პროთეზირების მეთოდის არჩევა. ხიდისებრი პროთეზი თუ იმპლანტატი?

პროთეზირების მეთოდის არჩევა. ხიდისებრი პროთეზი თუ იმპლანტატი?

დავიწყოთ საწყისი მონაცემებით – თქვენ ამოგიღეს კბილი. მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის გათვალისწინებით, ამის გამო არ უნდა იდარდოთ.

მაგრამ ახლა თქვენ არჩევანის წინაშე აღმოჩნდით: რა გაიკეთოთ – ხიდისებრი პროთეზი თუ იმპლანტატი? განვიხილოთ პროთეზირების ამ ორი მეთოდის უპირატესობა და ნაკლი იმისათვის, რომ თქვენ ობიექტური სურათი შეგექმნეთ.

ხიდისებრი პროთეზის უპირატესობაა ფასი – ის გაცილებით იაფია. პლიუს ხიდის დაყენების დრო – მუშაობაზე დაიხარჯება მაქსიმუმ 1-2 თვე, ხოლო იმპლანტატის შემთხვევაში საჭიროა 6 თვე (ზოგჯერ მეტიც). მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ხიდი შეგუებას არ საჭიროებს, ღეჭვის უნარს აღადგენს 80-90%-ით. ამავდროულად, თუ დაკარგული კბილის (-ების) მეზობლად მდებარე კბილები საჭროებენ მკურნალობას, ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიძლება ამ სახის პროთეზირებაზე დათანხმება.

მაგრამ თუ გვერდით მდებარე კბილები ჯანმრთელია, პროთეზირების საკითხი დაფიქრებას მოითხოვს. ხიდის დაყენების ერთ-ერთი მთავარი ნაკლია დეფექტის გვერდით მდებარე კბილების დაქლიბვა და დეპულპაცია. შედეგად კი ეს კბილები უფრო მყიფე ხდება და თეორიულად შესაძლებელია მათი ნაადრევი დაკარგვა. ამავდროულად, ხიდი უფრო ნაკლებად ძლებს, ვიდრე იმპლანტატი.

რატომ არ შეიძლება ავირჩიოთ პროთეზირების ეს თანამედროვე მეთოდი? მას მრავალი უპირატესობა აქვს. იმპლანტატების დასაყენებლად საჭირო არ არის მეზობელი კბილების მოქლიბვა. მათი საშუალებით ნარჩუნდება ყბის ძვალი: იმპლანტები ღეჭვის დროს დატვირთვას გადასცემენ ძვალს და შეუძლიათ ხელი შეუწყონ ძვლოვანი ქსოვილის ორგანიზმისთვის საჭირო დონის შენარჩუნებას. იმპლანტატები ბუნებრივ კბილებზე უფრო მტკიცეა, პროთეზირების დროს ამცირებენ დატვირთვას მეზობელ კბილებზე. ისინი ძალიან საიმედოა, ბუნებრივი კბილებივით გამოიყურებიან და უფრო კომფორტულია. იმპლანტატი ხანგრძლივად ძლებს –  15 წელს და მეტს. პროთეზირების სწორედ ეს მეთოდი წარმოადგენს უპირობო ალტერნატივას, როდესაც კბილთა მწკრივში დაკარგულია ბოლო კბილები – ამ შემთხვევაში ტრადიციული ხიდის დაყენება პრაქტიკულად შეუძლებელია.

თუმცა, ამ მეთოდს აქვს არსებითი ნაკლიც. პირველი და მთავარია მაღალი ფასი. მეორე – ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა. მესამე – მუშაობის ხანგრძლივობა. პერიოდი, რომელიც თქვენ დაგჭირდებათ იმპლანტატების საშუალებით კბილთა მწკრივის დეფექტის აღსადგენად, დამოკიდებულია ინდივიდუალურ ორგანიზმის თავისებურებებზე და შემდეგ გარემოებებზე: თუ თქვენ კბილი ახალი ამოღებული გაქვთ და ძვლოვანი ქსოვილი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, დაგჭირდებათ 5,5-9 თვე, თუ ხოლო თუ კბილი 1 წელზე მეტი ხნის წინ არის ამოღებული და მის ადგილას ძვლოვანი ქსოვილი უკვე განლეულია – დაახლოებით 10,5-14 თვე.

ამავდროულად, არსებობს იმპლანტაციის უკუჩვენებებიც: შაქრიანი დიაბეტი; სისხლის შემდედებელი სისტემის დაავადებები; დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ანთების საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატების მუდმივ მიღებას; აივ-ინფექცია.

არსებობს დროებითი უკუჩვენებები – პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა და პაროდონტიტი. შედარებით უკუჩვენებებს მიეკუთვნება ასევე ძვლოვანი ქსოვილის დეფიციტი იმპლანტაციის ადგილას, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ძვლოვანი პლასტიკით (ხელოვნური ან საკუთარი (მაგ., მეორე ყბიდან აღებული) ძვლის გადანერგვა.

იმპლანტატის დამაგრების შემდეგ მოსალოდნელია კიდევ ერთი გართულება – ის შეიძლება არ შეეზარდოს ყბის ძვალს. აქ ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენი სტომატოლოგის ოსტატობაზე და მასალის ხარისხზე. თუ ყველაფერი სწორად არის გაკეთებული, იმპლანტი შეეზრდება 90% შემთხვევაში.

იმპლანტატის შემდეგი ნაკლი – შესაძლო გართულებები. ოპერაციის შემდგომ პერიოდში შეიძლება აღინიშნოს შემდეგი არასასურველი მოვლენები:

ძლიერი ტკივილი. ძირითადად, დაკავშირებულია შეშუპებასა და ანთებასთან.

სისხლჩაქცევა. ძირითადად, დაკავშირებულია ჭრილობის შეხორცების თავისებურებებთან და პაციენტის სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობასთან.

ნაკერების გახსნა. დაკავშირებულია პაციენტის ჭრილობის შეხორცების თავისებურებებთან ან ანთებასთან.

ანთების განვითარება ოპერაციის მიდამოში. ძირითადად, დაკავშირებულია ინფექციის შეჭრასთან.

თუ ამ პერიოდმა კარგად ჩაიარა, პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას პირის ღრუს ჰიგიენა. სხვა შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პერიიმპლანტიტი.

კბილების ზედმიწევნით წმენდის აუცილებლობა და 6 თვეში 1-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტიც შეიძლება ამ მეთოდის ნაკლს მივაკუთვნოთ.

მაშ ასე, მოკლედ შევაჯამოთ.

ხიდისებრი პროთეზი: სწრაფი, იაფი, მზადდება შედარებით მოკლე დროში, თუმცა მოითხოვს მეზობლად მდებარე კბილების დაქლიბვას.

იმპლანტატი: ესთეტური, გრძელვადიანი, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის შენარჩუნებას. მაგრამ, ძვირია, საჭიროებს ხანგრძლივ პროცედურებს. აქვს უკუჩვენებები, მოსალოდნელია გართულებები, აუცილებელია პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..