პირველი დღეები კბილის პროთეზებით

პირველი დღეები კბილის პროთეზებით

ვისაც შეხება ჰქონია მოსახსნელ პროთეზებთან, კარგად იცის, თუ რა სირთულეების გადალახვა უწევს ადამიანს მათთან ადაპტაციის პერიოდში.

მიჩვევის პროცესი ყოველთვის კომფორტულად როდი მიმდინარეობს: საჭიროა დრო. ადეკვატური ადაპტაციისთვის საჭირო პერიოდია დაახლოებით 3-4 კვირა.

დისკომფორტის ყველაზე ხშირი მიზეზები

ასაკი (თითოეული ასაკისთვის არსებობს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის თავისებურებები). თუ ადამიანი ხანდაზმულია, მისი ლორწოვანი გარსი უფრო გათხელებულია და ადვილად ზიანდება, შესაბამისად ახალმა პროთეზმა შეიძლება მოახდინოს მისი ტრავმირება.

პროთეზის გასწორება. სიზარმაცის, დაკავებულობის ან სხვა მიზეზის გამო პაციენტი არ მიდის პროთეზის გასასწორებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადაპტაციის საწყის ეტაპზე.

მომატებული ღებინების რეფლექსი.

ბგერების წარმოთქმის დარღვევა.

ფსიქოლოგიური უარყოფითი განწყობა, რომელიც ხელს უშლის მოსახსნელ პროთეზთან ადაპტაციას (მაგალითად, სხვადასხვა სტრესული სიტუაციები).

პირველი დღეები ყველაზე ძნელია

პირველ დღეებში უჩვეულოა პირში უცხო სხეულის შეგრძნება: გაძნელებულია ღეჭვა, მომატებულია ნერწყვგამოყოფა, დარღვეულია დიქცია, დაკარგულია გემო. მაგრამ მთავარი მაინც ფსიქოლოგიური პრობლემაა. თქვენ გეჩვენებათ, რომ ირგვლივმყოფები ამჩნევენ კბილის პროთეზს, რის გამოც უხერხულობას გრძნობთ. დაიცავით ჩვენს მიერ შემოთავაზებული მარტივი წესები. მათ ადვილად მიეჩვევით.

მოთმინება და შეუპოვრობა. ერთ-ერთი პირველი წესია, რომელიც უნდა აითვისოთ (საუბარია არა ტკივილის მოთმენაზე, არამედ მოთმინებით უნდა აიტანოთ ადაპტაციის პერიოდი).

პროთეზის კორექცია. ახალი პროთეზი შეიძლება დააწვეს ლორწოვან გარსს, რის გამოც პაციენტი გრძნობს ძლიერ ტკივილს გარკვეულ ადგილებში. ამ დროს უნდა მიმართოდ ექიმს, რათა შეასწოროს პროთეზი ზეწოლის ადგილებში. გარდა ამისა, მიაკითხეთ ექიმს მაშინაც, თუ გრძნობთ, რომ ზედა და ქვედა ყბები კარგად არ ეთანასოვნება ერთმანეთს, ან ჩადგმული კბილები ძალიან დიდია და ხელს უშლიან პირის სწორად დახურვას.

რაციონი და ღეჭვის ფუნქცია. პროთეზირების შემდეგ ყველაზე ნელა და ძნელად აღდგება ღეჭვის ფუნქცია, ამიტომ მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. პირველ დღეებში მიირთვით მხოლოდ რბილი და თხიერი საკვები, ეცადეთ ღეჭოთ პროთეზის ორივე მხარეს. მაგარ საკვებზე თანდათან გადადით. დასაწყისში ნუ ეცდებით წინა კბილებით მოკბეჩას. საკვების ყოველი მიღების შემდეგ კბილის პროთეზი კარგად გარეცხეთ.

მეტყველება. ხშირად მოსახსნელი პროთეზი ხელს უშლის ენის ბუნებრივ მოძრაობას საუბრის დროს. ჩვენი მეტყველების გამართულობა დამოკიდებულია თანხმოვნების სწორ წარმოთქმაზე. ამიტომ, ყოველდღიურად უნდა გამოყოთ დრო (10-15 წუთი) ვარჯიშისთვის. ჯერ სცადეთ ენისმიერი და სასისმიერი თანხმოვნები: ,,,,,,და მათი შემცველი სიტყვები. შემდეგ გადადით ხმამაღალ ნელ კითხვაზე.

ეცადეთ არ მოიხსნათ პროთეზი. ეს საჭიროა ადაპტაციის პროცესის დასაჩქარებლად. მოიხსენით მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში: ჰიგიენური დამუშავების ან ძლიერი ტკივილების დროს (ტკივილის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს კორექციისთვის). თუ პროთეზის ტარების დროს გაქვთ ღებინების შეგრძნება და გიჩნდებათ პროთეზის მოხსნის სურვილი, შეეცადეთ ეს არ გააკეთოთ. დაგეხმარებათ ღრმა სუნთქვა, პირში თბილი წყლის გამოვლება. ეს შეგრძნება თანდათან აუცილებლად გაქრება.

სტომატოლოგს მიმართეთ 6 თვეში 1-ჯერ პროფილაქტიკის მიზნით, პროთეზის სწორი მდებარეობის შესამოწმებლად, ასევე მოსახსნელი პროთეზის პროფესიონალური ჰიგიენური გაწმენდისთვის.

ფსიქოლოგიური მომზადება. მოსახსნელ პროთეზს მარტო თქვენ არ ატარებთ. თუ ფსიქოლოგიურად მზად იქნებით, ადაპტაცია მალე მოხდება.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..