ნეილონის კბილის პროთეზები – ჩვეულებრივის ალტერნატივა?

ნეილონის კბილის პროთეზები – ჩვეულებრივის ალტერნატივა?

კბილების იმპლანტაციის განვითარების და ლამაზი ღიმილის აღდგენის ახალი მეთოდების მიუხედავად, მაინც ხშირია შემთხვევები, როდესაც კბილთა მწკრივის მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მოსახსნელი პროთეზებით. ისინი გამოიყენება კბილების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის დროს. პროთეზირების ეს სახე განსაკუტრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც დაკარგულია საღეჭი კბილები. მოსახსნელი პროთეზები ყველა არსებულ პროთეზზე უფრო დემოკრატიულია – აქვთ მისაწვდომი ფასი და ერგება პირის ღრუსა და კბილების პრაქტიკულად ნებისმიერ მდგომარეობას.

ექიმმა შეიძლება მოსახსნელი პროთეზები პაციენტს შესთავაზოს როგორც 2-3 კბილის დაკარგვის შემთხვევაში, ისე არანამკურნალები პაროდონტიტის დროსაც, როდესაც თითქმის ყველა კბილი მორყეულია და ამის გამო შეუძლებელია მოუხსნელი პროთეზების გამოყენება. მოსახსნელი პროთეზები ასევე შეუცვლელია ქვედა ყბის სახსრის დაავადებების დროს, ალერგიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. მაგრამ, თუ ახლო წარსულში შესაძლებელი იყო მხოლოდ ბუგელისებური ან აკრილური პროთეზების დაყენება, ამჟამად სტომატოლოგია გვთავაზობს უფრო მოხერხებულ კონსტრუქციას ნეილონისგან.

ნეილონის სიახლე

ნეილონი ნახევრადგამჭვირვალე ელასტიური მასალაა, რომლის კარგ იმიტაციას უკეთებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს. ნეილონის დაპატენტებული განსაკუთრებული ტიპი, რომლისგანაც მზადდებოდა კბილის პროთეზები, წარმოდგენილი იყო ჯერ კიდევ 1953 წელს აშშ-ში, მაგრამ ფართო გავრცელება მოგვიანებით ჰპოვა.

ახალი თაობის ძალიან მსუბუქი და რბილი კბილის პროთეზებით აღდგება კბილთა მწკრივის მთლიანობა მეზობელი ჯანმრთელი კბილების მოქლიბვის გარეშე. ჩვეულებრივი აკრილური კბილის პროთეზებისგან განსხვავებით, ნეილონი არ შეიცავს მონომერებს, რის გამოც ის შეუცვლელია ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებისთვის.

დადებითი მხარე

მნიშვნელოვანია ესთეტიკაც. ნეილონის პროთეზები ნახევრადგამჭვირვალეა და მისი საფიქსაციო ელემენტები –  დენტაალვეოლური კლამერები –  თითქმის შეუმჩნეველია.

ნეილონის პროთეზები არაჰიგროსკოპულია, აქვთ სტატიკური და დინამიკური ცვეთის დაბალი კოეფიციენტი, სტაბილური პარამეტრები, დამახსოვრების მაღალი ელასტიური უნარი და ბიოთავსებადობა. თავის მახასიათებლებს ინარჩუნებენ სხვადასხვა პირობებში, მათზე უარყოფითად არ მოქმედებს მაღალი ტენიანობა, ქიმიური ნივთიერებები და მუდმივი ციკლური დაძაბულობა.

ნეილონის დრეკადი პროთეზები თანაბრად ანაწილებენ ღეჭვით დატვირთვას, მტკიცეა და გამძლეა ყველაზე ძლიერი დატვირთვების მიმართ, მათი გატეხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამავდროულად, ისინი  ელასტიური, თხელი და მსუბუქია, რის გამოც მათგან გამოწვეული დისკომფორტი მინიმალურია შეგუების პერიოდში.

უარყოფითი მხარე

ნეილონის პროთეზებს აქვთ მნიშვნელოვანი ნაკლი. სამწუხაროდ, პროთეზის ელასტიურობა დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაჩქარებული ატროფიის მიზეზი. შეიძლება წარმოიქმნას ნაწოლი, რის გამოც პაციენტი ხშირად მიმართავს ექიმს.

ნეილონის პროთეზები პრაქტიკულად არ ექვემდებარება შეკეთებას, მათი გაწმენდა ძნელია – ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი და პასტა მათ ზედაპირზე ღრმა ნაკაწრებს ტოვებს, რაც ნადების დაგროვებას იწვევს.

ნეილონის პროთეზების მნიშვნელოვანი ნაკლია ისიც, რომ ისინი კბილებს გადასცემენ მხოლოდ ჰორიზონტალურ დატვირთვას, ბუგელისებური პროთეზები კი გადასცემენ ვერტიკალურსაც. ნეილონის პროთეზები საკმაოდ ძვირია, ახალი პროდუქტია ბაზარზე და ძნელია მათი შეძენა.

ყოველივე ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ნეილონი აკრილისა და ბუგელისებური პროთეზების ღირსეული შემცვლელი არ არის, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნეილონის პროთეზების გამოყენება გამართლებულია, ზოგიერთში კი არა. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში კი დაგეხმარებათ ექიმი.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..