კბილების წმენდის მეთოდები

კბილების წმენდის მეთოდები

პირის ღრუს მოვლა ადამიანებმა უძველესი დროიდან დაიწყეს. XI ს-ში ალგაზალი წერდა: „იწყებენ (კბილების გაწმენდას) მარჯვენა მხრიდან, შემდეგ მარცხენა მხრიდან, რის შემდეგაც იგივე თანმიმდევრობით (წმენდენ) წინა (კბილებს), შემდეგ იწყებენ სასის და ენის (მხრიდან).

თანამედროვე ადამიანი უზრუნველყოფილია პირის ღრუს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ხოლო კბილების წმენდის მეთოდებს ბავშვობიდანვე სწავლობს. ჰიგიენური პროცედურების ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის ამ მეთოდების სწორად შესრულებაზე დამოკიდებული. არსებობს მრავალი განსხვავებული მეთოდი, მაგრამ პრინციპი ყველასათვის ერთია:

აუცილებლად გაიწმინდეთ კბილები დღეში 2-ჯერ: დილით და საღამოს, 5 წთ-ის განმავლობაში (ამ დროში დაახლოებით 500 მოძრაობა კეთდება);

რომ არ გამოგრჩეთ რომელიმე უბანი, აუცილებელია კბილების წმენდის გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა:

ჯაგრისზე დიდი ზეწოლა საჭირო არ არის;

არ გამოიყენოთ დიდი რაოდენობით კბილის პასტა (უფროსებისთვის საკმარისია 1 სმ კბილის პასტა ჯაგრისზე, ბავშვებისთვის – 0,5 სმ);

ეცადეთ გაწმენდა ჩაატაროთ ერთ ტემპში.

სტომატოლოგები გვირჩევენ კბილების წმენდის დროს კბილთა მწკრივი გავყოთ ზედა და ქვედა ყბაზე 5 სეგმენტად:

დიდი ძირითადი კბილები მარჯვნივ;

დიდი ძირითადი კბილები მარცხნივ;

მცირე ძირითადი კბილები მარჯვნივ;

მცირე ძირითადი კბილები მარცხნივ;

ფრონტალური კბილები.

კბილების გაწმენდა იწყება ზედა ყბის მარცხენა მოლარებიდან ცენტრისკენ. ასევე ხდება ქვედა ყბაზეც. თითოეულ პირობით სეგმენტში ხდება კბილების ლოყისკენა, საღეჭი და ენისკენა (სასისკენა) ზედაპირების გაწმენდა. კბილის ჯაგრისს ათავსებენ კბილთა მწკრივის მიმართ 450 კუთხით და ასრულებენ გამწმენდ მოძრაობებს ღრძილის ზედაპირიდან კბილისკენ. კბილების საღეჭ ზედაპირს ასუფთავებენ ჰორიზონტალური მოძრაობებით. კბილების გაწმენდა დაასრულეთ ღრძილების მასაჟით – ჯაგრისის წრიული მოძრაობებით მოიცავით კბილები და ღრძილები.

ძირითადი შეცდომები კბილების გაწმენდის დროს:

კბილის მხოლოდ ლოყისკენა ზედაპირის გაწმენდა. ამ დროს კბილების უკანა ზედაპირზე გროვდება დიდი რაოდენობით ბაქტერიები;

ჯაგრისის ჰორიზონტალური მოძრაობები ვერტიკალურის ნაცვლად;

კბილების წმენდა მცირე დროში (5 წთ-ზე ნაკლები), რის გამოც წმენდის ხარისხი ქვეითდება, რჩება დიდი რაოდენობით მოუცილებელი ნადები.

კბილების წმენდის ზოგიერთი მეთოდი:

ჩარტერის მეთოდი (1922 წ.): ჯაგრისი დგება 450 კუთხით ღრძილის კიდის მიმართ. კბილთაშორისი შუალედების უკეთ გაწმენდისთვის ჯაგრისით ახორციელებენ წრიულ და ვიბრირებად მოძრაობებს. მეთოდი კარგია ღრძილების მასაჟისთვის.

სტილმანის მეთოდი (1933 წ.): ჯაგრისი დგება 45კუთხით კბილთა მწკრივის მიმართ. კბილების ენისკენა ზედაპირები იწმინდება კბილის ღერძის პარალელურად, საღეჭი – ოკლუზიური სიბრტყის პერპენდიკულარულად ჯაგრისის დაყენებით.

ბასის მეთოდი (1954წ.): ჯაგრისი დგება 450 კუთხით. საღეჭი ზედაპირი იწმინდება წინა-უკანა მოძრაობებით, შიგნითა და ლოყისკენა ზედაპირები – მსგავსად.

ფონესის მეთოდი: კბილის ჯაგრისის მოძრაობები წრიულია, კბილთა მწკრივები ერთმანეთს ეხება. კბილის სასისკენა, საღეჭი და ენისკენა ზედაპირები ასევე იწმინდება წრიული მოძრაობებით.

ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ ზონებს – ქვედა საჭრელების და ქვედა საღეჭი კბილების ენისკენა ზედაპირს. კბილის ჯაგრისის გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 2-3 თვეში ერთხელ.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.