იმპლანტოლოგიური მკურნალობის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები

იმპლანტოლოგიური მკურნალობის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები

როდესაც თქვენ დაიწყებთ იმპლანტაციის ოპერაციის ბიუჯეტის დათვლას, უნდა იცოდეთ, რომ კლინიკები, ძირითადად, საშუალო ფასს მიუთითებენ და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საბოლოო ღირებულება შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.

დაწვრილებით განვიხილოთ, რამ შეიძლება გააძვიროს ოპერაცია

დათვალიერებისა და დიაგნოსტიკის საწყის ეტაპზე ბევრი რამ დამოკიდებულია პირის ღრუს მდგომარეობაზე. თუ კბილი ახალი ამოღებულია, შესაძლებელია ეკონომია – ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ იმპლანტაციის სისტემა ერთეტაპიანი დაყენებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც კბილის ამოღების შემდეგ 1 წელზე მეტია გასული, ხშირად ძვლოვანი ქსოვილი ამ ადგილას ატროფირებულია. ამან კი შეიძლება ხელი შეუშალოს იმპლანტის შეხორცებას. ასე რომ არ მოხდეს, ტარდება სპეციალური ოპერაცია –ოსტეოპლასტიკა ანუ ძვლოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდა. პროცედურის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სირთულის იქნება ოპერაცია და რომელი ძვლის შემცვლელები იქნება გამოყენებული.

თუ იმპლანტაცია იგეგმება ზედა ყბაზე, შეიძლება საჭირო გახდეს სინუს-ლიფტინგი. ეს არის ძვლის ქსოვილის აღდგენის ოპერაცია ყბის გვერდით ნაწილებში ჰაიმორის წიაღის მხრიდან (წამოიწევს ფსკერი). ესეც დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული.

საბოლოო თანხას განსაზღვრავს ისიც, თუ იმპლანტაციის რომელ სისტემას მიანიჭებს ექიმი უპირატესობას. ამჟამად, არსებობს 150 მეტი სახეობის იმპლანტატი, რომელთა შორისაც არის იაფიც და ძალიან ძვირიც. შესაბამის ვარიანტს გირჩევთ ექიმი. მან იცის ბაზრის სიტუაცია, რომელი სისტემები უნდა გირჩიოთ, სად გააკეთოთ ეკონომია. ნუ გადაიხდით ზედმეტს მხოლოდ ბრენდში. ინტერნეტში შეისწავლეთ ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ და წაიკითხეთ პაციენტთა შეფასებები.

მკურნალობის ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორია გვირგვინის შერჩევაც. ფასი დამოკიდებულია მასალაზე. არსებობს ლითონ-კერამიკული გვირგვინები, ლითონ-კერამიკული გვირგვინები ოქროს შემცველ შენადნობზე, მთლიანად კერამიკული გვირგვინები (ცირკონიუმის დიოქსიდი, ალუმინის ოქსიდი). უნდა იცოდეთ, რა მიზნებისთვის არის განკუთვნილი თითოეული მათგანი. მაგალითად, წინა კბილების იმპლანტაციისთვის უმჯობესია მთლიანად კერამიკული გვირგვინები, რომლებიც ძალიან ბუნებრივად გამოიყურება და ყველა ესთეტიკურ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ასევე, უნდა შეისწავლოთ კიდევ ერთი სიტყვა – აბატმენტი. ისიც მოქმედებს ფასზე. ეს სუპრასტრუქტურა იხრახნება იმპლანტში და უზრუნველყოფს საყრდენს გვირგვინისთვის ან მოსახსნელი პროთეზისთვის. აბატმენტებიც მრავალგვარია – ტიტანის, ცირკონიუმის, ოქროსი და სხვ.

როგორც ხედავთ, არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებზეც დამოკიდებულია პროცედურის ღირებულება. ბიუჯეტის სწორად დაგეგმვისთვის აუცილებელია გაიTვალისწინოთ ყველა მათგანი.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.