მათეთრებელი კბილის პასტები: მითები და რეალობა

მათეთრებელი კბილის პასტები: მითები და რეალობა

რამდენიმე წლის წინ მათეთრებელი კბილის პასტები ფუფუნებად ითვლებოდა მაღალი ფასის გამო. ამჟამად კი მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში რეგულარულად იყენებს მათეთრებელ კბილის პასტებს. ზოგიერთი მათგანი იყიდება ჩვეულებრივ მაღაზიაში, ზოგიერთი კი მხოლოდ აფთიაქში და ყველა ბრენდი გვთავაზობს მათეთრებელი „საოცრების” რამდენიმე ვარიანტს. ეს დიდი და პერსპექტიული ბიზნესია, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის ეფექტურობის ბრწყინვალე შედეგები ჯერჯერობით არც ერთ მარკას არ აქვს.

ჩვეულებრივ კბილის პასტას მათეთრებლად აქცევს ორი ძირითადი ინგრედიენტი – მათეთრებელი აგენტი ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატი ან კარბამიდის ზეჟანგი და აბრაზიული შემადგენელი სილიციუმი (კალციუმის კარბონატი, სილიციუმის დიოქსიდი ან ორკალციუმიანი ფოსფატი). მაშინ, როდესაც ჩვენ გვჯერა მათეთრებელი ფირფიტების შემადგენლობის, „უნიკალური” მათეთრებელი ელემენტებისა და ქიმიის სხვა საოცრებების შესახებ ინფორმაციის, კბილების გათეთრების ძირითად სამუშაოს ისინი არ ასრულებენ. ეს სარეკლამო ხრიკია. არა მოტყუება, არამედ ხრიკი.

კარბამიდის ზეჟანგის მსგავს აქტიურ მათეთრებელ საშუალებებს მართლაც შეუძლიათ კბილის მინანქრის გათეთრება, მაგრამ ამისათვის საჭიროა მათი დიდი კონცენტრაცია და უფრო ხანგრძლივი შეხება მინანქართან და არა რამდენიმე წუთი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ კბილების გაწმენდაზე. ამის შესახებ რეკლამა მოკრძალებულად დუმს.

მაგრამ, მათეთრებელი კბილის პასტების თვისებები მითი არ არის. თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვისაუბრებთ არა გათეთრებაზე, როგორც ქიმიურ პროცესზე, არამედ გაწმენდაზე. „მათეთრებელი” პასტის ეფექტი პირდაპირ არის დამოკიდებული მეორე ინგრედიენტის – აბრაზივის ხარისხსა და რაოდენობაზე. წვრილი ნაწილაკები კარგად აცილებენ კბილებიდან ლაქებსა და ნადებს, აპრიალებენ მინანქარს, უბრუნებენ კბილებს ბუნებრივ (!) ფერს. თითქოს ეს არის პანაცეა – ცოტა მეტი აბრაზივი და ქათქათა ღიმილი უზრუნველყოფილია – გაყიდვების გაზრდა, დიდება, ფული… მრავალი მწარმოებელი გამოიყენებდა ამ ფორმულას, თუმცა არსებობს აბრაზიულობის გარკვეული სტანდარტები – RDA, რომლებიც გვიჩვენებენ, რომელი პროდუქტია ეფექტური და რომელი პოტენციურად საშიში.

მექანიკური გაწმენდის სხვა საშუალებების მსგავსად, აბრაზივებმაც შეიძლება დააზიანონ მინანქარი, რის გამოც კბილი დაუცველი ხდება მიკროორგანიზმებისგან. გარდა ამისა, ასეთი მინანქარი უფრო შეღწევადი ხდება მღებავი ნივთიერებებისთვის და გათათრების ნაცვლად შეიძლება ჩვენ სულ სხვა ეფექტი მივიღოთ. მაშინ სტომატოლოგის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებით.

აბრაზიულობის ყველაზე მაღალი ზღურბლი ინდექსით 200, ძირითადად, უჭირავთ მათეთრებელ პასტებს. ცოტა ქვემოთ არის ყოველდღიური პასტები 100 ნაკლები ინდექსით. ბავშვების კბილებისთვის მისაღებია პასტები 70 ნაკლები ინდექსით, მგრძნობიარე კბილებისთვის – 25 ნაკლები ინდექსით.

ზოგიერთი მარკის კბილის პასტების აბრაზიულობის დონე

Weleda Salt Toothpaste ბუნებრივი კომპონენტების საფუძველზე – 15;

Youtuel Whitening Classic – 40;

Rembrandt Original – 53;

Rembrandt Mint – 63;

Colgate Regular – 68;

Colgate Total – 70;

Colgate 2-in-1 Fresh Mint – 70;

Rembrandt აქტიური ჟანგბადი, მათეთრებელი – 70;

Colgate Sensitive Max Strength – 83;

Aquafresh Sensitive – 91;

Crest Regular – 95;

Crest Sensitivity Protection – 107;

Colgate Herbal – 110;

Aquafresh Whitening – 113;

Colgate Whitening – 124;

Crest Exstra Whitening – 130;

Crest Multicare Whitening – 144;

Pepsodent – 150;

Colgate Tartar Control – 165;

Colgate 2-in-1 Tartar Control/Whitening 82 Under the Gum or Icy Blast – 194;

PresiDENT White – 200;

იმის მიუხედავად, რომ RDA ინდექსი შეიძლება საქონლის განმსაზღვრელ მახასიათებლებს მივაკუთვნოთ, ყველა მწარმოებელი არ უთითებს მას თავისი პროდუქციის შეფუთვაზე, ხოლო ზოგიერთი საერთოდ ამ მონაცემებს კომერციულ საიდუმლოდ მიიჩნევს.

მრავალი სტომატოლოგი თვლის, რომ RDA კლასიფიკაცია თქვენი კბილების უსაფრთხოების გარანტი არ არის, ამიტომ გვირჩევენ მათეთრებელი კბილის პასტის გამოყენებას კვირაში მაქსიმუმ 1-2-ჯერ. დანარჩენ დღეებში გამოიყენეთ რბილი ფტორშეცველი კბილის პასტები, რომლებიც დამატებითი დაცვით უზრუნველყოფენ კბილის მინანქარს.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..