კბილების გათეთრება: ისტორია და თანამედროვე ტენდენციები

კბილების გათეთრება: ისტორია და თანამედროვე ტენდენციები

ადამიანები კბილებს კაცობრიობის დასაბამიდან ითეთრებდნენ. მომხიბლავი ღიმილის მიღწევის საიდუმლოს პლინიუსი თავის ნაშრომებში აღწერდა. ის დაქუცმაცებულ კვერცხის ნაჭუჭს, თაფლს და წყალს ურევდა ერთმანეთში და ამ ინგრედიენტებისგან მიღებული პასტით გვთავაზობდა კბილების გაწმენდას.

ძველ რომში ითვლებოდა, რომ კბილების გასაპრიალებლად და გასათეთრებლად საუკეთესოა შარდოვანა. ძვირფასი ტვირთი წარჩინებული მოქალაქეებისთვის პორტუგალიიდან ჩამოჰქონდათ. შუა საუკუნეებში რაინდები და მომხიბვლელი ქალბატონები არ ივიწყებდნენ ლამაზ ღიმილზე ზრუნვას. კბილების გათეთრების პროცედურას ატარებდნენ მკურნალები აზოტმჟავას ხსნარითა და რკინის სახეხით.

XIX ს-ში კბილების სასურველი სითეთრის მისაღწევად სხვადასხვა მჟავებს იყენებდნენ. 1884 წლიდან ამ მიზნით დაიწყეს პერჰიდროლის გამოყენება. XIX ს-ის ბოლოს სტომატოლოგებმა ისწავლეს ვიტალური კბილების გათეთრება. თითოეულ ექიმს მათეთრებელი საშუალების თავისი რეცეპტი ჰქონდა. იყენებდნენ ზეჟანგს და ეთერს, წყალბადის შემცველ ნაერთებს. პროცედურის საშუალო ხანგრძლივობა იმ დროს დაახლოებით 30 წუთი იყო, კურსი მოიცავდა 20-25 პროცედურას.

XX ს-ში ფართოდ გავრცელდა წყალბადის ზეჟანგის კონცენტრატი. 1965 წლიდან ესთეტიკური სტომატოლოგია სულ უფრო პოპულარული გახდა. სწორედ ამ წლიდან ტარდება ინტენსიური კვლევები ამ სფეროში. შეისწავლეს მაღალი ტემპერატურის გავლენა კბილის პულპაზე. მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად, მეცნიერებმა სითბოს წყაროს გამოყენების ნება დართეს გათეთრების პროცედურების დროს. 1972 წელს დოქტორმა არენსმა ექსპერიმენტის სახით გაათეთრა ტეტრაციკლინური კბილებიSuperoxol-ის 35%-იანი ხსნარით, ტკივილის ზღურბლზე 100C ნაკლებ ტემპერატურაზე. საბედნიეროდ, პაციენტი კმაყოფილი დარჩა მკურნალობის შედეგით.

1989 წელს კბილების გასათეთრებლად პირველად გამოიყენეს ნივთიერება, რომელშიც შედიოდა წყალბადის ზეჟანგი და შარდოვანა. შარდოვანა დღესაც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მათეთრებელ სისტემებში.

1968 წელს მანრომ პირველად გამოიყენა შარდოვანა გელის სახით კაპებისთვის. შედეგად, ბაზარზე გამოჩნდა სახლის პირობებში გათეთრების პირველი პრეპარატი –White&Brite.

არკანზასელი ორთოდონტი კლაზმირი (აშშ) შეისწავლიდა პრეპარატ Gky-xld და მის მოქმედება გინგივიტით დაზიანებულ კბილებზე. პრეპარატი გამოიყენებოდა ღამით, უსვამდნენ რა მას მოსახსნელ აპარატზე. პრეპარატი პაციენტებს ათავისუფლებდა გინგივიტისგან და ამავდროულად ათეთრებდა კბილებს 3-4 ტონით, მინანქრის ფერი თანაბარი ხდებოდა. 1972 წელს კლაზმირმა დაიწყო კომპანია Reed&Carnick Pharm.-ის ახალი მათეთრებელი პრეპარატის შესწავლა. 1988 წელს სახლის პირობებში გათეთრების ასეთი მეთოდი ჩრდ. კაროლინის უნივერსიტეტის მიერ იქნა ნებადართული.

1990-იანი წლების დასაწყისიდან ესთეტიკური სტომატოლოგია სულ უფრო დამოუკიდებელი დარგი გახდა. 1990 წელს გამოქვეყნდა ამ სფეროში პირველი მასშტაბური სამეცნიერო კვლევების შედეგები. მეცნიერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ კბილების გათეთრება უსაფრთხოა და უარყოფითად არ მოქმედებს მინანქრის სტრუქტურაზე.

ამჟამად, პაციენტებს გათეთრების მეთოდების ფართო არჩევანი აქვთ. სახლში მინანქრის გათეთრება შეიძლება გელებით, პასტებით. ამ დროს უნდა გესმოდეთ, რომ სახლში გათეთრება სპეციალისტის კონტროლის გარეშე იდეალური შედეგის გარანტიას არ იძლევა. სახლის პირობებში ასევე შეიძლება გათეთრება White lite დაBrilliant სისტემებით. White lite-ით პროცედურა ტარდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. პაციენტი თვითონ ამზადებს მათეთრებელ შემადგენლობას, წაისმევს კბილებზე და მინანქარს ამუშავებს სინათლით.

სისტემა Brilliant გამოიყენება მგრძნობიარე კბილებისთვისაც, რადგან მის შემადგენლობაში არ შედის წყალბადის ზეჟანგი. მასში შედის კატალიზატორი, მათეთრებელი გელი, კბილის პასტა და კბილის ფირფიტა.

პროფესიონალური გათეთრება უზრუნველყოფს კბილების თანაბარზომიერ და ბუნებრივ ფერს, ასევე არ ზიანდება მინანქარი. კაბინეტში გათეთრება, ძირითადად, 1,5-2 სთ გრძელდება.

არსებობს კლინიკის პირობებში კბილების გათეთრების რამდენიმე მეთოდი.

გათეთრება მაღალი კონცენტრაციის გელითა და კატალიზატორით, რომელიც აჩქარებს მინანქრის გათეთრების პროცესს. ამ მიზნით გამოიყენება ულტრაიისფერი ან ლაზერული გამოსხივება, სითბო და განსაკუთრებული ქიმიური ნაერთები.

კბილების ლაზერული გათეთრება ერთ-ერთი ძვირი, მაგრამ უსაფრთხო მეთოდია. მინანქარზე წაუსვამენ სპეციალურ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც აქტიურდება ლაზერით. 1 საათში კბილები 8-10 ტონით ღიავდება.

ფოტოგათეთრების დროს პროცესის კატალიზატორია ჰალოგენის სინათლე. მისი ზემოქმედებით გამოიყოფა ჟანგბადი, რომელიც აცილებს მუქ ლაქებს კბილებიდან.

ასევე პოპულარულია გათეთრება Air Flow-თი, რომლის შედეგადაც კბილები თეთრდება ბუნებრივ სითეთრემდე. სპეციალური აპარატი აფრქვევს ფხვნილის, ჰაერისა და წყლის ნარევს.

ულტრაბგერით გათეთრება უფრო დამზოგველად მოქმედებს მინანქარზე, ათეთრებს კბილებს და აცილებს ქვას.

ქიმიური გათეთრების დროს გამოიყენება იგივე ნივთიერებები, რაც ანალოგიური პროცედურების ჩატარების დროს სახლის პირობებში, მაგრამ უფრო მაღალი კონცენტრაციით. ეფექტი 2-5 წელი ნარჩუნდება. თუმცა, არასწორი მოქმედებით შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მინანქარზე.

ესთეტიკური სტომატოლოგია და მასთან ერთად გათეთრების მეთოდები სწრაფად ვითარდება. ასე რომ, დღეს იდეალური ღიმილის მიღება უფრო ადვილად მისაღწევია.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.