რა უნდა ახსოვდეს პაციენტს იმპლანტაციის შემდეგ

რა უნდა ახსოვდეს პაციენტს იმპლანტაციის შემდეგ

ოპერაციის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კბილების იმპლანტაციის ძირითადი პრინციპების დაცვაზე და სწორად დამზადებულ ორთოპედიულ კონსტრუქციაზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს პირის ღრუს ჰიგიენას ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

გვირგვინის დამაგრებამდე ყურადღება განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას და არ დაიტვირთოთ იმპლანტატი. თუ ის მოირყა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ხანგრძლივი სისხლდენის დროს კბილზე დაიდეთ დოლბანდის (“მარლის”) ტამპონი და თავი აწეული გქონდეთ, ლოყაზე დაიდეთ ცივი კომპრესი.

ძლიერი ტკივილის დროსაც კი არ შეიძლება თვითნებურად ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების და ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბება. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ სისუსტეს გრძნობთ ოპერაციის მომდევნო დღეებშიც, თუ უეცრად ვითარდება სისხლდენა და ყბის დაბუჟების შეგრძნება არ გაივლის ოპერაციიდან 10-12 სთ-ის შემდეგ.

ოპერაციის ჩატარების შემდეგ პაციენტს ეკრძალება საჭესთან დაჯდომა ანესთეზიისა და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გავლენის გამო, ამიტომ წინასწარ უნდა იზრუნოთ ახლობლების დახმარებაზე ან გამოიძახოთ ტაქსი. ოპერაციის შემდეგ შეიძლება წყლის ან გრილი სასმელების მიღება, პირში გამოვლება კი არ შეიძლება. ოპერაციის დღეს უმჯობესია არ იმუშავოთ, კვირის განმავლობაში აკრძალულია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ წოლაც არ არის რეკომენდებული, უმჯობესია იჯდეთ. ძილის დროს არ შეიძლება ბალიშზე იმ მხარეს დაწვეთ, რომელზეც გაკეთდა ოპერაცია.

იმპლანტაციამდე სტომატოლოგი პაციენტს ასწავლის პირის ღრუს სწორ ჰიგიენურ მოვლას. ორი კვირის განმავლობაში არ შეიძლება კბილის ჯაგრისის გამოყენება ოპერაციის ზონაში, რადგან შეხორცებადი ჭრილობა ადვილად შეიძლება დაზიანდეს, რაც სისხლდენას გამოიწვევს. მაგრამ, კბილების გაწმენდა აუცილებელია. იმპლანტის გამოშვერილი ნაწილები ყოველდღიურ წმენდას და მიკროორგანიზმების განადგურებას საჭიროებენ, რადგან მათ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიონ. კბილის ჯაგრისი ძალიან რბილი უნდა იყოს, რომ შემთხვევით არ დააზიანოს ახლომდებარე ქსოვილები.

იმპლანტირებულმა კბილებმა დიდხანს რომ გაძლონ, ოპერაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალი ექიმის ყველა მითითების შესრულება. სტომატოლოგები, ძირითადად, გვირჩევენ დიეტის დაცვას და რბილი ან თხიერი საკვების გამოყენებას, რომელიც არ დააზიანებს ლორწოვან გარსს. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებიც ასევე პირის ღრუს ჰიგიენის ნაწილია, რადგან დათვალიერებისას ადრეულ ეტაპებზე შეიძლება აღმოჩნდეს იმპლანტატებთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე ისინი ჯანმრთელობისთვის სერიოზულად საშიშნი გახდებიან. გახსოვდეთ, რომ კბილების სწორი და ყოველდღიური მოვლა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ანთებითი პროცესი იმპლანტის ირგვლივმდებარე ქსოვილებში. შედეგად, იმპლანტატები წარმატებით მიხორცდებიან და თქვენ ლამაზი ღიმილის ოცნებას აისრულებთ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.