სტომატოლოგიური დაავადებების ადგილობრივი პროფილაქტიკის თანამედროვე საშუალებები. ნაწილი I

სტომატოლოგიური დაავადებების ადგილობრივი პროფილაქტიკის თანამედროვე საშუალებები. ნაწილი I

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ჯანმრთელი კბილების საწინდარია. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა მჭიდრო კავშირშია პირის ღრუს ჰიგიენასთან. სწორედ ინდივიდუალური მოვლის საშუალებები აგვაცილებენ პირის ღრუს სტომატოლოგიური დაავადებების რისკის ფაქტორებს. მათი კლასიფიცირება პირობითად ასე შეიძლება:

პირის ღრუს ინდივიდუალური, სახლის პირობებში გამოსაყენებელი, ინდივიდუალური მოვლის საშუალებები;

ექიმ-სტომატოლოგის მიერ კლინიკურ პირობებში გამოყენებადი საშუალებები.

 

პირის ღრუს მოვლის ინდივიდუალური საშუალებები

თანამედროვე მაღაზიები და აფთიაქები გვთავაზობენ დიდი რაოდენობით პირის ღრუს მოვლის სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც მრავალ სტომატოლოგიურ დაავადებას აგვაცილებენ თავიდან. ამიტომ, მათი არჩევა განსაკუთრებული ყურადღებით არის აუცილებელი.

ჩვენი უმთავრესი დამხმარეები არიან კბილის პასტა და ჯაგრისი. კბილის პასტები კბილის ფხვნილების სრულყოფის შედეგია. ისინი XX ს-ის 30-იან წლებში გამოჩნდა და სრულიად განდევნეს ფხვნილები. პასტების კლასიკური შემადგენლობაა: გლიცერინი, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პარფიუმერული ზეთი, სუნამო, წყალი, ასევე სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედების აქტიური ნივთიერებები.

სამკურნალო ზემოქმედების მიხედვით, კბილის პასტები არის:

ჰიგიენური (გამოიყენება კბილის ნადების მოსაცილებლად და ჯანსაღი სუნთქვისთვის);

სამკურნალო (მათ შემადგენლობაში ჩართულია კონკრეტულ პათოლოგიურ პროცესზე მოქმედი აქტიური ნივთიერებები);

სამკურნალო-პროფილაქტიკური (ადრეულ სტადიებზე აცილებენ პირის ღრუს დაავადებების განვითარების მიზეზებს, მაგალითად, ამცირებენ კბილის ქვის წარმოქმნას, დადებითად მოქმედებენ პაროდონტის ქსოვილებზე).

კბილის პასტებთან ერთად შეიძლება სპეციალური სტომატოლოგიური გელების გამოყენება ყოველ დილით კბილების გაწმენდის დროს ან გარკვეული შუალედის შემდეგ. გელები, ძირითადად, გამოიყენება შესაზელად ან აპლიკაციების სახით. ფტორიდების მაღალი კონცენტრაციის მქონე გელები გამოიყენება კბილების მყარი ქსოვილების აქტიური რემინერალიზაციისთვის. არსებობს ასევე სტომატოლოგიური გელები, რომლებიც გამოიყენება ღრძილებიდან სისხლდენის დროს.

კბილის ჯაგრისებიც თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მაგალითად, ღრძილების დაავადებების მქონე ადამიანებს სჭირდებათ რბილი ან საშუალო სიხისტის მქონე ჯაგრისი. ჯაგარის ტიპის მიხედვით არსებობს: ბუნებრივი,სინთეზური მიკროტექსტურის და სინთეზური გლუვი ჯაგარის მქონე ჯაგრისები.

არსებობს სპეციალური ჯაგრისები ბავშვების, მოზარდებისა და დიდებისთვის. ისინი განსხვავდებიან სამუშაო ზედაპირის ზომით.

პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის დროს არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია ენის გაწმენდაც ნადებისგან. არსებობს მრავალი საფხეკი ენის ზედაპირის გასაწმენდად. საფხეკი გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან, სტომატიტისგან, ტონზილიტისა და ჰაიმორიტისგან. ხშირად ენის საწმენდებთან ერთად, რეკომენდებულია სპეციალური სტომატოლოგიური სავლებებისა და ელექსირების გამოყენება.

პირის ღრუს გასაწმენდი თანამედროვე საშუალება – ირიგატორი (ჰიდრომასაჟორი) სახლის პირობებში ეფექტურად წმენდს კბილთაშორის სივრცეებს საკვების ნარჩენებისგან. ამავდროულად მასაჟს უკეთებს ღრძილს და აუმჯობესებს მათში სისხლის მიმოქცევას. არის ჰიგიენის ყველაზე ეფექტური საშუალება ორთოდონტიული, ორთოპედიული მკურნალობისა და იმპლანტაციის დროს.

კბილთაშორისი შუალედების გაწმენდის უფრო მარტივი, მაგრამ არანაკლებ ეფექტური საშუალებებია კბილის ძაფები და ფუნჯები.

როდესაც თქვენ ხელთ არ გაქვთ კბილის ჯაგრისი, ჭამის შემდეგ რეკომენდებულია უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება. ის დადებითად მოქმედებს ნერწყვის თვისებებზე, მექანიკურად წმენდს პირის ღრუს, ზრდის ნერწყვის გამოყოფას (ნერწყვს აქვს დამცველობითი მოქმედება, ანეიტრალებს მავნე მჟავებს).

დასასრულს, უნდა აღვნიშნოთ, რომ კბილების დაავადებების დამოუკიდებელი პროფილაქტიკის გარდა, აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი, რომელიც პროფესიონალურად და კლინიკური სიტუაციის საფუძველზე შეგირჩევთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და გასწავლით პირის ღრუს ჰიგიენურ მოვლას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ჰიგიენური აღზრდა, მიაჩვიეთ ისინი ბავშვობიდანვე გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. გახსოვდეთ, სჯობს თავიდან აიცილოთ დაავადება, ვიდრე უმკურნალოთ მას.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..