მინანქრის დეფექტები

მინანქრის დეფექტები

სარძევე კბილების ჩანასახები ყალიბდება ზედა და ქვედა ყბების ძვლოვან ქსოვილში, ბავშვის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. ორსულობის მე-6-10 კვირაზე წარმოიქმნება ყველა სარძევე კბილის ჩანასახი, შემდეგ კი ხდება უშუალოდ მინანქრის და დენტინის მომწიფება, რაც გრძელდება ბავშვის დაბადებისა და კბილების ამოჭრის შემდეგაც. ბავშვის კბილებში კალციუმის მარილების ჩალაგების პროცესი იწყება ორსულობის მე-5 თვიდან. მუდმივი კბილების ჩანასახები ყალიბდება ბავშვის სიცოცხლის მე-5-6 თვეზე.

როდესაც მინანქარი ნორმალურად ვითარდება, ეს ქსოვილი მთლიანად და თანაბრად ფარავს კბილის ზედაპირს (ფესვბის გარდა)  და წარმოქმნის 1-3,5 მმ-მდე სისქის შრეს. თუმცა, მინანქრის ჩამოყალიბების პროცესი გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება დაირრვეს და განვითარდეს შემდეგი გართულებები.

მინანქრისხვრელებიანუ ჰიპოპლაზია

ჰიპოპლაზია (ლათ. hypoplasia) არის განვითარების მანკი, რომლის დროსაც დარღვეულია მთლიანად კბილის ან მისი რომელიმე ქსოვილის განვითარება. ჰიპოპლაზიის ყველაზე მძიმე ფორმაააპლაზია, როდესაც კბილის გარკვეულ უბნებს საერთოდ არ გააჩნიათ მინანქარი.

ჰიპოპლაზია თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათის შეიძლება იყოს და გამოვლინდება 0-8 წლის ასაკამდე ბავშვებში. ძირითადად ჰიპოპლაზიით ერთდროულად რამდენიმე კბილია დაზიანებული. ჰიპოპლაზია შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის იყოს – მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

მსუბუქი ფორმა –  მინანქრის ფერის შეცვლა. მსუბუქი ხარისხის ჰიპოპლაზიის დროს მინანქრის მთლიანობა დარღვეული არ არის, მაგრამ მისი ზედაპირი დაფარულია თეთრი, იშვიათად მოყვითალო ფერის, მკვეთრი საზღვრების მქონე ლაქებით. ისინი, როგორც წესი, ერთსადაიმავე ჯგუფის კბილებზეა განლაგებული, მაგალითად ზედა და ქვედა საჭრელებზე. ასეთ ლაქებს რაიმე უსიამოვნო შეგრძნებები თან არ ახლავს. მათი განსხვავება კარიესული ლაქებისგან შეიძლება სპეციალური საღებავების საშუალებით. კარიესული წარმოშობის ლაქებისგან განსხვავებით, ასეთი ლაქები არ იღებება.

საშუალო ფორმა – მინანქრის უსწორმასწორო ზედაპირი. ჰიპოპლაზიის აღნიშნული ფორმის დროს მინანქრის ზედაპირზე შეინიშნება სხვადასხვა სიდიდის ჩაღრმავებები და ღარები, ზოგიერთ ადგილას მინანქარი თითქოს ტალღოვანი ხასიათისაა. კარიესული დეფექტებისგან განსხვავებით, ჰიპოპლაზიური ჩაღრმავებები მკვრივი და გლუვია, თუ რათქმაუნდა მათში შემდგომში არ განვითარდა კარიესი.

მძიმე ფორმა – მინანქრის არარსებობა. ეს ჰიპოპლაზიის ყველაზე იშვიათი ფორმაა, რომლის დამახასიათებელი ნიშანია მინანქრის არარსებობა (აპლაზია) კბილის გარკვეულ უბანზე, რის შედეგადაც ის ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა ტემპერატურული და ქიმიური გამღიზიანებლების მიმართ.

 

განვითარების მიზეზები

მინანქრის თანდაყოლილი ჰიპოპლაზიის ძირითადი მიზეზია დედის ჯარმრთელობის დარღვევები ორსულობის დროს: ორსულობის პირველი და მეორე ნახევრის ტოქსიკოზი; გრიპი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია; წითურა; ტოქსოპლაზმოზი; ნაადრევი მშობიარობა და სამშობიარო ტრავმა; ენცეფალოპათია; თანდაყოლილი ალერგია; რაქიტი.

შეძენილი ჰიპოპლაზია ვითარდება უკვე ბავშვის დაბადების შემდეგ, როდესაც ბავშვს სხვადასხვა ავადმყოფობის გამო ერღვევა ნივთიერებათა ცვლა და ვერ ხდება კბილის ჩანასახების სათანადო მინერალიზაცია.

 

ჰიპოპლაზიის შედეგები

– ესტეტიკური დეფექტები;

– იზრდება კარიესის განვითარების რისკი;

– აღნიშნულ დარღვევას ხშირად თან ახლავს კბილის სხვა ქსოვილების პათოლოგია;

– შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევები.

 

პროფილაქტიკა

– ორსულობის დროს ქალი უნდა იყოს სტომატოლოგის დაკვირვების ქვეშ;

– ვიზიტი სტომატოლოგთან, როდესაც ბავშვის კბილები ამოჭრას დაიწყებს;

– დედისა და ბავშვის დაბალანსებული კვება.

 

მკურნალობა

ჰიპოპლაზიის მსუბუქი და საშუალო ფორმის დროს მინანქრის დეფექტებს დაბჟენენ, კბილს ფარავენ ფტორის შემცველი ლაქით, ხოლო ფერით განსხვავებულ ლაქებს ათეთრებენ. მკვეთრად გამოხატული ჰიპოპლაზიის დროს კბილს უკეთებენ ხელოვნურ გვირგვინს.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.