კბილების აღდგენა

კბილების აღდგენა

კბილების აღსადგენად ამჟამად სტომატოლოგები იყენებენ ე.წ. “დაშენების” ტექნოლოგიას. მისი საშუალებით შესაძლებელია დაზიანების სხვადასხვა სიმძიმის (რამდენიმე მმ-ით მოცვეთიდან პრაქტიკულად სრულ დაშლამდე) მქონე კბილების აღდგენა. თანამედროვე მასალებით აღჭურვილი ექიმები უკვე იმდენად წარმატებით ართმევენ თავს ამ პროცედურას, რომ სრულფასოვნად ნარჩუნდება კბილის ფუნქცია, სიმტკიცე და ესთეტიკაც.

ამჟამად, მრავალი ადამიანი ზრუნავს კბილების ესთეტიკაზე. ზოგიერთი კლინიკას მიმართავს თავისი ნებით, რადაგან სურს კბილებს შორის ნაპრალის – ე.წ. დიასტემისმოცილება ან მცირედი ცვეთის აღდგენა. ზოგიერთი კი იძულებულია მიმართოს რესტავრაციულ სტომატოლოგიას – თუ კბილი ჩამოტყდა ან თითქმის დაიშალა კარიესის, ტრავმის ან ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ამ პაციენტს შესაძლებლობა აქვს სწრაფად დაიბრუნოს ლამაზი ღიმილი თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

კბილების აღდგენის დადებითი მხარე

1. მაღალი სიმტკიცე. თანამედროვე მასალები საიმედოდ აღადგენენ კბილის დაკარგულ ქსოვილებს. დაშენებული კბილი თითქმის ისეთივე ცვეთმედეგი და მტკიცეა, როგორც ნამდვილი.

2. ქსოვილების მაქსიმალურად შენარჩუნება. თუ, მაგალითად, გვირგვინის დაყენების შემთხვევაში საჭიროა კბილის მოქლიბვა, კბილის “დაშენების” დროს, პირიქით ნარჩუნდება ყველა უბანი ზედმეტი დანაკარგის გარეშე.

3. მაქსიმალური აღდგენა. კბილის აღდგენა შეიძლება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისგან მხოლოდ მცირე ნატეხია დარჩენილი. მთავარია, რომ მთელი იყოს ფესვი და მის ირგვლივ მდებარე ძვალი.

4. ბუნებრივობა. თანამედროვე მასალები სტომატოლოგს საშუალებას აძლევენ ისე ზუსტად შეარჩიოს კბილის ფერი და გამჭვირვალობა, რომ მას სხვა კბილებისგან ვერ განვასხვავებთ.

კბილების აღდგენის უარყოფითი მხარე

უარყოფით მხარეს მიეკუთვნება საკმაოდ მაღალი ფასი. კბილის აღდგენა გვირგვინის დამაგრებაზე ძვირია, მაგრამ იმპლანტების დაყენებაზე მნიშვნელოვნად იაფი.

კიდევ ერთი მინუსი – ძნელია ივარაუდო, რამდენ ხანს გაძლებს კბილი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. აღდგენილი კბილი მტკიცე და ცვეთმედეგია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ის ძლებს 5 წელი, ზოგჯერ – 10 წელი, ზოგში – 20 წელი. რასტავრაციის ხანგრძლივობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: დაწყებული ექიმის გამოცდილებიდან, რაციონში შემავალი საკვებით დამთავრებული. აღდგენილ კბილს უფრო ყურადღებით მოვლა ესაჭიროება – ყავის, წითელი ღვინის და ა.შ. მოჭარბებული მოხმარების გამო მან შეიძლება ფერი შეიცვალოს.

კბილის აღდგენა კომპოზიტებით

უმნიშვნელო დაზიანების დროს კბილის აღდგენა ხდება კომპოზიტებით. გამოიყენება სპეციალური მასალები – ფოტოპოლიმერები. მათ აქვთ შემდეგი უპირატესობები: შეუძლიათ ნებისმიერი ფორმის მიღება; მტკიცეა; მყარდებიან მხოლოდ სინათლის სხივის ზემოქმედებით (კბილის ფორმის იდეალურად შერჩევის საშუალებას იძლევა).

აღდგენა ხდება უშუალოდ პირის ღრუში, ამიტომ პროცედურა სწრაფად ტარდება, შედეგები ერთ ვიზიტზე მიიღება. გარანტიის ვადა, გვირგვინის ან ჩანართის მსგავსად, დაახლოებით 10 წელია.

კბილის აღდგენა წკირზე (ღეროზე)

თუ კბილის გვირგვინი ფუძემდეა დაშლილი, მაგრამ ფესვი ჯანმრთელია და მთლიანად არის შენარჩუნებული, საჭირო არ არის კბილის იმპლანტაცია ან პროთეზირება. ექიმი წინასწარ აკეთებს რენტგენის სურათს, შემდეგ კომპიუტერზე ქმნის კბილის გვირგვინის შესაბამისი ფორმის ანატომიურ მოდელს. შემდეგ უშუალოდ ფესვის არხში ექიმს შეყავს ლითონის ან მინაბოჭკოვანი წკირი. მის ირგვლივ იდება საბჟენი ნივთიერება, რომელიც კბილის გვირგვინის აღდგენაში დაგვეხმარება. კბილების აღდგენის ასეთ ტექნოლოგიას დიდი უპირატესობა აქვს იმპლანტაციასთან შედარებით: კბილის ცოცხალი ფესვი ადგილზე რჩება. დამატებით, ფესვი და წკირი აღდგენილი კბილისთვის ორმაგი სამაგრია.

კბილის მხატვრული რესავრაცია ესთეტიკის აღდგენის ეფექტური ტექნოლოგიაა. თანამედროვე სტომატოლოგია შეძლებისდაგვარად ცდილობს კბილის შენარჩუნებას, ამიტომ ასეთი აღდგენითი პროცედურები საკმაოდ პოპულარულია. მაგრამ, ძალიან დაშლილი კბილების შემთხვევაში აღდგენა პანაცეა არ არის. რამდენ ხანს გაძლებს აღდგენილი კბილი, რა შედეგები იქნება, ექიმი ვერ გეტყვით. ამიტომ, გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.