იმუნიტეტისა და კბილების ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი

იმუნიტეტისა და კბილების ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი

კბილები ადამიანის ორგანიზმში ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტი ინდიკატორია. მაგალიტად, თუ დაავადებულია კუჭი, დარღვეული იქნება პირის ღრუს მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობაც, რაც აუცილებლად გამოიწვევს ნერწყვის მჟავიანობის მომატებას და კბილების მინანქრის დაშლას. სისხლში ჰემოგლობინის უკმარისობის შედეგად ღრძილები სისხლმდენი ხდება, ხოლო ღვიძლის დაავადებების გამო კბილები იშლება. ნათელია, რომ ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად აუცილებელია მთელი ორგანიზმის დაავადებების პროფილაქტიკა.

ჯანმრთელი კბილები გულის კარგი მუშაობის საწინდარია. სტატისტიკა მოწმობს, რომ პერიდონტიტის მქონე პირები გულის დაავადებებით 2-ჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე ჯანმრთელი კბილების და ღრძილების მქონე მათი თანატოლები. უმრავლეს შემთხვევაში, გულის დაავადების ძირითადი მიზეზია პირის ღრუში მცხოვრები ბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები. პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა კბილების გაწმენდა სულ მცირე 2-ჯერ დღეში, ხოლო ძილის წინ აუცილებლად კბილის ძაფის გამოყენება. გარდა ამისა, კბილის ნადების და კბილის ქვის გაჩენის ასაცილებლად საჭიროა გამოვიყენოთ ბაქტერიციდული სავლებები.

ჯანმრთელობის გამაგრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორ კვებას. ყოველდღიურ რაციონში მუდმივად უნდა იყოს ამინომჟავებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები. ამავდროულად, მეცნიერები მოგვიწოდებენ შევამციროთ „მსუბუქი” და გავზარდოთ „რთული” ნახშირწყლების მოხმარება. არ შეიძლება კბილის ტკივილის უგულებელყოფა, რომელიც იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი წესრიგში არ არის. არასწორმა კვებამ ძალიან მალე შეიძლება გამოიწვიოს კბილების პრობლემები. ისინი შეიძლება ასევე მალე გაქრეს სწორი კვების დროს. კვების რაციონის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია, რომ პირის ღრუ ორგანიზმის ძალიან ადვილად დაზიანებადი მიდამოა, რადგან აქ ძალიან დიდი რაოდენობით შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმის მთავარი მტრები – მიკრობები და მათი ტოქსინები. სწორედ პირის ღრუდან იწყებენ ისინი მთელს ორგანიზმში გავრცელებას.

იმუნიტეტის გაძლიერება

ორგანიზმის იმუნური სისტემა განკუთვნილია ვირუსებისა და სხვა დესტრუქციული მიკროორგანიზმების უარყოფითი მოქმედების გასანეიტრალებლად. იმუნური სისტემა მოქმედებს ავტომატურ რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის კომპლექსურ დაცვას. იმუნიტეტის გასაძლიერებლად უნდა ვისარგებლოთ ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე მარტივი რჩევით. აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც თავისთავად არის ორგანიზმის იმუნური სისტემის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების გარანტი. ორგანიზმის სრულყოფილი განვითარებისთვის, საჭიროა დღეღამეში სულ მცირე 8 საათიანი ძილი, დღის რეჟიმის დაცვა. დაკავდით სპორტით. გათავისუფლდით სტრესებისა და მავნე ჩვევებისგან. იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესოა ნატურალური საშუალებები, მაგალითად, სამკურნალო მცენარეების ნაყენი ან ჩაი, რომელთა რეგულარული გამოყენებაც დადებითად იმოქმედებს ორგანიზმზე. ამჟამად, სამკურნალო ბალახების შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ისინი თავისუფლად იყიდება „მწვანე” აფთიაქებში უკვე მომზადებული სამკურნალო ნაკრებების ან ნაყენების სახით.

სამედიცინო პრეპარატებს, აცრებსა და ყველანაირ ვაქცინას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და მიიღეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ამ მარტივი რეკომენდაციების შესრულებით თქვენ შეინარჩუნებთ ჯანმრთელ ორგანიზმს მრავალი წლის განმავლობაში.

კბილების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები

კბილების ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშია ტკბილეული. ამ კატეგორიას მიეკუთვნება არა მარტო კანფეტი და შოკოლადი, არამედ გაზიანი სასმელები და ხილის წვენებიც. „არასასურველთა” კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე მჟავე, წელვადი და ზედმეტად ბლანტი პროდუქტები. მაგალითად, ლიმონმჟავა უარყოფითად მოქმედებს კბილის მინანქარზე. აღნიშნული ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ ეს პროდუქტები სრულიად ამოვიღოთ რაციონიდან, უბრალოდ ისინი მხოლოდ მცირე რაოდენობით უნდა მივიღოთ.

ტუჩის ან ენის პირსინგი, რომელიც ამჟამად სულ უფრო პოპულარული ხდება, ასევე შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს კბილის მინანქრისთვის. ლითონი ნერწყვთან რეაქციაში შესვლისას ხელს უწყობს ბაქტერიების აქტიურ განვითარებას. მეცნიერების მიერ ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მსგავსი პირსინგით მორთულ ადამიანებს კბილების დაავადებები 40%-ით უფრო ხშირად აღენიშნებათ.

აღსანიშნავია, რომ იმუნიტეტის დარღვევასა და პირის ღრუს დაავადებებს შორის კავშირი აშკარაა. ამიტომ, კბილების დაავადებების მიზეზის დასადგენად, საჭიროა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნეგატიური პროცესების გამოვლენა.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share this...Share on Facebook
Facebook