კბილის პროთეზების მოვლის წესები. ნაწილი 1. მექანიკური გაწმენდა

კბილის პროთეზების მოვლის წესები. ნაწილი 1. მექანიკური გაწმენდა

არსებობს კბილის პროთეზების გასაწმენდი ჯაგრისები სპეციალურად შემუშავებული ფორმითა და ჯაგარის მდებარეობით.

ხელოვნურ კბილებსაც ესაჭიროება წმენდა. ორგანული ნივთიერებების იგივე ნარჩენები, რომლებიც გროვდებიან ბუნებრივ კბილებზე (მაგალითად, მიკროორგანიზმები, კბილის ნადები, კბილის ქვა, ლაქები, საკვების ნაწილაკები), ასევე თავს იყრიან ხელოვნურ კბილებზეც. ამიტომ, პაციენტმა ზედმიწევნით უნდა უნდა დაიცვას ჰიგიენა და უზრუნველყოს ხელოვნური კბილების უნაკლო სისუფთავე. ხელოვნური კბილების ეფექტურად მოვლა შესაძლებელია მხოლოდ ორი მეთოდით. პირველი – კბილის პროთეზების მექანიკური წმენდა,მეორე – მათი ქიმიური წმენდა და დეზინფექცია სპეციალური პრეპარატებით. ეს ორი მეთოდი ერთმანეთს ავსებს და ცალ-ცალკე ეფექტური არ იქნება.

მექანიკური წმენდა (კბილის ჯაგრისის გამოყენება ხელოვნური კბილების გაწმენდის დროს)

ტერმინი „მექანიკური წმენდა” გულისხმობს პროთეზების ზედაპირზე მიკრული ორგანული ნარჩენების მოცილებას. სასურველია ხელოვნური კბილები გავიწმინდოთ ყოველი ჭამის შემდეგ. კბილის პროთეზების მექანიკური გაწმენდა შეიძლება კბილის ჯაგრისით, კბილის პროთეზების სპეციალური ჯაგრისით ან ნებისმიერი სხვა ჯაგრისით, რომელიც შეაღწევს ხელოვნური კბილების ყველა ღარსა და ღრმულში. ყველაზე ეფექტურია პროთეზების სპეციალური ჯაგრისის გამოყენება. ამ ჯაგრისის ფორმა და ჯაგარის სიხისტე სპეციალურად არის შერჩეული ისე, რომ ხელოვნური კბილების წმენდა მაქსიმალურად ეფექტური იყოს. თუ თქვენ ჩვეულებრივ კბილის ჯაგრისს იყენებთ, ეს ჯაგრისი მხოლოდ ამ პროცედურისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, რადგან ჩვეულებრივ ჯაგრისზე არსებულმა კბილის პასტის ნარჩენებმა შეიძლება დააზიანოს პროთეზის ზედაპირი.

პროთეზის გაწმენდის ტექნიკა

პროთეზის გაწმენდისას უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

– პროთეზი გაწმენდამდე გაავლეთ წყალში საკვების მსხვილი ნაწილაკების მოსაცილებლად;

– პროთეზის გარეთა და შიგნითა ზედაპირები წყლით და ჯაგრისით გაწმინდეთ.

– გასაწმენდად შეიძლება პროთეზის საწმენდი მზა პასტის ან გელის გამოყენება. კბილის პასტა მიზანშეწონილი არ არის ხელოვნური კბილების გასაწმენდად. ხშირად კბილის პასტის შემადგენლობაში შედის აბრაზიული ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება ხელოვნური კბილების ზედაპირი დააზიანოს, რის გამოც ისინი მომავალში უფრო ადვილად დაზიანდება, რადგან მათზე დარჩება ლაქები და დაგროვდება ორგანული ნივთიერებების ნარჩენები.

– მექანიკური გაწმენდის შემდეგ საჭიროა პროთეზის წყალში გავლება.

– ნაწილობრივ მოსახსნელი და მთლიანად მოსახსნელი პროთეზები უნდა გაიწმინდოს საკვების ყოველი მიღების შემდეგ შიგნითა და გარეთა მხრიდან.

– ასევე აუცილებელია მთლიანად პირის ღრუს გაწმენდა. თუ თქვენ გაქვთ თქვენი კბილებიც, ისინი ჯაგრისით და კბილის ძაფით უნდა გაიწმინდოთ. თუ პაციენტს მთლიანად ხელოვნური კბილები აქვს, მან კარგად უნდა გაიწმინდოს ღრძილები და სასა. ენის გაწმენდა საჭიროა ჯაგრისით ან სპეციალური საფხეკით.

– ხელოვნურ კბილებზე მიწებებული ნებისმიერი ნივთიერება უნდა ზედმიწევნით ჩამოიწმინდოს, რათა შემდგომში არ წარმოიქმნას უფრო სქელი შრე, რომლის მოცილებაც უფრო ძნელი იქნება. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, თუ ხელოვნურ კბილებს წყლიანი ჭიქის მაგივრად მშრალ ადგილზე ინახავთ.

ხელოვნური კბილების გასაწმენდი სპეციალური ულტრაბგერითი ხელსაწყოები

ელექტრონული მიკროსკოპის დახმარებით გადაღებულმა სურათებმა გვიჩვენეს, რომ ხელოვნური კბილების ყველაზე კარგი გაწმენდის შემდეგაც კი მათ ზედაპირზე მაინც რჩება ნადები. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ პროთეზების დასამზადებელი მასალა (აკრილური პლასტმასა) საკმაოდ ფოროვანია და ამიტომ კბილების ზედაპირებზე გროვდება მიკროორგანიზმები. ამ მიზეზით, ხელოვნური კბილების გაწმენდა რეკომენდებულია როგორც მექანიკურად, ჯაგრისით, ასევე ულტრაბგერითი ხელსაწყოთიც, რაც კომბინაციაში უფრო ეფექტურია, ვიდრე პროთეზების ზედაპირის უბრალო მექანიკური გაწმენდა ჯაგრისით.

ხელოვნური კბილების გასაწმენდი ულტრაბგერითი ხელსაწყოები იყიდება სპეციალურ მაღაზიებში. პროთეზების გასაწმენდად გამოდგება ასევე საოქრომჭედლო ნივთების გასაწმენდი ულტრაბგერითი აპარატიც. ვიდრე ამ მეთოდით კბილების პროთეზის გაწმენდას დაიწყებთ, საჭიროა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები.

ხელოვნური კბილები საჭროებს ფრთხილ მოპყრობას. ისინი ადვილად ტყდება ან ფუჭდება მცირე სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაშიც კი. ჰიგიენური პროცედურების დროს გატეხვის რისკის შესამცირებლად, დაიცავით უსაფრთხოების 2 მარტივი წესი:

– კბილის პროთეზი დაიჭირეთ ოდნავ წყლით შევსებული ნიჟარის ან თასის ზემოთ;

– კბილის პროთეზი დაიჭირეთ დაკეცილი პირსახოცის ზემოთ.

ამ ღონისძიებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პროთეზის ხელიდან გავარდნის შემთხვევაში ის ჩავარდება წყალში ან დაეცემა პირსახოცზე და არ დაზიანდება.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..