პაროდონტოლოგიური მკურნალობის დაგეგმვა

პაროდონტოლოგიური მკურნალობის დაგეგმვა

პაროდონტის ყველა დაავადება ვითარდება ინფექციის ზემოქმედების შედეგად, მისი წყარო კი კბილის ნადებია. პაროდონტის დაავადების ნიშნების გაჩენა მიუთითებს ორგანიზმში დაწყებულ ბრძოლაზე დაავადების გამომწვევი ბაქტერიების წინააღმდეგ. პაროდონტოლოგიური მკურნალობის ეფექტურობა დიდად არის დამოკიდებული ყურადღებით გამოკვლევაზე, ეფექტურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის გეგმის სწორად შედგენაზე.

დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები პაროდონტოლოგიის სფეროში დაბალეფექტურია და მათი საშუალებით დაავადების განვითარების სტადიის და დაავადების შემდგომი განვითარების პროგნოზის დადგენა შეუძლებელია. აქტიურად განვითარებადი იმუნოლოგიის, ბაქტერიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის სხივური დიაგნოსტიკის სფეროები დროთა განმავლობაში პაროდონტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდებს უფრო ეფექტურს და ზუსტს გახდის. ამჟამად პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მომხდარი ცვლილებების განსაზღვრა. მაგრამ, ამის მიუხედავად, დიაგნოსტიკის პროცესს სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, რადგან ამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული შემდგომი პაროდონტოლოგიური მკურნალობის ეფექტურობა.

დასაწყისში აუცილებელია პაციენტის გავუხსნათ პაროდონტოლოგიური ბარათი, სადაც დაფიქსირდება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგი, სტომატოლოგიური სტატუსის განსაზღვრის შედეგები, პაროდონტისა და თანკბილვის მდგომარეობის ანალიზით მიღებული მონაცემები. მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობის შეფასება მთლიანობაში, რადგან ნებისმიერი მეტამორფოზი პირის ღრუში შეიძლება იყოს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ლეიკემიის, ჰორმონული დარღვევების და სხვ. სიმპტომი. მიღებული ინფორმაციის მიხედვით შედგება პაროდონტოლოგიური მკურნალობის გეგმა.

შემდეგ საჭიროა ზოგადი სტომატოლოგიური გამოკვლევა. მისი ჩატარების წინ აუცილებელია მონაცემების შეგროვება,  რა სახის სტომატოლოგიური მკურნალობა ჩაიტარა პაციენტმა წარსულში და როგორი შედეგი მოჰყვა მას, ამჟამად რომელი მეთოდებით სარგებლობს პაციენტი პირის ღრუს ყოველდღიური მოვლის დროს, რამდენად არის ის ინფორმირებული კბილებისა და ღრძილების არსებული პრობლემების შესახებ.

პაციენტის ზოგადი სტომატოლოგიური გამოკვლევით გამოვლინდება:

კარიესის განვითარების ხარისხი;

მავნე ჩვევები (თამბაქოს მოხმარება, ბრუქსიზმი და ა.შ.);

პირის ღრუს რბილი ქსოვილების მდგომარეობა;

პირის ღრუში ჩატარებული რესტავრაციების რაოდენობა და ხარისხი;

რაიმე ანატომიური თავისებურებები (მაგალითად, არასწორი თანკბილვა);

კბილების მორყევის ხარისხი (ის შეიძლება იყოს ტრავმის, დამჭერი ძვლის დაკარგვის, მავნე ჩვევების, არასწორი მკურნალობის, პაროდონტის ქსოვილების ანთების და სხვ. შედეგი);

პულპის მდგომარეობა (განსაკუთრებით ძვლოვანი ქსოვილის დიდი დანაკარგისა და მნიშვნელოვანი რესტავრაციის მქონე კბილებში).

პაროდონტოლოგიური კვლევა დიაგნოსტიკის ყველაზე მთავარი ეტაპია. მან უნდა გამოავლინოს ღრძილის ფორმა და ფერი, მისი კონსისტენცია; კარიესის არსებობა; არის თუ არა ფესვის რეზორბცია; აქვს თუ არა პაციენტს პაროდონტის ქსოვილების განვითარების რაიმე დარღვევა.

დიაგნოსტიკის დასრულებისა და პროგნოზის განსაზღვრის შემდეგ, აუცილებელია მკურნალობის მკვეთრი გეგმის შედგენა. ამ დროს გასათვალისწინებელია, რომ გეგმიური პაროდონტოლოგიური მკურნალობა ხანგრძლივი უნდა იყოს და მისი მთავარი მიზანია არა დაზიანებული კბილების შენარჩუნება, არამედ ყველა კბილის კარგი მდგომარეობა მრავალი წლის განმავლობაში.

მკურნალობის ძირითადი მიზანია:

ღრძილის ჯიბეების და კბილ-ღრძილის ღარის სიღრმის შემცირება;

ძვლისა და ღრძილის საწყისი სტრუქტურის აღდგენა;

პაროდონტის ქსოვილების სათანადო მოვლის უზრუნველყოფა;

ფუნქციური ოკლუზიის შექმნა;

დაავადების გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედების შემცირება.

თუ ყველა ეს ამოცანა შესრულდება პაროდონტოლოგიური მკურნალობის შედეგად, პრაქტიკულად 100%-ით გარანტირებულია, რომ დიდი ხნის განმავლობაში პაროდონტის ქსოვილები ჯანმრთელი იქნება.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..