კბილების პროთეზირების ეტაპები

კბილების პროთეზირების ეტაპები

კბილების პროთეზირება რთული და მრავალეტაპიანი პროცესია. ახალი, მტკიცე და ლამაზი კბილების მისაღებად, ორთოპედმა უნდა გაითვალისწინოს თითოეული დეტალი პროთეზირების ყველა ეტაპზე.

1 ეტაპი – გამოკვლევა

ამ ეტაპის გარეშე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება პროთეზირების თქვენთვის მისაღები მეთოდის შესახებ. ამგვარად, პირის ღრუს გამოკვლევა მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც თავის მხრივ იყოფა 2 ტიპად:

1) წინასწარი გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც ექიმი ირჩევს პროთეზირების მეთოდს და განსაზღვრავს სამუშაოს მოცულობას.

2) დეტალური გამოკვლევა, როდესაც ადგენენ კბილების პროთეზირების ინდივიდუალურ გეგმას პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით. დეტალური გამოკვლევას ატარეენ სტომატოლოგიური იარაღებისა ან რენტგენოლოგიური კვლევების დახმარებით. დეტალური გამოკვლევის ძირითადი მიზანია თითოეული კბილის და პაროდონტის ქსოვილების ჯანმრთელობის შეფასება. ექიმი განსაზღვრავს პაციენტის კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას, საჭიროებისას მკურნალობს მათ, რომ შემდგომში თავიდან აიცილოს სხვადასხვა გართულებები და საბოლოოდ შეარჩიოს პროთეზის სახეობა.

2 ეტაპი – მკურნალობა

პირის ღრუს სანაცია პროთეზირების აუცილებელი ეტაპია.  პირის ღრუში მიმდინარე აქტიური პათოლოგიური პროცესები ამცირებენ პროთეზის ვარგისიანობის ვადას, ზოგჯერ კი მათ გამო მთელი ჩატარებული სამუშაო უშედეგოა.

3 ეტაპი – პროთეზირება

გამოკვლევის ჩატარების, პროთეზირების მეთოდის შერჩევის, პირის ღრუს სათანადო მომზადების შემდეგ ექიმი იწყებს უშუალოდ პროთეზირებას. ეს პროცესი იყოფა 4 ეტაპად:

მომზადება პროთეზის დასაყენებლად. ეს ეტაპი მაშინ ტარდება, როდესაც აუცილებელია კბილების მომზადება კონსტრუქციის დასაყენებლად. ამ ეტაპზე შეიძლება ჩატარდეს კბილის დეპულპაცია, დაბჟენა, საყრდენი კბილების დაქლიბვა და სხვა სტომატოლოგიური მანიპულაციები. პროთეზის დასაყენებლად მომზადება შეიძლება იყოს ერთ- ან მრავალეტაპიანი. ყველაფერი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და სირთულეზე.

პროთეზის დამზადება. ამ სტადიაზე ყველაფერი დამოკიდებულია კბილის ტექნიკოსის ოსტატობაზე, რომელმაც უნდა შეარჩიოს საუკეთესო თანამედროვე მასალები კბილების პროთეზირებისთვის და კარგად დაამზადოს პროთეზი, იქნება ეს მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი თუ ლითონ-კერამიკული გვირგვინი ან ხიდი. ჯერ მზადდება პროთეზის წინასწარი მოდელი ცვილისგან, რომელიც საბოლოო პროთეზის ერთგვარი მაკეტია. არსებობს უკვე ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც თავდაპირველად იქმნება პროთეზის კომპიუტერული მოდელი, რომლის მიხედვითაც პროთეზი მზადდება სპეციალური ჩარხების და მანქანების საშუალებით, მაგალითად, ლაზერის გამოყენებით.

მორგება ანუ პროთეზის დამუშავების ეტაპი. ამ ეტაპზე პროთეზი საბოლოო სახეს იღებს და მზად არის პაციენტის პირის ღრუში დასამაგრებლად. ის კარგად უნდა მოერგოს და ზუსტად შეესაბამებოდეს დაგეგმილ პროექტს.

პროთეზის დაყენება. თუ წინა ეტაპები სწორად შესრულდა, პროთეზის მიზომება წარმატებით ჩატარდა, ექიმი აფიქსირებს მას. პროთეზების ფიქსაციის მეთოდი მრავალია. თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის მეთოდის შერჩევას ახორციელებს ორთოპედი.

4 ეტაპი – კონსულტაცია

პროთეზის დაყენების შემდეგ აუცილებელია პერიოდული ვიზიტი სტომატოლოგ-ორთოპედთან კონსტრუქციის დასათვალიერებლად. ექიმის მუდმივი დაკვირვებით და მისი რეკომენდაციების შესრულებით მიიღწევა მთავარი მიზანი – პროთეზის სტრუქტურის ხანგრძლივი შენარჩუნება და ყბა-კბილოვანი სისტემის ფუნქციის აღდგენა.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..