„ღრძილის ღიმილის“ კორექცია

„ღრძილის ღიმილის“ კორექცია

„ჰოლივუდის ღიმილზე” მრავალი ოცნებობს, მაგრამ ცოტა ვინმე თუ დაიკვეხნის ამ ღიმილით. ზოგს არ მოსწონს კბილების ფორმა ან ზომა – არაესთეტიკურად ჩანს როგორც ძალიან დიდი, ასევე ძალიან პატარა კბილები. ზოგი უკმაყოფილოა კბილების ფერით – გათეთრების ყველაზე თანამედროვე პროცედურების ეფექტიც კი ხანმოკლეა, ზოგს კი ულამაზოდ მიაჩნია კბილებს შორის ფართო ნაპრალი, ე.წ. დიასთემა.

ასევე მრავალს არ მოსწონს „ღრძილის ღიმილი”, რომელიც აღინიშნება დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10-15%-ში. მისი ნიშანია ზედა ყბის ზედმეტად გაშიშვლებული ღრძილი ღიმილის დროს. თუ ღიმილისას შიშვლდება ღრძილის 2 მმ-ზე მეტი, ამას უკვე უარყოფითი ესთეტიკური ეფექტი აქვს. ღიმილის ასეთი ტიპი პირის ღრუს ან კბილების დაავადებების შედეგი არ არის, პრობლემა მხოლოდ ესთეტიკურია. სტომატოლოგები ამტკიცებენ, რომ ღრძილის ზედმეტად გამოჩენის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი, რომელთა უმრავლესობაც ქირურგიული ჩარევის მიზეზი ხდება.

„ღრძილის ღიმილის” ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ძალიან მოკლე ზედა ტუჩი სახის ზოგად პარამეტრებთან (სახის ოვალის, ტუჩების და ცენტრალური საჭრელების სიგრძე) შედარებით. ამ სიტუაციაში სტომატოლოგი უძლურია, უნდა მიმართოთ პლასტიკურ ქირურგს. ზედა ტუჩის სიგრძე აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ფრონტალური კბილების მკურნალობის დაგეგმვის დროს – არასწორი ჩარევის შემთხვევაში შეიძლება ღრძილის ვიზუალიზაცია გაძლიერდეს და ის უფრო მეტად გამოჩნდეს ღიმილის დროს.

ზოგჯერ „ღრძილის ღიმილი” ჩნდება ზედა ყბაზე ძალიან მოკლე ცენტრალური საჭრელების გამო. მათი სიმაღლე ნორმაში სულ მცირე 8 მმ-ია. პატარა საჭრელების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც კბილების საჭრელი კიდის გაძლიერებული ცვეთა, ასევე ღრძილით მათი ზედმეტად გადაფარვა. ამ მოვლენას ღრძილის ჰიპერპლაზიაეწოდება. ჰიპერპლაზია, ძირითადად, აღინიშნება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში, რადგან ღრძილის კიდის სიმაღლე საბოლოოდ ყალიბდება დაახლოებით 11-12 წლის ასაკისთვის, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს განიცდის ადამიანის ზრდის დასრულებამდე.

არაესთეტიკურად მოჩანს ასევე ზედმეტად გრძელი ზედა ყბის ფრონტალური ჯგუფის კბილები. კბილების სწორი პოზიცია მიიღწევა ორთოდონტიული კონსტრუქციით ან ქირურგიული მეთოდებით.

“ღრძილის ღიმილის” ყველა შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მკურნალობის გეგმა მუშავდება დიაგნოზის ზუსტი დასმის შემდეგ და მოიცავს ღრძილის ფორმის ქირურგიულ კორექციაც, ზოგჯერ კი, რთულ შემთხვევებში –  ორთოდონტიულ კორექციას და ყბა-სახის ქირურგიას. საჭირო არის თუ არა ღრძილის ფორმის გასწორება, რაც ზოგჯერ უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობასა და ღეჭვის პროცესზე, პაციენტის გადასაწყვეტია.

კბილების ფორმა 

აღსანიშნავია, რომ არსებობს კბილის ფორმების გარკვეული მოდა. პაციენტთა უმრავლესობა, განსაკუთრებით კი ქალები, კბილების რესტავრაციის დროს ირჩევს ოვალური ფორმის კბილებს.

ესთეტიკური სტომატოლოგია პირდაპირ კავშირშია მოდურ ტენდენციებთან. მაგალითად, ვინირების დაყენების დროს სილამაზის თანამედროვე სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ. ალბათ, ამიტომ ვინირების უმრავლესობას ოვალურს ამზადებენ.

სამკუთხა კბილებზე კი მოთხოვნა არ არის, რადგან ისინი მიმზიდველად არ ითვლება. სამკუთხა ფორმის კბილებს შორის რჩება ცარიელი სივრცეები კბილის ყელის მიდამოსთან (ღრძილთან), რომლებიც ხშირად “შავი ხვრელების” შთაბეჭდილებას ტოვებს.

სახისა და კბილების ფორმა

სახისა და კბილების ფორმას შორის ურთიერთკავშირის ერთ-ერთი თეორია წამოაყენაWilliams-მა. ამ ჰიპოთეზას აქტიურად იყენებენ ორთოპედები. ესთეტიკური სტომატოლოგიის თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ კბილების ფორმა სახის ფორმასთან ჰარმონიაში იყოს. ორთოპედიული მკურნალობის დროს ექიმმა ორიენტაცია უნდა აიღოს მეზობელ კბილებზე. თუ ისინი არ არის, ანტაგონისტ (მოპირდაპირე კბილთა მწკრივში მდგომ) კბილებზე.

რაიმე მიზეზით კბილების დაკარგვის დროს ან უხარისხო მკურნალობის ჩატარების შემდეგ ძნელია კბილის ბუნებრივი ფორმის განსაზღვრა. ამ შემთხვევაში კბილის ფორმის აღდგენაში ექიმს დაეხმარება პაციენტის ძველი ფოტოები ან ყბების თაბაშირის მოდელები, თუ ასეთები არსებობს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..