არ შეინახოთ ქვა პირში

არ შეინახოთ ქვა პირში

განვითარების ადრეულ ეტაპებზე კბილის ნადები გამოიყურება, როგორც რბილი მოთეთრო ნალექი კბილებზე ღრძილის კიდის გასწვრივ. ინტენსიური გამოვლებით ის მხოლოდ ნაწილობრივ სცილდება, საფუძვლიანი გაწმენდით კი სრულიად.

კბილის ნადების განვითარების უკვე პირველ ფაზაში, ანუ 12 სთ-ის შემდეგ, მიკროორგანიზმები ნახშირწყლებისგან წარმოქმნიან კბილზე მჭიდროდ მიმაგრებულ მყარ კარკასს ანუ ე.წ. “კბილის ფოლაქს”. ასე იწყებს წარმოიქმნას კბილის ქვა.

ამ ეტაპზე ბაქტერიები გამოყოფენ მჟავას, რომელიც იწვევს კბილების კარიესს. ბაქტერიები მრავლდება, კბილის ფოლაქი კი იზრდება და ეშვება სულ უფრო ქვემოთ ღრძილში. კბილის ქვა თანდათან მაგრდება და მოყვითალო ფერს იღებს.

ქვის ჩამოყალიბების ამ სტადიაზე უკვე შეინიშნება ღრძილების ანთება (გინგივიტი).

ანთება ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა, რომლის მიზანიც არის მავნე ზეგავლენის მოცილება. გინგივიტის შემთხვევაში ანთებას იწვევს ბაქტერიები. ცვლის პროდუქტების სახით ისინი გამოყოფენ მჟავას, შხამებს (ტოქსინებს) და იმუნურ სისტემაზე მოქმედ სხვა ნივთიერებებს.

სამწუხაროდ, ცოტა ვინმე თუ დაფიქრებულა, რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს კბილის ნადებმა მასში არსებული მილიარდობით პათოგენური ბაქტერიებით, რომლებიც აქვეითებენ ინფექციებისადმი ჩვენს წინააღმდეგობას 70-80%-ით. ზედა სასუნთქი გზების ხშირი დაავადებები, პნევმონია, კუჭის ინფექციები, სისხლის სხვადასხვა დაავადება და მენინგიტიც კი პირდაპირ არის დაკავშირებული ხანგრძლივი ანთებითი პროცესების არსებობასთან პირის ღრუში (გინგივიტი, პაროდონტიტი).

კბილის ნადები წარმოიქმნება ყველა კბილზე, ყველაზე მდგრად ფორმას კი, ძირითადად, იძენს დიდი სანერწყვე ჯირკვლების ახლოს (ქვედა კბილების ცენტრალური ჯგუფის ენისკენა ზედაპირი). ნერწყვი, რომელიც მასში შემავალი მინერალური ნივთიერებებით ჩვეულებრივ დადებითად მოქმედებს კბილზე, ამ შემთხვევაში კბილამდე ვერ აღწევს და დადებითად მოქმედებს ნადებზე.

ნერწყვის მინერალების დალექვის შედეგად ვითარდება კბილის ქვა, რომლის წინააღმდეგაც კბილის ჯაგრისი უძლურია. კბილის ქვა სოლივით მდებარეობს ღრძილის კიდესა და კბილის ზედაპირს შორის. მის ზედაპირზე მუდმივად ილექება ახალი ნადები.

მრავალი მიკროორგანიზმით დასახლებული კბილის ნადები იწვევს ანთებითი პროცესის პროვოცირებას მიმდებარე ღრძილში.

ანთებითი ღრძილი მსუბუქი შეხებითაც კი სისხლმდენია. კბილის ქვა იზრდება და ღრმავდება ღრძილის ქვეშ – გადადის კბილის ფესვზე. იმ ადგილებში, სადაც ფესვის ზედაპირი ქვითაა დაფარულია, კბილის საყრდენი აპარატის ბოჭკოები კვდება. ყბის ძვალი, რომელიც ამ ადგილებში ფუნქციას კარგავს, განიცდის დესტრუქციას. ყოველივე ამის შედაგად კბილებთან ჩნდება პათოლოგიური პაროდონტული ჯიბეები. პაროდონტიტი პროგრესირებს და სულ უფრო სერიოზულ ჩირქოვან ფორმას იღებს.

როგორ გავუმკლავდეთ კბილებზე ნადებს და ავიცილოთ კბილის ქვის წარმოქმნა?

კბილის ნადები წარმოიქმნება კბილების გაწმენდიდან უკვე რამდენიმე საათში. შემდეგ კი უკვე დროის საქმეა, რომ მან სულ უფრო მყარი ფორმები მიიღოს. სწორედ ამიტომ, კბილების გაწმენდა აუცილებელია სულ მცირე 2-ჯერ დღეში, სასურველია უფრო ხშირად.

12 სთ-ის გასვლის შემდეგ ნადების მოცილება ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისით უკვე ძნელი იქნება, ხოლო თუ კბილებზე უკვე არის კბილის ფოლაქის მყარი ფორმები, ნადები გაიზრდება ზომაში.

თანამედროვე სტომატოლოგიას მრავალი საშუალება, ხელსაწყო და ტექნოლოგია აქვს, რომ გათავისუფლდეთ თქვენს პირის ღრუში არსებული მილიარდობით ბაქტერიისგან და დაიბრუნოთ ქათქათა ღიმილი და შეინარჩუნოთ თუნდაც უკვე მორყეული კბილები.

პრეპარატებით დამუშავების გარდა, ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი მეთოდია კბილების გაწმენდა მყარი ნადებისგან ულტრაბგერით. ეს საშიში არ არის, რადგან ინსტრუმენტების ვიბრაციის სიხშირე მკვეთრად განსაზღვრულია და მავნე გვერდითი ეფექტები ორგანიზმზე არ აქვს. ამ პროცედურის გონივრულად გამოყენებისას ექიმები ან ინექციურ გამაუტკივარებელ ბლოკადას აკეთებენ ან ამუშავებენ პირის ღრუს ლორწოვანს ლიდოკაინის სპრეით, რაც ასევე ხსნის ტკივილს. ნადების მოსახსნელი ინსტრუმენტები განსაკუთრებულად არის ალესილი, რაც გამორიცხავს კბილის მინანქრის დაზიანებას. თუ ქვის მოხსნის შემდეგ კბილზე დარჩა რაიმე ლაქა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მიკრობული ფლორის შემცველმა კბილის ფოლაქმა მოასწრო თავისი საქმის გაკეთება და გამოიწვია კარიესი.

ულტრაბგერით მუშავდება კბილის ფესვიც, მაგრამ ამ პროცედურისთვის გამოიყენება განსხვავებული პროფილისა და ფორმის ინსტრუმენტები, რაც ასევე მაქსიმალურად იცავს კბილის ფესვის მექანიკური დაზიანებისგან. კბილების გაწმენდის დამამთავრებელი ეტაპია მათი გაპრიალება სპეციალური, სხვადასხვა აბრაზიულობის მქონე კბილის პასტით და ფესვების გაპრიალება იგივე ულტრაბგერითი ინსტრუმენტებით, ოღონდ გლუვი პლასტმასის ბუნიკებით.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..