ოპერაციისთვის მომზადება. რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

ოპერაციისთვის მომზადება. რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა – ეს სიტყვები კიდევ უფრო აშინებს სტომატოლოგიური კლინიკების ისედაც შეშინებულ პაციენტებს. სხვათა შორის, კბილის ამოღებაც ოპერაციაა. ამავდროულად, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, თითქმის ყველა ქირურგიული ოპერაცია სტომატოლოგიაში მიმართულია კბილების შენარჩუნებისკენ. კბილების შემანარჩუნებელ ოპერაციებს მიეკუთვნება კბილების ფესვების ამპუტაცია, გვირგვინოვან-რადიკულური სეპარაციები, ასევე პაროდონტის დაავადებების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები.

კვალიფიციური ექიმი განსაკუთრებულ მიდგომას პოულობს თითოეული პაციენტთან, რომელსაც უნდა ჩაუტაროს ქირურგიული ჩარევა; წინასწარ განსაზღვრავს გამოკვლევის გეგმას, თუ ოპერაცია ხანგრძლივი და ტრავმული იქნება. ყველა ორგანო და სისტემა ისევე უნდა იქნას გამოკვლეული, როგორც სხვა ქირურგიულ პაციენტებში.

უშუალოდ ოპერაციისთვის მზადება იწყება მხოლოდ მას შედეგ, რაც უკვე შეგროვებულია ანამნეზი, ცნობილია გამოკვლევის შედეგები, დასმულია სწორი დიაგნოზი და განსაზღვრულია ოპერაციის ჩვენებები. ექიმი შეარჩევს გაუტკივარების მეთოდს, სათანადო ინსტრუმენტებს და გეგმავს ოპერაციას. ამ პროცესში პაციენტიც მონაწილეობს. ქირურგის ერთ-ერთი ამოცანაა – ავადმყოფს აუხსნას, როგორ ჩატარდება ოპერაცია, რა პრეპარატებს გამოიყენებენ ოპერაციის დროს, უთხრას შესაძლო გართულებების შესახებ. მომზადებული პაციენტი უფრო მშვიდად იქცევა ქირურგიული ჩარევის დროს.

ოპერაციამდე პაციენტმა უნდა მოირჩინოს ყველა ინფექციური დაავადება და მიმდინარე ანთებითი პროცესები. მაგალითად, ჰაიმორიტის დროს ქირურგიული ჩარევა დაუშვებელია, რადგან ანთებითი პროცესი შეიძლება გადავიდეს ოპერაციის შემდგომ დარჩენილ ჭრილობაზე.

ოპერაციული ჩარევის მიმართ ყველაზე გამოხატული რეაქციები ახასიათებთ ბავშვებს და ქალებს. ოპერაციის წინ ბავშვი შეიძლება გაღიზიანებული, შეშინებული და მოუსვენარი იყოს, აღინიშნოს უძილობა და შარდის შეუკავებლობაც კი. ეს გასაკვირი არ არის, უფროსებიც კი განიცდიან დისკომფორტს, როდესაც იციან რა მოელით. რაც უფრო დიდხანს ელოდება პაციენტი კაბინეტში გამოძახებას, რაც უფრო ხანგრძლივი და ტრავმული ოპერაცია ელოდება, მით უფრო ძლიერია მისი განცდები უშუალოდ ოპერაციის დროს.

თუ პაციენტს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება, პირველი ოპერაცია ყველაზე ადვილად გადააქვს. სახისა და პირის ღრუს დანაწიბურებული რბილი ქსოვილების მიდამოში მიმდინარე ოპერაციები პაციენტებისთვის ყველაზე მძიმედ ითვლება, რადგან ასეთი ქირურგიული ჩარევის დროს ადგილობრივი გაუტკივარება ყოველთვის საკმარისად ეფექტური არ არის.

ოპერაციის წინ პირის ღრუ სათანადოდ უნდა მომზადდეს. იგულისხმება საკვების ნარჩენებისა და ნადების მექანიკური მოცილება, პირის ღრუში ანტისეპტიკური ხსნარების გამოვლება და საოპერაციო მიდამოს გაწმენდა ამ ხსნარებით გაჟღენთილი ტამპონებით. ოპერაციამდე აუცილებელია ზედმიწევნით მოცილებულ იქნას კბილის ქვა. თუ ამას არ გავაკეთებთ, ოპერაციის დროს მისი ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს რბილ ქსოვილებში, რასაც შეიძლება მთელი რიგი გართულებების განვითარება მოჰყვეს.

ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ჭრილობის მოვლა მიზნად ისახავს ანთების აცილებას და შეხორცებითი პროცესის დაჩქარებას.

არის ერთი მცირე ნიუანსი. ნებისმიერი ოპერაციული ჩარევა უმჯობესია გრილ ამინდში ჩატარდეს, რადგან სიცხეში ჭრილობა უფრო დიდხანს ხორცდება და მეტია ანთების განვითარების რისკი.

ოპერაციისთვის სწორი მომზადება დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ქირურგიულ ჩარევაზე, ისე ხელს უწყობს ჭრილობის უფრო სწრაფ შეხორცებას და კარგი შედეგის მიღებას.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..