ღრძილების ფორმის გასწორება

ღრძილების ფორმის გასწორება

ბევრი თვლის, რომ ლამაზი ღიმილისთვის საკმარისია თეთრი კბილები და სწორი თანკბილვა. ამ დროს ნაკლებად თუ აქცევენ ყურადღებას ღრძილის კონტურს. მაგალითად, ე.წ. „ზვიგენის ღიმილის” დროს ღრძილი ეშვება კბილების დიდ ნაწილზე და ფარავს მათ, რის გამოც კბილები ძალიან პატარა ჩანს. გამოდის, რომ კბილები ჯანმრთელია, თანკბილვაც კარგია, თუმცა პაციენტს ერიდება ფართოდ ღიმილი და თვლის, რომ მისი ღიმილი იდეალური არ არის.

ამიტომ, უნდა გახსოვდეთ, რომ ღიმილისთვის სასურველი იერსახის მინიჭებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს ღრძილის გარეგანი ნაკლის შესწორება. ასეთ შემთხვევებში სტომატოლოგები გვირჩევენ გინგივოპლასტიკას, პაროდონტის ქსოვილების სტრუქტურული და ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ხშირად გინგივოპლასტიკა გამოიყენება ასავე პაროდონტიტის დროს, როდესაც დაავადების გამო უკვე შეუძლებელია პაროდონტული ჯიბეების აღდგენა.

გინგივოპლასტიკა შეიძლება საჭირო გახდეს ღრძილის რეცესიის (ღრძილის მოცულობის შემცირების) გამო, რაც ძირითადად ტრავმებისა და დაზიანებების შედეგია კბილების მკურნალობის პროცესში, ასევე კბილების პროთეზირებაში დაშვებული შეცდომების დროს. შედარებით იშვიათია ღრძილის კორექცია, როდესაც ის მოცულობაში იმატებს ჰორმონული დარღვევების ან მემკვიდრეობითობის გამო.

გინგივოპლასტიკის პროცედურა

გინგივოპლასტიკას წინ უძღვის გაუტკივარება. განაკვეთის ადგილს ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით. ექიმი კვეთს ღრძილს და ქმნის ნაფლეთებს, რომლებიც შემდეგ თავსდება საჭირო ადგილზე და ფიქსირდება ნაკერებით. არსებითად, სტომატოლოგი მოაჭრის „ზედმეტს” და აკერებს იქ, სადაც ქსოვილების დეფიციტია. ღრძილის ნაფლეთების აშრევებასთან ერთად, ხდება ღრძილების კიურეტაჟი – ღრძილთაშორისი ჯიბეების გაწმენდის პროცედურა. გარდა ამისა, ექიმი დამატებით წმენდს კბილის ფესვების ზედაპირულ ნაწილს. აუცილებლობის შემთხვევაში ასევე ტარდება ძვლოვანი ქსოვილის გადანერგვის ან აღდგენის სხვა პროცედურები.

გინგივოპლასტიკის შემდეგ

ოპერაციის შემდეგ პაციენტის მთავარი ამოცანაა არ გაეხსნას ნაკერები ღრძილებზე. პროცედურის ჩატარების შემდეგ უარი უნდა თქვათ მაგარ საკვებზე – თხილზე, ორცხობილაზე, უმ ხილ-ბოსტნეულზე. საკვები უნდა იყოს ძალიან რბილი, რათა არ დაზიანდეს ნაოპერაციები მიდამო. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს თბილი საკვები და უნდა მოერიდოს ძალიან ცხელ და ძალიან ცივ პროდუქტებს. ოპერაციის შემდეგ არ შეიძლება ასევე ფიზიკური დატვირთვებიც, ისევ იმ მიზეზით, რომ ნაკერები არ გაიხსნას. მწეველებმა ცოტა ხნით აუცილებლად უნდა შეწყვიტონ მოწევა გინგივოპლასტიკამდე და მის შემდეგ, რადგან თამბაქოს კვამლმაც შეიძლება გამოიწვიოს ტრავმირებული ქოვილების ანთება.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.