ძლიერი გოგონებიც, რომლებსაც შეუძლიათ მოვლენების რეალურად შეფასება, მაგრამ ისინიც მაინც გოგონები არიან და შეყვარებულთან დაშორებისას, შინაგანად უფრო დიდ სისუსტეს გრძნობენ. ალბათ, ბევრს ხშირად ძალიან გვიან აღმოგვიჩენია, რომ ჩვენს საყვარელ პიროვნებას სულ სხვანაირს ვხედავდით, ან ხშირად დაგვიცინია დაქალისთვის, როდესაც შეყვარებულის გამო დეპრესიაში ყოფილა, მაგრამ მალევე იგივე თავადაც დაგვმართნია. ეს იმიტომ, რომ ვართ გოგონები. გვაქვს სათუთი ბუნება და. მაგალითად, შეყვარებულთან დაშორების შემდეგ, როგორც არ უნდა ვეცადოთ თავის მაღლა დაჭერას, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ხომ მაინც უამრავი ფიქრი გვიპყრობს და ჩუმად, ცრემლიც მოგვდის ხოლმე.იმისათვის, რომ არ მოვტყუვდეთ, ძალიან არ მოვიწყინოთ, როდესაც შეყვარებულთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა, უნდა ვისწავლოთ მოვლენების რეალურად შეფასება და ჩვენი საქციელის შედეგად მიღებულ შედეგებზე წინასწარ ფიქრი, რაც, არც თუ ისე, მარტივია.

სამწუხაროა ასე, რომ არის, მაგრამ არაფერში გამოგვადგება ზღაპრული შეხედულება სიყვარულზე, რადგან ამის საფუძველზე, ჩემი აზრით, ბევრ შეცდომას დავუშვებთ, რადგან ამ დროს გვგონია, რომ შეყვარებულს სამუდამოდ ვეყვარებით, თუნდაც ამას არ ვაღიარებდეთ და გაგვიქრება მისი დაკარგვის შიში. ეს კი, უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს. გოგონას იმედის ჩაქრობა მაინც ძალიან ძნელია, ამიტომ, ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყებისას გვგონია, რომ აი “ის” არის ჩვენი ერთადერთი, ეს კი ჩვენთვისვეა ცუდი.

ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა, თუნდაც სიყვარულში, უნდა დაიტოვოს უკან დახევის გზა და ბოლომდე არ უნდა მიეცეს გრძნობებს სანამ არ დარწმუნდება, რომ ეს არ არის ილუზია და მართლაც ნამდვილი გრძნობაა. ეს ჩვენს თავში დარწმუნებულობა, ოდნავი სიამაყე და მიუწვდომელი არსების იმიჯი, დამიჯერეთ, ჩვენვე დაგვეხმარება.

_______________________________________

წყარო: http://teenaisha.wordpress.com/2011/12/05/თინეიჯერული-სიყვარული/

გადასვლა >>> ,,თინეიჯერი”

.

Share this...Share on Facebook
Facebook