პირის ღრუს ჰიგიენა კბილების პროთეზირების შემდეგ

პირის ღრუს ჰიგიენა კბილების პროთეზირების შემდეგ

მას შემდეგ, რაც ადამიანები კარგავენ კბილებს და იყენებენ პროთეზებს, ხშირად ისინი თვლიან, რომ პროთეზები ისეთივე მოვლას არ საჭიროებენ, როგორც ბუნებრივი კბილები. მაშინაც კი, თუ თქვენ საერთოდ აღარ დაგრჩათ საკუთარი კბილები, არ დაგავიწყდეთ ღრძილები. შეიძლება განვითარდეს მათი ანთება, სისხლდენა და ამ დროს ყველაზე ხარისხიანი პროთეზირებაც ვერ შეგიქმნით მოსალოდნელ კომფორტს. ხოლო თუ დაგრჩათ საკუთარი კბილები, კარგი მოვლით მათ დიდხანს შეინარჩუნებთ. მით უმეტეს, რომ ისინი შეიძლება გახდეს მოუხსნელი პროთეზის საყრდენი, რომელიც უფრო კომფორტული და ესთეტიკურია.

სტომატოლოგებმა გამოავლინეს მკვეთრი დამოკიდებულება პირის ღრუს ჰიგიენის ხარისხსა და კბილის ხიდისებრი პროთეზების ვარგისიანობის ვადას შორის. იმ პირებში, ვინც ცუდად უვლის კბილებსა და ღრძილებს, ხიდი უფრო ცუდად გამოიყურება და დიდხანს არ მუშაობს. შედეგად, ის მალევე იცვლება უბრალო მოსახსნელი პროთეზით.

პრობლემების მთავარი მიზეზია საკვების ნარჩენები და ბაქტერიები, რომლებიც სწრაფად უნდა განადგურდეს. სტომატოლოგიურ დაავადებაზე ნებისმიერი ეჭვი, იქნება ეს ცუდი სუნი პირიდან თუ მცირედ სისხლმდენი ღრძილიც კი, უკვე იმის ნიშანია, რომ ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ პირის ღრუს ჰიგიენას.

თქვენ ჩვევად უნდა აქციოთ როგორც კბილის ჯაგრისისა და პასტის (შესაძლოა სამკურნალო), ასევე კბილის ძაფისა და სავლების სისტემატიური გამოყენება. საკუთარ კბილებსაც და პროთეზსაც ერთნაირი ყურადღებით უნდა მოუაროთ. პროთეზის გასაწმენდად სასურველია არააბრაზიული პასტისა და რბილი ჯაგრისის გამოყენება.

კბილის ჯაგრისით წმენდთ კბილების გარეთა და შიგნითა ნაწილს. არ დაგავიწყდეთ ძირითადი კბილების საღეჭი ზედაპირების გაწმენდა, იქ ხშირად გროვდება დიდი რაოდენობით მიკრობები. ენის ზედაპირს წმენდთ კბილის ჯაგრისით ან სპეციალური ენის საფხეკით. ღრძილები ძალიან ფრთხილად გაიწმინდეთ, განსაკუთრებით თუ კბილის ჯაგრისი ხისტია. კბილების გაწმენდის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ კბილის ძაფი, რადგან კბილებს შორის სივრცეს ჯაგრისი მთლიანად ვერ გამოწმენდს.

კბილების გაწმენდა დღეში 1-ჯერ საკმარისი არ არის, ამიტომ ყველა ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს საღამოს ძილის წინაც და შეძლებისდაგვარად, დღის განმავლობაშიც. ამ შემთხვევაში თქვენი კბილები და ღრძილები დაცული იქნება პირის ღრუში და პროთეზზე არსებული ბაქტერიებისგან.

მოსახსნელი პროთეზები ცალკე იწმინდება ისეთივე ზედმიწევნით, როგორც პირის ღრუ.

კბილებისა და ღრძილების გაწმენდის პროცედურა ყოველთვის სრულდება პირის ღრუში წყლის გამოვლებით, უმჯობესია სპეციალური სავლები. სწორედ გამოვლებით თავისუფლდება პირის ღრუ მიკრობებისა და საკვების ნარჩენებისგან.

თუ თქვენ კბილები იმპლანტირებული გაქვთ, პირის ღრუს მოვლის დროს საჭიროა პროთეზთან ღრძილის შეხების ადგილის ძალიან კარგი გაწმენდა. ამ დროს ჯაგრისი 450 კუთხით უნდა გეჭიროთ. პროთეზის ზედაპირის გაწმენდა შეიძლება კბილის ძაფით და კბილის პასტით. არ შეიძლება იმ სავლებებისა და  პასტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მჟავა ფტორიან ნივთიერებებს. მათ შეიძლება დააზიანონ იმპლანტატები, ისევე როგორც ძალიან მაგარმა საკვებმა (თხილი, ორცხობილა, მაგარი ხილ-ბოსტნეული და სხვ.).

არ არის საჭირო მათეთრებელი საშუალებების გამოყენებაც, რადგან შედეგად შეიძლება შეიცვალოს პროთეზის ფერი და ზედაპირის სტრუქტურა. მოსახსნელი პროთეზის ჩადება უმჯობესია წყალში, თუ მას დიდი ხნით იხსნით, რადგან პროთეზი ტენიანი უნდა იყოს. ნებისმიერმა დარტყმამ ან დავარდნამ შეიძლება მექანიკურად დააზიანოს პროთეზი.

პროთეზის ვარგისიანობის ვადა ბევრად არის დამოკიდებული, რამდენად ფრთხილად მოუვლით მას და პირის ღრუს. სტომატოლოგთა ყველა რეკომენდაციის დაცვის შემთხვევაში ხელოვნური კბილები შეიძლება 25 წელი ან მეტი გემსახუროთ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.