კბილის ტკივილის დროს ადამიანები ლოცვით მიმართავენ წმინდა მოწამე ანტიპას

კბილის ტკივილის დროს ადამიანები ლოცვით მიმართავენ წმინდა მოწამე ანტიპას

რომის იმპერატორ დომიციანის (81-96წწ.) მმართველობის დროს დაიწყო ქრისტიანების დიდი დევნა. ყველა თავადსა და მმართველს დაეგზავნა ბრძანება, რომ ქრისტიანებს უსიტყვოდ მიეღოთ წარმართობა და თაყვანი ეცათ კერპებისთვის. მაშინ მრავალი მორწმუნე გამოჩნდა, რომლებიც შიშის გარეშე ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას და მრავალი ეწამა. ამ დროს ეგეოსის ზღვაში კუნძულ პათმოსზე იქნა დამწყვდეული დიდი მოციქული, წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, წმინდა ანტიპას მასწავლებელი.

პათმოსზე ხილვაში მას გამოეცხადა უფალი და უბრძანა წერილი მიეწერა შვიდი ანგელოზისთვის ანუ მცირე აზიის შვიდი ეკლესიის ეპისკოპოსისთვის. მათ შორის, უფალმა ახსენა განმანათლებელი ანტიპა, პერგამოსის ეკლესიის ეპისკოპოსი. ამ პერიოდში ქალაქი პერგამოსი, როგორც წმინდა მამები წერენ, სატანის საცხოვრისი იყო. იქ ის ჩაითვლებოდა კეთილშობილად და სამართლიანად, ვინც ცემდა ან მოკლავდა ქრისტიანებს. მაშინ ურწმუნოებმა ძალიან შეავიწროვეს ქრისტიანები. ნეტარი ანტიპა, ურყევი რწმენისა და კეთილშობილი ადამიანი მყარად და უშიშრად იდგა მტრების წინააღმდეგ. მან ყური არ უგდო მწვალებლების მუქარას, ხშირად გადიოდა ხალხში და წმინდა და სამართლიანი რწმენის შუქით განდევნიდა კერპთაყვანისმცემლობის უკუნს.

ანტიპა შეიპყრეს და იმ ადგილზე მიიყვანეს, სადაც კერპებს მსხვერპლს სწირავდნენ. მას შესთავაზეს რწმენის შეცვლა და ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ წმინდანმა  უარყო მათი წინადადება. ამისათვის ის გახურებულ სპილენძის ქვაბში ჩააგდეს. მან მთელი მსოფლიოსთვის ილოცა და სული უფალს მიაბარა.

წმინდა ანტიპას ნეშთი პატივით დაასაფლავეს ქალაქ პერგამოსში.

ახალი სტილით 24 აპრილს მთელი მსოფლიოს ქრისტიანები აღნიშნავენ წმინდა მოწამე ანტიპას ხსენების დღეს. ქრისტეს სახელით და ლოცვებით ანტიპა კურნავდა დაავადებებს, განსაკუთრებით კი კბილების დაავადებებს. ის სტომატოლოგების მფარველად ითვლება.

 

ლოცვა მღვდელ-მოწამე ანტიპა პერგამოსელისადმი, კბილის ტკივილის ჟამს

ჰოი, ყოვლად-დიდებულო მღვდელ-მოწამეო ანტიპა, სნეულებათა შინა მსწრაფლშემწეო ყოველთა ქრისტიანეთათვის, მრწამს მთელითა სულითა და გონებითა ჩემითა, რამეთუ შენდამი ბოძებულ არს, უფლისა მიერ, ნიჭი სნეულთა კურნებისა, სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარეთა აღდგინებისა და უძლურთა განძლიერებისა. ამისთვისცა, მე უძლური ესე შენდა, ვითარცა სნეულებათა მადლმოსილისა მკურნალისა მიმართ მოვილტვი, და შენისა, ღირსისა პატივისა, ხატისა მოწიწებით ამბორის მყოფელი, გევედრები: შუამდგომელობითა შენითა ზეციურ მეუფისაგან ჩემთვის, სნეულისათვის, ჩემისა მტანჯველისა კბილთა ტკივილისაგან კურნებაი ითხოვე. უკეთუმცა არა ვარ ღირს შენდა, კეთილსახიერისა მამისა და მარადის მფარველისა ჩემისა, არამედ შენ ვითარცა ღვთისა კაცთმოყუარებისა მიმბაძავმან, მეცა ჩემისა ბოროტთა საქმეთაგან განშორებისა და კეთილსა ცხოვრებასა შემდგომისა გამო, ღირს მყავ მფარველობისა შენისა. შენდამი უხვად ბოძებულითა მადლითა გნჰკურნე წყლულებანი და ჭრილობანი სულთა და ხორცთა ჩემთანი, მომმადლე მე ხორცთ მრთელობაი და ხსნაი, და ყოველსა შინა კეთილშემწეობაი, რათა ყოვლითა სახიერებითა და სიწმინდითა მშვიდსა და უშფოთველსა ცხოურებასა ცხოურებული, ღირს ვიქმნე ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლადწმიდისა სახელისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..